საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის უთანხმოების მიზეზი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტი უკვე გახდა. for.ge-ს წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სავალუტო ფონდის მისია უკვე ეწვია, საერთაშორისო ორგანიზაციას ქვეყნის განზრახულობათა წერილი მომზადებული ჯერ კიდევ არ აქვს, სადაც დეტალურად ის მაკროეკონომიკური ინდიკატორები გაიწერება, რომელზეც როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა აიგება.
როგორც for.ge-ს პარლამენტის კულუარებში განუმარტეს, საქართველოში მისიის სტუმრობის მიუხედავად, სავალუტო ფონდს ქვეყნის შეფასება დასრულებული არ აქვს, მიზეზი კი, დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია გამოდის.
სავალუტო ფონდის გაღიზიანებაზე დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმაც ისაუბრა.
აბაშიშვილი ინტერესდება, თუკი საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრობლემა არ არსებობს, მაშინ რატომ არ არის დასრულებული სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა.
„ამის მიზეზი რა არის? - ამას მე გეტყვით, რადგან მიზეზი ვიცი. კანონი იმის მიზეზია, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა დასრულებული არ არის. საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივის წარმომადგენელის, სადიკოვის ინტერვიუ იხილეთ, სადაც ის საუბრობს, რომ ეს კანონი პროგრამის მიმოხილვის დასრულებას გაართულებს. მარტის შემდეგ, პროგრამა დასრულებული არ არის. ასე, რომ პროგრამის მიმოხილვის არდასრულება რისკს ქმნის“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
სავალუტო ფონდი რატომ არ ასრულებს პროგრამის მიმოხილვას და პროგნოზების არარსებობა, რა პრობლემებს შექმნის საქართველოში, ამ საკითხის გარკვევას for.ge საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურთან შეეცადა.
დეპუტატის განცხადებით, მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს და მისიების გაცვლა მიმდინარეობს.
„თუ არ ვცდები, წერილი სექტემბრის ბოლოს დაიდება. რატომ არ დაიდო, არ ვიცი“, - დასძინა მეჭიაურმა, რომლისგან განსხვავებით, პროგრამის მიმოხილვის არდასრულებას უარყოფით სიგნალად აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
მისი ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა, სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულება გვიანდება, რაც უაღრესად უარყოფითი სიგნალია ინვესტორებისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის დასრულება მოხდეს, სადაც დეტალურად გაიწერება ის მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომელზეც როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა აიგება“, - განაცხადა ქადაგიძემ.
როგორც წესი, სავალუტო ფონდი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ აახლებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსთან. ზაფხულში უნდა მოწერილიყო ხელი სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, თუმცა ხელი მოწერილი ამ დრომდე არ არის.
უმრავლესობის წევრი, ზურაბ ტყემალაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოწერილი არ არის. როგორც ტყემალაძე აცხადებს, მისთვის მიზეზები უცნობია, თუმცა, ამბობს, რომ რაღაც საკითხები შესათანხმებელია.
„ხელისუფლება სწორედ იმიტომ არის, რომ ხელშეკრულებას ჩახედოს და ის ვალდებულებები აიღოს, რისი შესრულებაც შეუძლია. ხელშეკრულების დადება იმ პირობით უნდა მოხდეს, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
for.ge-ს კითხვაზე, რატომ არ ეწერება ხელი სავალუტო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ფინანსთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია კომუნიკაცია. როგორც ნოდარ ხადურის უწყებაში აცხადებენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 3-წლიანი პროგრამა დაწყებულია, იგი მიმდინარეობს 2014 წლის 20 ივლისიდან და მუშაობა გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პროგრამის მიმოხილვაზე.
„ფონდი ინფორმირებულია ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებზე და იგი მიესალმება ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ჩარჩოში მოქცევას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისიის თარიღი შეთანხმების პროცესშია და წლის ბოლომდე მოხდება პროგრამის ფარგლებში მიმოხილვის დასრულება“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ ქვეყანს სავალუტო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოწერილი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში სხვა საკრედიტო ინსტიტუტები დაიწყებენ დისტანცირებას, რაც ასევე აშინებს ინვესტორს და ამას ირიბი შედეგი ექნებამ თუმცა - ძალიან ცუდი.
„ფინანსურად შეიძლება სავალუტო ფონდი იმდენად მნშივნელოვანი არ იყოს ჩვენთვის, რამდენადაც, ის თუ როგორ აისახება ეს ინვესტორების განწყობაზე. ჩვენი ხელისუფლება მიეჩვია იმას, რომ მაინცდამაინც ყურადღებით არ ეპყრობა სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. მართალია დიპლომატიურ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ძალიან არ უყვართ ამ ინსტიტუტებს, როდესაც მათი რეკომედაციების იგნორირება ხდება. სამწუხაროდ, პრობლემები არის სავალუტო ფონდთან და ეს მარტო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს არ უკავშირდება.
კი ბატონო, პრინციპულად უნდა იცავდე შენს ინტერესსს, მაგრამ უნდა გქონდეს იმის რაციონალური ახსნა, რაც შენ გინდა. ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ხელისუფლების არგუმენტები ძალიან სუსტია, მხოლოდ პიროვნულ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. პროფესიონალები კი ნდობა-არნდობის რიტორიკით არ საუბრობენ. ეს პროფესიული საკითხია და არა ქადაგიძე ცუდი ბიჭია თუ არა. ბუნებრივია, რომ სირთულე არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და სავალუტო ფონდი გაგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.