ნაციონალების მიერ დაგეგმილი საპროცედურო ომით განაწყენებული ზურაბ ტყემალაძე პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში, გიორგი აბაშიშვილს უპირისპირდება და მას უმცირესობასთან „შეკრულობაში“ ადანაშაულებს, ვეტოთი გაღიზიანებული თამაზ მეჭიაური კი, ქვეყნის პირველ პირს პარლამენტის ტრიბუნიდან შეურაცხჰყოფს.
საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობა კონსტრუქციულ რეჟიმში დაიწყო, რომელიც სხდომათა დარბაზის შესასვლელში, აბაშიშვილისა და ტყემალაძის „პოლიტიკური გარჩევებით“ დასრულდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ტყემალაძემ for.ge-ს ამცნო, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები „ნაციონალებთან შეკრულები“ იყვნენ. დარბაზიდან გამოსულმა აბაშიშვილმა ეს განცხადება გაიგონა, რომელიც შემდეგ ტყემალაძემ მას ხმამაღლა გაუმეორა. პრეზიდენტის მრჩეველმა დეპუტატის პათოსი გააპროტესტა და მას უთხრა, რომ ის ცდებოდა. ტყემალაძემ კი, აბაშიშვილის მიხვრა-მოხვრა, მათ შორის, ხელის აქნევა შეურაცხყოფად მიიღო და როგორც ახალგაზრდას, მოუწოდა, უკან დაბრუნებულიყო და ხელის აქნევებისგან თავი შეეკავებინა.
აბაშიშვილ-ტყემალაძის ცხარე კამათში პრეზიდენტის საპრეზიდენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ჩაერთო, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა სცადა.
პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შორის უთანხმოების მიზეზი მხოლოდ აბაშიშვილის მიხვრა-მოხვრა არ გამხდარა. აბაშიშვილისა და კვერენჩხილაძის განაწყენების მიზეზი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის მიერ ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებაც იყო, სადაც მან ქვეყნის პირველი პირი მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, დამნაშავედ ცნო.
„ბიძინა ივანიშვილს იმაში ვადანაშაულებ, რომ მან ერთ „ენჯეოელ სოროსელს“, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს ჩვენც და მოსახლეობასაც გვიშლის“, - დასძინა მეჭიაურმა, რომელსაც პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ეთიკის ნორმების დაცვა ურჩიეს.
for.ge-სთან საუბარში აბაშიშვილი აცხადებს, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები ამ პროცესს აზიანებს და კითხვა ჩნდება, ამით რისი მიღწევა ხდება.
მისი შეფასებით, ვეტო ეს არის თანამშრომლობის საშუალება და არა დაპირისპირების, ან ნიშნისმოგების.
„სამწუხაროდ, საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები მოვისმინეთ. დეპუტატებმა საპარლამენტო ეთიკა და კულტურა საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ნაწილი რომ არის, უკეთ იციან. პიროვნული შეურაცხყოფები აბსოლუტურად შეუთავსებელი იყო“, - აღნიშნა აბაშიშვილმა, რომლის პათოსი კვერენჩხილაძემ გაიზიარა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, საპარლამენტო ცხოვრებას თავისი ეთიკისა და კულტურის წესები გააჩნია.
„დეპუტატის მხრიდან ეთიკის დაცვა აუცილებელია. ამგვარი ტიპის განცხადებების გაკეთებას კვალიფიციური მსჯელობა სჯობს“, - დასძინა კვერენჩხილაძემ.
პარლამენტის ტრიბუნიდან მეჭიაური პრეზიდენტს ხან, „კუ და მორიელის“ წაკითხვას სთავაზობს და ხან, ქსოვის ცოდნას საყვედურობს, მაგრამ რამდენად მისაღებია დეპუტატებისგან ქვეყნის პირველი პირის შეურაცხყოფა, ამას გარკვევას for.ge კანონმდებლებთან შეეცადა.
როგორც for.ge-ს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობის მიერ არჩეულია, რომელიც ქვეყნის მთლიანობის გარანტს წარმოადგენს.
მისი განცხადებით, ამ ქვეყნის თუ, სხვა ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტს პატვისცემით უნდა მოექცეს.
„პატივისცემით მითუმეტეს, ამ პიროვნებას უნდა მოექცნენ, რომელსაც ძალიან ბევრი ღირსეული თვისება გააჩნია. პრეზიდენტის მიმართ ასეთი ტონით საუბარი მიუღებელია და არ შეიძლება, დეპუტატმა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე, ყოფილი თანაგუნდელის მიმართ ასეთი შეფასებები აკეთოს“, - აცხადებს ჩიქოვანი, რომლის მსგავსად, მეჭიაურის ტონს გმობს ნაციონალი ხათუნა გოგორიშვილი.
for.ge-სთან საუბარში გოგორიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის წევრს სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა უნდა ახასიათებდეს.
დეპუტატის ცნობით, უმრავლესობის წევრები შეურაცხყოფაზე გადადიან, როცა არ იციან, ივანიშვილმა რა კანონპროექტის მიღება შეუკვეთათ.
„ეს სამწუხაროდ, მიღებული ნორმა ხდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის ფულად-საკრედიტო ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს და ის დაკავებულია „ვაიგამონათქვამებით“. პასუხისმგებლობა უმრავლესობას ეკისრება, რადგან ეს ადამიანი პოსტზე მათ დანიშნეს“, - ამბობს გოგორიშვილი, რომლის მსგავსად, მეჭიაურის განცხადებით აღფრთოვანებული არ დარჩა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი.
for.ge-სთან ბერძენიშვილი ყურადღებას ნოდარ ებანოიძის გამოსვლაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ მან ძალიან კვალიფიციურად ისაუბრა და ის პასუხს მის თანაპარტიელსა და თანაფრაქციელზე აგებს.
კანონმდებელის მოსაზრებით, ებანოიძის ტონიც შესაბამისი იყო და ის ოპონენტებსაც პატივისცემით ექცეოდა.
„მის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის არ შეაქვს. მეჭიაურის ტერმინოლოგია, მეჭიაურის პრობლემაა და ბუნებრივია, ამ ტერმინებით მოლაპარაკე ადამიანის მოსმენისას აღფრთოვანებული არ ვარ. მას თან მრავალფეროვნება ახლავს. არასამთავრობო სექტორის მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჭკვიანური არ არის, რადგან ქართული დემოკრატიული სივრცის მნიშვნელოვანი შემადგენელია არასამთავრობო სექტორი. ზოგი კომპარტიიდან მოდის და ზოგიც - არასამთავრობო სექტორიდან“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი კი, for.ge-სთან საუბარში აქცენტს გამოხატვის თავისუფლებაზე აკეთებს.
ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ გამოთქმული აზრის ეთიკურობას ყველა თავისებურად აფასებს.
„ვინც თვლის, რომ მეჭიაურის განცხადება ეთიკურობას არღვევს, მათ საკუთარი პრეტენზიების დასაბუთება შეუძლიათ, თუ რაში გამოიხატება ეთიკის დარღვევა. მოსასმენად კი, განცხადება სასიამოვნო არ იყო“, - დასძინა ქუცნაშვილმა, ზურაბ ტყემალაძე კი, მეჭიაურის განცხადებაზე არ საუბრობს და პრეზიდენტის წარმომადგენელის საქციელზე აპელირებს.
დეპუტატი თვლის, რომ აბაშიშვილის გამოსვლა ნამდვილად არაკორექტული იყო.
„ეს პროცედურული ომი იყო და როცა ამას ერთი მხარე აკეთებს და ამაში მომხსენებელიც მონაწილეობს, ეს მიუღებელია. როცა სხვა თემაზე გკითხავენ და მას აჰყვებიან, ეს რა არის თუ არა, შეთანმებული მოქმედება?! კი ბატონო, კიდევ ერთი დღე დავფიქრდებით, მაგრამ ვეტოს დავძლევთ და ნურავინ ნერვიულობს“, - განაცხადა ტყემალაძემ, რომელსაც მხედველობაში ნაციონალების მიერ წამოწყებული პროცედურული ომი ჰქონდა. კერძოდ, უმცირესობამ ვეტოს განხილვისას პროცედურული საკითხები მაქსიმალურად გაწელა, რომ ვეტოს დაძლევა დღეს არ მომხდარიყო და საკითხზე მსჯელობა ხვალ გაგრძელებულიყო.
პარლამენტი კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალ შეეცდება და უმრავლესობას 76 დეპუტატის მობილიზაცია დასჭირდება. რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება.