„ჩვენი ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება“, - ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტების კრიტიკას, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის განცხადების საპასუხოდ. როგორც ცნობილია, გიორგიკვირკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას განაცხადა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა.
ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა მაქსიმალურად შეეცდება, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურიკუთხით.
გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადების შემდეგ, ოპონენტებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ თუკი მთავრობა საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ცვლილებას გეგმავს, მაშინ ამის შესახებ განცხადება ღიად უნდა გააკეთოს. ოპონენტებს დამშვიდებისკენ მოუწოდა თავად განცხადების ავტორმა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, ეს მისი პრობლემა არ არის.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთთან მშვიდობიანი დიალოგისა და პრაგმატული პოლიტიკის ალტერნატივას ვერ ხედავს. ირაკლი ღარიბაშვილის ამბობს, რომ ეს პოლიტიკა ზრდის საქართველოს სტაბილურობას, რის გამოც ხელისუფლებამ რუსეთთან ეს დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს.
მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებთან როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან და სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს. პრემიერის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ერთობლივ ენერგოპროექტებზე, რომლებსაც ქვეყანა აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. ამით ხელი შევუწყვეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ,ზოგადად ხელისუფლებამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიუხედავად პრობლემებისა, ქვეყანა კვლავ გააგრძელებს რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,დიდი ყურადღება დაეთმობა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან. ამ მხრივ კი, გაგრძელდება სტარტეგიული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი. უმთავრესი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
ძალისხმევა მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდაზე,რათა ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს. გავაგრძელებთ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, გავააქტიურებთ დიპლომატიური ურთიერთობების გამყარების პროცესს შორეულ ქვეყნებთან, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან მივიტანოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალისხმევას არ დაიშურებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. გიორგი კვირიკაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ უცვლელი რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ვინაიდიან ისინი განსაზღვრულია არა რომელიმე მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნებით.
ოპონენტებს მე-3კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ყიდვას ურჩევს, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში,ზურაბ აბაშიძე, რომლის განცხადებით, ევრაზიულ კონტინენტს და ევრაზიულ კავშირს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.
„თუ ჩვენმა რომელმა ოპონენტმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა გიორგი კვირიკაშვილი, აუცილებლად უნდა იყოს მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო. იქ ძალიან კარგად არის დახატული რას წარმოადგენს ევრაზიული კონტინენტი. ისე, წინდაწინ გავამხელ საიდუმლოს, ევრაზიული კონტინენტი შედგება ევროპისგან და აზიისგან. ევრაზიულიკონტინენტი არის ერთი რამ, ევრაზიულ კონტინენტზე არის უამრავი საერთაშირისო, რეგიონალური თუ სხვა სახის ორგანიზაცია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განცხადებით, შარშან გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით. აბაშიძე დარწმუნებულია, რომ მომავალში ქვეყანას სერიოზული პროგრესი ექნება ვიზალიბერალიზაციის კუთხით.
„ამავე დროს ვცდილობთ, რომ ზედმეტ კონფრონტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან, გავაგრძელოთ დიალოგი და რა საკითხების მოგვარებაც შეიძლება, მოვაგვაროთ. ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე თვლის, თუკი რუსეთი გადახედავს თავის ამჟამინდელ პოლიტიკას და უფრო ცივილიურად და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად იმოქმედებს, თუნდაც მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, ასეთ შემთხვევაში, ევროპული ინტეგრაციის პარალელურად სავსებით შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობა.
„დღეს, რუსეთს საბჭოთა სივრცე თავისი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მიაჩნია. ვიდრე რუსეთი არ შეცვლის თავის პოზიციებს ამ საკითხთან მიმართებაში, ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომ თუკი საქართველო მოახდენს თავისი ევროატლანტიკური სწრაფვის ინტენსიფიკაციას რაღაც ეტაპზე, ამას შესაძლებელია რუსეთისგან მოჰყვეს დესტრუქციული ქმედებები. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ისევ და ისევ ყველაფერი დაკავშირებულია თავად რუსეთის პოლიტიკური ელიტის პოზიციასთან, რომელიც ცივილური თამაშის წესებს არ იღებს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ამ გზის გავლა საკმაოდ რთული იქნება.
„შეიძლება საზოგადოებაშიც გამოჩნდნენ გარკვეული ჯგუფები და ძალები, რომლებამც ხელისუფლებას მოსთხოვონ საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვა. ასე რომ, საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწევს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში. ვიდრე ამ კუთხით სიტუაცია არ დალაგდება, წინ ბევრი სირთულე გველოდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მინისტრის განცხადება, რომ პრიორიტეტები იქნება როგორც ევროპასთან, ასევე ნატო-ში ინტეგრაცია. როგორც მუჩაიძე აცხადებს, ახლა მნიშვნელოვანია ეს პრაქტიკაშიც განხორციელდეს.
„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას, 200-წლიანი „მჭიდრო ურთიერთობის“ განმავლობაში საკმარისი გაკვეთილები მივიღეთ, რომ ჩვენი ორმხრივი პრობლემები და მითუმეტეს, ასეთი კარდინალური, როგორიც არის ქვეყნის ოკუპაცია, მუდმივი აგრესიული ქმედებები, არ უნდა დავტოვოთ მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატში. მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს პრესპექტივა პრობლემების გადაწყვეტას, თუ ჩვენ ამ საკითხებს გავიტანთ საერთაშორისო არენაზე.
გასაგებია, რომ რაღაც კონტაქტები რუსეთთან უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ დათმობის პოლიტიკა რაღაცას მოგვიტანს. ძალიან მტკიცე და პრინციპულები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით. აუცილებლად საერთაშორისო არენაზე უნდა წამოვწიოთ დეოკუპაციის საკითხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.
ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საკამოდ რთულ რეგიონში ვართ, შესაბამისად, ბალანსირების პოლიტიკა საბოლოო ჯამში ყოველთვის მარცხით სრულდება, რადგან საბოლოო ჯამში, ყველას უხდება არჩევანის გაკეთება.
„იდეალურ ვარიანტში ბალანსირების პოლიტიკისთვის საჭიროა მაქსიმალურად დაუახლოვდეთ და ურთიერთობები გავაღრმავოთ ევროპასა და აშშ-სთან, ამავე დროს საჯაროდ არ ვლანძღოთ რუსეთი. არ გავწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელსაც რაღაც სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის, მაგრამ ამავე დროს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროპის ბაზრების ათვისებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არ გავაძლიეროთ რუსული გავლენები საქართველოში, სამწუხაროდ, რუსული გავლენა გაიზარდა და ეს არის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.