მმართველი გუნდი დიპლომატიური ხაზით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას პროგნოზირებს და მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ამართლებს, ოპოზიციური სპექტრი კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის არაადეკვატურობასა და არაფორმალურ მმართველობაზე აპელირებს.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილს საგარეო უწყებაში ისეთივე „წარმატება“ ექნება, როგორც მას ეკონომიკის დარგში ჰქონდა, „თავისუფალი დემოკრატები“ ქვეყანაში ვითარების გამოსწორებას მანამდე არ ელოდებიან, სანამ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი არ აღდგება და პროცესების განვითარება დემოკრატიული გზით არ მოხდება; ნაციონალები კი, ჩამოშლილ ეკონომიკაზე, გაზრდილ ფასებსა და რიგგარეშე არჩევნების მნიშვნელობაზე აქცენტირებენ.
უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი კვირიკაშვილს წარუმატებელ მინისტრად მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ყველაზე არაადეკვატური ნაბიჯია, რაც შეიძლება, ეკონომიკაში განხორციელებულიყო.
მისი აზრით, ქართული ეკონომიკა მძიმე ვითარებაშია, ლარი სიკვდილის პირასაა და ამ დროს ეკონომიკის მინისტრი დიპლომატიურ სარბიელზე გაუშვეს, სადაც მას გამოცდილება არ აქვს.
კუბლაშვილის მოსაზრებით, კვირიკაშვილს ეკონომიკის სამინისტროში არაფერი გამოუვიდა.
„მას, როგორც ეკონომიკის მინისტრს ინვესტიციების მოზიდვას, ვინ უშლიდა? ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვა ეტყობა? გაზაფხულზე, ეკონომიკური დარგის მინისტრებისგან საუბრები „ქამრების შემოჭერაზე“, ინვესტიციების მოზიდვაზე გვესმოდა, მაგრამ ამ კუთხით, რაიმე განხორციელდა? მან ეკონომიკის დარგი ჩააგდო და შესაძლოა, დიპლომატიურ სარბიელზეც ასეთივე „წარმატება“ ჰქონდეს“, - აცხადებს კუბლაშვილი, რომელიც თამარ ბერუჩაშვილის პოსტიდან გაშვებას ეხმაურება.
დეპუტატის შეფასებით, ბერუჩაშვილის საქმიანობა „ემოციური გაუგებრობით“ დაიწყო და ასეთივე „ემოციური გაუგებრობით“ დასრულდა, რომელსაც არც კი უთხრეს, სად უშვებენ.
„ბერუჩაშვილის წარმატება-წარუმატებლობაზე არ ვსაუბრობ, რადგან ის რეალურად, მთავრობის წევრი არასოდეს ყოფილა. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია და მთავრობაში ხადურს ტოვებ, ადეკვატურობაზე საუბარი ზედმეტია“, - დასძენს კუბლაშვილი. ნაციონალი, მიხეილ მაჭავარიანი კი, ყურადღებას პრემიერის გადაწყვეტილებაზე ამახვილებს.
როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, ის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ძალიან სკეპტიკუარდ უყურებს, რადგან ღარიბაშვილი სიტუაციას არაადეკვატურად აფასებს.
დეპუტატის თქმით, მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის კადრები ძლიერდებიან.
„ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემდი და მასთან დალაპარაკება შეიძებოდა, გიორგი კვირიკაშვილი იყო. არ ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკაში გარღვევა იქნება. პრო-ნატოს პოლიტიკა გვაქვს, მაგრამ ის ფორმატი გაურკვეველია, რომლითაც მთავრობა რუსეთთან მუშაობს. ჩვენი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეზოლუციებში ნალებად ისმის, რადგან მთავრობას რუსეთის ერიდება. ამ ყველაფერს კვირიკაშვილი როგორ შეცვლის, ეს ვერ წარმომიდგენია. კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი ერთად ჯერ „ქართუ“-ში მუშაობდნენ, შემდეგ - სამინისტროში. მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის კადრები ძლიერდებიან“, - დასძენს კანონმდებელი.
მაჭავარიანის განმარტებით, სამი წლის მანძილზე, ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტი შემცირდა, ლარი „გაიქცა“ და ეკონომიკური ზრდა არ არის.
„ამ წლებში, ეკონომიკამ რვა მილიარდი ლარი დაკარგა. სახეზეა კვინტესენცია და თბილისის მერია უნიათობის, უგზოობის, მოუგვარებელი პრობლემების სიმბოლოა. ქუმსიშვილმა იქაც ვერაფერი შეცვალა და ძალიან ბუნდოვნად წარმომიდგენია რა შეიძლება, ქართულ ეკონომიკაში გააკეთოს.
შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ხელისუფლებას უნდა, რომ 2016 წლამდე მივიდეს და შემდეგ ფოკუსები ჩაატაროს. ეს ფოკუსი იქნება გრიგოლიას შოუს დახურვა, თუ „რუსთავი 2“-ის დაყადაღება“, - ამბობს მაჭავარიანი. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე კი, არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.
for.ge-სთან საუბარში შავგულიძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ქვეყანას ასეთი ცვლილებები შედეგამდე მანამ ვერ მიიყვანს, სანამ მმართველობის ის პრინციპი არ შეიცვლება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.
დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება კონტროლის აღებას ყველა სფეროზე ცდილობს. მათ შორის, მედიასა და ბანკებზე.
„მინისტრების ადგილმონაცვლეობა არანაირ შედეგს არ მოგვცემს, ვიდრე ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. მინისტრთა კაბინეტს და მათი მეშვეობით პოლიტიკურ ძალას რეალურად, ბიძინა ივანიშვილი მართავს. საქართველოში სახეზეა ტოტალური ერთპარტიული მმართველობა.
ვიდრე, მმართველი გუნდი ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს არ დაიცავს, მინისტრების შეცვლა დადებით შედეგს ვერ მოიტანს. ყველა მინისტრის წარმატება გამიხარდება, რადგან მათი წარმატება ჩემი ქვეყნის წარმატებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის პერსპექტივას ის სისტემა არ გვაძლევს, რითაც ქვეყანა იმართება“, - აცხადებს შავგულიძე.
კითხვაზე - „ბერუჩაშვილმა პოსტიდან გაშვებით პასუხი მიიღო თუ არა იმაზე, რაც მან საგარეო მინისტრის მოადგილის პოსტიდან წასვლით და შემდეგ, მინისტრად დაბრუნებით გააკეთა“? - შავგულიძემ პასუხის გაცემა არ ისურვა და აღნიშნა, რომ თამარ ბერუჩაშვილის სამსახურეობრივი მოწყობის საკითხი დიდად არ აინტერესებს.
„შეიძლება, სადმე დაასაქმონ, ან პირიქით. ეს ხელისუფლების და თამარის პრობლემაა“, - დასძინა შავგულიძემ, რომლის მსგავსად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ არ იცის, სად გააგრძელებს საქმიანობას ბერუჩაშვილი.
სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას ტყემალაძე for.ge-სთან ყურადღებას კვირიკაშვილის საქმიანობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ის წარმატებული მინისტრი იყო, რომლის წარმატებაც მოგვიანებით უფრო მეტად იქნება საგრძნობი.
დეპუტატი პროგნოზირებს, რომ კვირიკაშვილი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან ქვეყანას საგარეო მიმართულება ყველაზე მეტად ეკონომიკური კუთხით სჭირდება.
„მას აქვს როგორც დიპლომატიური, ასევე სავაჭრო კავშირები. დარწმუნებული ვარ, რომ ის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საელჩოებსაც გაააქტიურებს. რაც შეეხება ბერუჩაშვილს, ის საქმიანობას სად გააგრძელებს, ვერ გეტყვით. პრემიერმა კვირიკაშვილს დაავალა, რომ მას შესაბამისი ადგილი შეურჩიონ. შესაძლოა, ბერუჩაშვილი დიპლომატიურ სამსახურშიც ვიხილოთ“, - დასძინა ტყემალაძემ, რომლის მსგავსად სამთავრობო ცვლილებებს დადებითად აფასებს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე, თამარ კორძაია.
როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები მიზნად ეკონომიკური თვალსაზრისით გამოწვეული პრობლემების გამკლავებას ისახავს.
მისი შეფასებით, საგარეო კუთხით, კვირიკაშვილი ბევრად უფრო ეფექტური იქნება და მთავრობაში ქუმსიშვილის მისვლაც ვითარებას გააუმჯობესებს.
„ამ ადამიანების საქმიანობამ ქვეყანას უფრო მეტი წარმატება უნდა მოუტანოს“, - დასძინა კორძაიამ; თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი კი for.ge-სთან საუბარში პრემიერის გადაწყვეტილების მართებულობაზე აკეთებს აქცენტს.
სესიაშვილის განცხადებით, პრემიერი უკეთ ხედავს, ვის რა შესაძლებლობა გააჩნია; მისი შეფასებით, კვირიკაშვილი ძალიან ძლიერი მინისტრი იყო და ის ეკონომიკურ ვითარებას გააუმჯობესებს.
„სამინისტროებში გარკვეული პრიოროტეტების კიდევ უფრო გაძლიერება შესაძლოა, სახელმწიფოს ინტერესი იყოს. პრემიერის გადაწყვეტილების საფუძველებს არ ვიცნობ, მაგრამ გასაგებია, რომ კვირიკაშვილის საგარეო უწყებაში გადასვლა საგარეო ორიენტირების გაძლიერებას და ეკონომიკური მიმართულების წინ წამოწევას ემსახურება. ეს გიორგისთვის გამოწვევაა, რომელსაც ძლიერი უნარ-ჩვევები აქვს. მას ძალიან კარგად ესმის, სამინისტრო როგორ მუშაობს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, მინისტრებს პოსტებზე დანიშვნისთვის პარლამენტის თანხმობა არ სჭირდებათ, რადგან კონსტიტუციით, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას ნდობას მას შემდეგ უცხადებს, რაც პოსტს რიგით მეშვიდე მინისტრი ტოვებს.