„მარგველაშვილის პრეზიდენტად წარდგენა შეცდომა არ იყო? - ან თავის დროზე, ქადაგიძე პოსტიდან რომ არ გაუშვა“...

„მარგველაშვილის პრეზიდენტად წარდგენა შეცდომა არ იყო? - ან თავის დროზე, ქადაგიძე პოსტიდან რომ არ გაუშვა“...

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ღიად უპირისპირდება და ფიქრობს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა თანამდებობა უნდა დატოვოს.  

კანონმდებელი  მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი პრინციპულად იმ პროგრამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლითაც ის პოსტზე მოვიდა. დეპუტატი პრეზიდენტის გუნდად „თავისუფლების ინსტიტუტს“ და მასთან დაკავშირებულ  „ნაციონალების ნასხლეტებს“ მოიაზრებს.  

რა შეცდომები დაუშვა ყოფილმა პრემიერმა, ვის ჰყავს „დაჭერილი“ კომპრომატებით გიორგი ქადაგიძე და პოსტიდან თუ რატომ უნდა წავიდეს პრეზიდენტი, ამას თამაზ მეჭიაურთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო უწყება ჩაიბარა, მისი პოსტი კი, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებით, რა გზავნილი გაკეთდა? 

-ალბათ, ამ კითხვით პრემიერს უნდა მიმართოთ. კვირიკაშვილი საკმაოდ გამოცდილი პიროვნებაა, რომელსაც საჯარო სამსახურშიც უმუშავია და კერძო სექტორშიც. კვირიკაშვილისთვის საგარეო უწყებაში ადაპტაცია ძნელი არ იქნება. ქუმსიშვილიც გამოცდილი პიროვნებაა, რომლის „ახალი სისხლი“ ეკონომიკის სამინისტროს გააძლიერებს.

კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი სამი წლის მანძილზე იყო და ქართულ ეკონომიკას რა შესძინა?

-კვირიკაშვილმა კონკრეტულად ეკონომიკას რა შესძინა, დეტალურად ვერ მოგიყვებით, მაგრამ წარმატებით გაართვა თავი ყველა იმ მოვალეობას, რაც ეკისრებოდა. მისი საქმიანობის ბოლო პერიოდი მსოფლიო კრიზისს დაემთხვა, რამაც  ქართულ ეკონომიკაზეც მოახდინა გავლენა.

პრობლემების კვირიკაშვილზე გადაბრალება სწორი არ იქნება. მეზობელ სახელმწიფოებში ეკონომიკური ზრდის კლებაა, საქართველოში კი, სამპროცენტიანი ზრდის პროგნოზი შენარჩუნებულია. რომ არა კვირიკაშვილის ფაქტორი, შესაძლოა, მსოფლიო კრიზისი საქართველოზე უფრო მეტად ასახულიყო.

ანუ,  თვლით, რომ კვირიკაშვილი წარმატებული მინისტრი იყო?

-იმ ფონზე იყო წარმატებული, რომელშიც საქმიანობა მოუხდა.

შეგიძლიათ გვითხრათ, კვირიკაშვილმა ქვეყანაში რა რაოდენობის ინვესტიციები მოიზიდა?

-ამ საკითხს მოვიკვლევ, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვა-არმოზიდვა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის არც დამსახურებაა და არც ბრალეულობა. უამრავი სხვა ფაქტორია, რომელიც ინვესტიციების რაოდენობას განსაზღვრავს. ამ წლებში, შესაძლოა, კვირიკაშვილის მიერ უფრო მეტად შესრულებული შავი სამუშაოა, რომელმაც შედეგი მომავალში უნდა გამოიღოს. იგივე EBRD-ის ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი კვირიკაშვილიც იყო.

დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა, ვისი პასუხისმგებლობაა?

-ამ საკითხზე ჩემი ხედვა მაქვს, რომელიც შესაძლოა, მმართველი გუნდის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავდება.

კერძოდ, რა ხედვა გაქვთ?

-ლარის გაუფასურებაში უფრო დიდ ბრალეულობას ეროვნული ბანკის საქმიანობაში ვხედავ.

კონკრეტულად, რას გულისხმობთ? ეროვნული ბანკის დანაშაული რა არის?

-თუნდაც, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი აიღეთ. ამ ცვლილებებზე ხელჩართული ბრძოლა გვიწევს. ამ პროექტით ეროვნული ბანკის ფუნქციიდან საბანკო ზედამხედველობა გამოდის, თუმცა, ეროვნულ ბანკს საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა არ ეზღუდება. ამ კანონით, გამჭვირვალობის ხარისხი იზრდება და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება აღარ მოხდება. სერიოზული ეჭვის საფუძველს ბადებს ის ფაქტი, რომ ამ კანონს ასეთ წინააღმდეგობას უწვენ.

ლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის ბრალეულობა, რაში იკვეთება? ოპოზიცია ამბობს, რომ ეკონომიკას ექსპორტიდან 400-მილიონიანი დანაკლისი აქვს და ასევე 200 მილიონითაა შემცირებული ფულადი გზავნილები. ეროვნულმა ბანკმა, 600-მილიონიანი დანაკლისი რითი უნდა შეავსოს?

-საქმე არც მთლად ასეა. ექსპორტსა და იმპორტს შორის ბალანსი ლარის საწინააღმდეგოდ არ დარღვეულა. ერთი მხრივ, ექსპორტი 200 მილიონით შემცირდა, იმპორტი კი - 300 მილიონით. ანუ, ქვეყნიდან ნაკლები დოლარი გაედინება, ვიდრე შემოდის. ლარის კურსზე დადებითი ზეგავლენა საქართველოში  ჩატარებულ სპორტის საერთაშორისო თამაშებსაც უნდა მოეხდინა.

თქვენ პროგნოზირებდით, რომ „თბილისი 2015“-ის თამაშებით, უეფა-ს თასის შეხვედრის მასპინძლობით და ტურიზმიდან მიღებული თანხებით ლარის კურსი გამყარდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ლარი 2, 41 ნუშნულამდე დაეცა.  რატომ?

-საკითხავი სწორედ ესაა. ვინმეს მიმართ პირდაპირი ბრალდებების წაყენებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების ადეკვატურობაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. არავინ ამბობს იმას, რომ პარლამენტმა ყველა ტრანზაქცია უნდა აკონტროლოს.

თუკი ქადაგიძის ბრალეულობა იკვეთება, ამ თემაზე მხოლოდ თქვენ რატომ საუბრობთ? მმართველი გუნდიდან ამას მხოლოდ თქვენ ამჩნევთ?

-ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ხმაურით ქადაგიძე უფრო არ გაღიზიანდეს და უფრო ცუდი შედეგი არ დადგესო. ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ.  ჩვენი გუნდი ვეტოს დაძლევასა და ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას მხარს უჭერს, რადგან ეს ეროვნული ბანკის საქმიანობას უფრო გამჭირვალეს გახდის.

როგორც ჩანს, სათქმელს მე უფრო მკვეთრად გამოვხატავ და ალბათ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ დიპლომატია უფრო სჯობს. ზოგს შეიძლება ჰგონია, რომ ქადაგიძეს რაც უფრო ტკბილად დაელაპარაკებიან, უფრო კარგი იქნება.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის ავტორი თქვენ ხართ, თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში ვარაუდობენ, რომ ამ ცვლილებების იდეა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეს ეჭვი იმიტომ ხომ არ გაჩნდა, რომ თქვენ ივანიშვილის კურსელი ხართ?

-როგორც ვიცი, ამ იდეას ივანიშვილი მხარს უჭერდა. ივანიშვილი კურსელობით, ჯგუფელობით, ნათესაობითა და ძმაკაცობით სიტუაციას არ მართავს. მას თავისი პრინციპები აქვს და თუკი ის ამა თუ იმ საკითხის აუცილებლობაში არ დაარწმუნეთ, ის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, - შეიძლება, რჩევა ჰკითხოთ და პასუხს მიიღებთ.

მის წინაშე ვალში ვართ. არჩევნები რამდენჯერმე მოვიგე და მიუხედავად იმისა, რომ არავისზე ნაკლები რეიტინგი არ მქონდა, ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე იმ ხმების დაცვა შეუძლებელი იქნებოდა, რითაც პარლამენტში მოვხვდით. მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდიოდა. შეცდომებს ისიც უშვებს.

ვინ უშვებს შეცდომებს - ივანიშვილი?

-ბიძინაც უშვებს და სხვებიც.

მან რა შეცდომა დაუშვა?

-მარგველაშვილის პრეზიდენტად წარდგენა, შეცდომა არ იყო? ჩემი აზრით, ივანიშვილი შეცდა. თუნდაც, ისიც შეცდომა იყო, რომ მან თავის დროზე, ქადაგიძე პოსტიდან არ გაუშვა. უშეცდომო არავინ არის.

არც ივანიშვილი?

-რა თქმა უნდა, არც ივანიშვილი. ქვეყნის წინაშე და ჩვენი გუნდის მიმართ მისი დამსახურება იმდენად დიდია, რომ პატარ-პატარა შეცდომები უმნიშვნელო ხდება.

ივანიშვილმა პოლიტიკაში ყოფნის დროს, სხვა კიდევ რა შეცდომები დაუშვა?

-ამ ორი შეცდომის შემდეგ, მეტი რა გინდათ? თქვენ იცით, მარგველაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი და აბაშაში როგორც მის წარმომადგენელს, გულზე ეს წითელი ბარათიც მეკიდა.

ანუ, თქვენც შეცდით?

-რა თქმა უნდა, შევცდი.

მარგველაშვილს რას უწუნებთ, რას აფუჭებს?

-ამ კაცს ნდობა გამოუცხადა არა ქვეყნის მოსახლეობამ, არამედ ერთმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილმა. მისი თხოვნით საარჩევნო კამპანიაში ჩავერთეთ და მის გამარჯვებაში ცოტა-ცოტა წვლილი ჩვენც შევიტანეთ. ადამიანს ვალდებულებების გრძნობა უნდა გააჩნდეს.

რა ვალდებულებებს გულისხმობთ? მას საკუთარი ამომრჩევლის გარდა, ვის წინაშე აქვს აღებული ვალდებულებები?

-მე ვალდებულებების გრძნობა მაქვს.  რომ არა ივანიშვილი, პარლამენტის წევრი ვერ ვიქნებოდი. ივანიშვილთან პრინციპულ საკითხებში წინააღმდეგობაში რომ მოვიდე, როგორ მოვიქცევი, ამას გეტყვით. ავდგები და რაც მისგან მიღებული მაქვს, მას დავუბრუნებ.

ანუ, დეპუტატის მანდატს დატოვებთ?

-დიახ.

თქვენ ფიქრობთ, რომ რადგან მარგველაშვილს ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა აღარ აქვს, მან პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს?

-მარგველაშვილი პრინციპულად იმ პროგრამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომლითაც ის თანამდებობაზე მოვიდა,  რომელიც მას პარტიაში დაუწერეს და რომელ პლატფორმასაც იზიარებდა. როგორც კი პრეზიდენტი გახდა, პოზიციები რადიკალურად შეცვალა, - ცალკე თამაში დაიწყო, თავის გუნდთან კონსულტაციის დონეზეც კი აღარ ურთიერთობდა და პრეზიდენტობა იმ ხალხის გარეშე მოითხოვა, რომელთა წყალობითაც პრეზიდენტი გახდა.

თქვენ ითხოვთ, რომ მარგველაშვილი თანამდებობიდან გადადგეს?

-ამას არ ვიძახი, ეს მისი გადასაწყვეტია. თუკი ჩემთვის იმ ხალხთან ურთიერთობა მიუღებელი იქნებოდა, ვინც პოსტზე მომიყვანა, მის ადგილას, პოსტიდან გადავდგებოდი. მე ამის ვაჟკაცობა მეყოფოდა. შემდეგ, არჩევნები დაინიშნებოდა და თუ გავიმარჯვებდი პატიოსნად, მოსახლეობას ვეტყოდი, რომ იმის გამო გადავდექი მათი პროგრამა ჩემთვის მიუღებელი იყო-თქო. თუ არჩევნებს მოვიგებდი, ღირსეული პრეზიდენტი ვიქნებოდი, თუ წავაგებდი, ღირსეულ პოლიტიკოსად დავრჩებოდი.

ახლა, მარგველაშვილი ღირსეული პოლიტიკოსია, თუ ღირსეული პრეზიდენტი?

-არცერთი. თუნდაც, ეს კანონი აიღეთ. ცვლილებების განხილვა დაწყებული არ გვქონდა, რომ მარგველაშვილი არასამთავროებს შეხვდა და არწაკითხულ კანონზე თქვა, რომ ვეტოს დაადებდა. თანაგუნდელები ასე იქცევიან? ძმაკაცების მანქანით და ჩემი ბენზინით სოფელ-სოფელ დავწანწალებდი, რომ მარგველაშვილს არჩევნები მოეგო. მას ჩემთვის ერთი მადლობაც არ შემოუთვლია - კანონპროექტზე არ უნდა მკითხოს, ეს რა ინიციატივა არისო?!

გასაგებია, რომ თქვენ პრეზიდენტზე გული გწყდებათ, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ პიროვნული ურთიერთობები პოლიტიკისგან უნდა გამიჯნოთ?

-მარგველაშვილმა თავისი ჭკუით გამოგვიყენა და ვინც რეალურად მისი გუნდი იყო, იქ ის მიიყვანა.

ვინ არის მისი გუნდი?

-თავისუფლების ინსტიტუტი და მათთან დაკავშირებული ნაციონალების ნასხლეტები.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს რომ დავუბრუნდეთ, თქვენ ამ ცვლილებების იდეა ივანიშვილმა მოგაწოდათ? 

-რა თქმა უნდა, შეთანხმებული მქონდა. სხვადასხვა დონეზე კონსულტაციები იყო. პარლამენტში ამ კანონპროექტის გატანას მხოლოდ მე და ნოდარ ებანოიძე ვერ მოვახერხებდით, თუკი პოლიტიკური მხარდაჭერა არ იქნებოდა. კონსულტაციები მთავრობასთან გავიარეთ და არ გამოვრიცხავთ, რომ მათაც კონსულტაცია ჰქონოდათ. თუკი ივანიშვილისთვის ცვლილებები მისაღები არ იყო, არ მოერიდებოდა და გვეტყოდა. ეს ისეთი უბრალო საკითხი არ არის, რომელიც შეიძლებოდა, მხოლოდ ჩვენ ორს მოგვემზადებინა. ცვლილებების მომზადებაში პარლამენტის აპარატი, ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლებიც გვეხმარებოდნენ. ფაქტობრივად, ის ვერსიაა გამოყენებული, რომელიც თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიტანა. იმ კანონპროექტის კორექტირება საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებების საფუძველზე მოხდა.  

ანუ, თქვენ თქვენი კანონპროექტის მომზადების დედნად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული კანონი აიღეთ, რომლითაც მათ ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საზედამხედველო ფუნქცია 2008 წელს გამოიტანეს, მოგვიანებით კი, უკან დააბრუნეს?

-მათი კანონიც ვნახეთ. ამ ცვლილებების მომზადების მიზეზი მაშინ დავინახე, როცა ის შევისწავლეთ; ნათელი იყო, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი როგორ მოქმედებდა. ნაციონალების დროს ქადაგიძის მიზანი ლარის კურსის სტაბილურობა იმიტომ იყო, რომ მის გუნდს პრობლემები არ შექმნოდა. 2012 წლის შემდეგ კი, მისი ქმედებები აბსოლუტურად განსხვავებულია. თუკი ადრე მისი მიზანი სტაბილურობა იყო, ამჟამად, მისი ამოცანა, პროცესების ცუდად წარმოჩენა გახდა, რათა ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს? თუკი ეს ასეა, ქადაგიძე ამ რისკზე რატომ მიდის?

-მგონია, რომ ის მათ რაღაცით „დაჭერილი“ ჰყავთ და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. არ მგონია, რომ ის ფანატი იყოს. როგორც ჩანს, ის რაღაც კომპრომატებით „დაჭერილი“ ჰყავთ.

წინა ხელისუფლებას ქადაგიძის წინააღმდეგ რა კომპრომატები უნდა ჰქონდეს?

-შეიძლება, რაღაც საერთო ინტერესი ჰქონდეთ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაძლოა, ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახდეს, რომლის თაობაზეც პოლიტიკურ კულურებში საუბრობენ?

-ეს ძალიან მეეჭვება, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გახდე, ჯერ, საბჭოს წევრი უნდა იყო, შემდეგ საბჭო ერთ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც საბოლოო ჯამში, კანდიდატს პოსტზე ამტკიცებს. მეეჭვება, რომ მარგველაშვილმა ჯავახიშვილის კანდიდატურა წარადგინოს.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვინც მოუნდება, ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან მარგველაშვილი მას არ აირჩევს?

-ამას ვფიქრობ და ვიცი, რომ მარგველაშვილი მას არ წარადგენს. ეროვნული ბანკი განწირულია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მარგველაშვილის ინტერესების გამტარებელი იყოს.

თუკი ეროვნული ბანკის მმართველი ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, თქვენ  - ხელისუფლება ამ ქვეყანაში რას წყვეტთ?

-საბანკო ზედამხედველობის სააგენტო კომერციული ბანკების საქმიანობას გააკონტროლებს და პრობლემებიც ამით მოგვარდება.