„დასავლეთის მიმართულებას ხიდაშელ-კვირიკაშვილის ტანდემი წაიყვანს“

„დასავლეთის მიმართულებას ხიდაშელ-კვირიკაშვილის ტანდემი წაიყვანს“

„ამ საკადრო გადანაცვლებას ლარის კურსით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირებენ, მაგრამ ვფიქრობ, მას უფრო სხვა კონტექსტი და მიზეზები აქვს - ბერუჩაშვილის შეცვლა განაპირობა იმან, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიული ხედვის ნაკლებობა შეიმჩნეოდა, შემცირებული იყო აქტივობა; განსაკუთრებით, პრეტენზიები ისმოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში, როცა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხდებოდა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში“, - ასე აფასებს ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას; ექსპერტი იმ ახალ შანსებსა და გამოწვევებზე გვესაუბრება, რაც საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან ერთად საქართველოსაც უჩნდება.

ხათუნა ლაგაზიძე: როგორც ჩანს, მოთხოვნა ამ ცვლილებისა, განაპირობა იმანაც, რომ თანამედროვე მსოფლიოში გარდა გამოწვევებისა, ძალზე საინტერესო ახალი ტენდენციები გამოჩნდა, რომელიც საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შანსია. საუბარი მაქვს იმაზე, რაზეც ახალ თანამდებობაზე წარდგენისას კვირიკაშვილმა თავისი გამოსვლის დროს გაამახვილა ყურადღება..

ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრობის დროსაც მუშაობდა აღმოსავლეთის მიმართულებით...

-აღმასრულებელი ხელისუფლების საყოველთაო საინფორმაციო ჩაკეტილობის პირობებში კვირიკაშვილის უწყება ბოლო პერიოდში შედარებით გაიხსნა კომუნიკაციისთვის და მომეცა საშუალება მასთან ამ თემებზე მესაუბრა. ამიტომ ყურმოკრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ ვმსჯელობ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების კუთხით ახალი პერსპექტივები, რომელსაც სწორედ ეს ახალი ეკონომიკური კავშირები მისცემს საქართველოს.

საუბარია იმაზე, რომ დასავლეთის (რომელიც რჩება საქართველოს შეუცვლელ ორიენტირად და პარტნიორად) მთელი ყურადღება გადასულია აღმოსავლეთისკენ. ჩინეთზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას - საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომელშიც საქართველო ჩაერთო კვირიკაშვილის მინისტრობის პერიოდში - ესაა ჩინეთის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობა; ახალი აბრეშუმის გზის პროექტში ჩართვა...

საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ირანი, რომლისკენაც მიპყრობილია მთელი მსოფლიოს ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ მას მოეხსნა სანქციები.

ირანული ნავთობპროდუქტები და სატრანსპორტო ნაკადები ძალზე საინტერესო შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის და რატომაც არ უნდა დაინტერესდეს საქართველო, რომელიც სწორედ  ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ერთ-ერთ ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება? ამ მიმართულებითაც ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს ძალზე საინტერესო აქტივობები და რომ ატეხეს ხმაური კვირიკაშვილის მიერ არასწორად ნათქვამ სიტყვაზე (ევრაზიის კონტინენტზე) - აქ რეალურად ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ევროპისა და აზიის ანუ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ძალზე მნიშვნელოვანი, ფინანსური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული ნაკადების გამტარი და მააკუმულირებელი.

საუბარია არა სტრატეგიული პოლიტიკური პარტნიორების დივერსიფიკაციაზე, არამედ ეკონომიკური პარტნიორების, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის უსაფრთხოების ძალიან მყარი საძირკველი გახდეს.

რაც უფრო მეტი დიდი ქვეყნის ინტერესი ჩაიდება საქართველოში, ეს ნიშნავს ამ ქვეყნების დაინტერესებას საქართველოს სტაბილურობით - ეს ხომ ცალსახაა - შესაბამისად, რაც უფრო მეტი დიდი ქვეყანა იქნება დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით, მით უფრო მყარი იქნება საქართველოს უსაფრთხოება. ეს არის ფორმულა, რომლის გატარებასაც ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა შეეცდება.

ასეთი შანსი საქართველოს ყოველთვის ჰქონდა, - აბრეშუმის გზაზე, საერთაშორისო პროექტებზე შევარდნაძის დროს დაიწყო ლაპარაკი; ორი პროექტიც განხორციელდა, მაგრამ საქართველოსთვის არსებითად არაფერი შეცვლილა. დამატებით შანსს რა გვაძლევს, ასოცირების ხელშეკრულება ხომ არა?

-ვიტყოდი, რომ სამ ძირითად ფაქტორს ენიჭება მნიშვნელობა, ეს არის ჩინეთის გააქტიურება და დაინტერესება ჩვენი რეგიონით; მეორეა - ირანთან დაკავშირებული ახალი რეალობები, და მესამე - ასაოცირების ხელშეკრულება.

 სულ არის საუბარი იმაზე, რომ აი, რა მისცა დასავლეთმა საქართველოს. მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ მიიღო უზარმაზარი შანსი, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დიდი ფინანსური ნაკადების აკუმულირება.

საქართველოს აქვს უპირატესობა, ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე გაიტანოს ქართული პროდუქცია საბაჟო გადასახადის გარეშე. ეს ზრდის საქართველოს მომხიბვლელობას აღმოსავლეთის გიგანტების თვალში.

გასაგებია, ბევრი სამუშაოა საგარეო ეკონომიკური მიმართულებით, რომ ევროპული მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს საქართველოში ინვესტიციების ჩადება - არ ვგულისხმობ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას - საუბარი მაქვს, იმაზე, რომ საქართველოში შეიძლება მოხდეს დიდი ინვესტიციებით ქართული პროდუქციის წარმოება და მისი გატანა საბაჟო გადასახადის გარეშე ევროკავშირის ბაზარზე. რაც ძალიან მომგებიანია აღმოსავლელი ინვესტორებისთვის, რადგან მათ საკუთარ ქვეყნებში ეს პრივილეგიები არ აქვთ.

თუმცა ამ პროცედურასაც, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავისი მოთხოვნები აქვს და ამ ბარიერების მოხსნას, ევროპის მოთხოვნებთან მორგებას სჭირდება სწორედ თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალური, სკურპულოზური მუშაობა რომ ინვესტიციების ჩადება და საქართველოს სახელით პროდუქციის წარმოება იმ სტანდარტყებს შეესაბამებოდეს, რა სტანდარტებსაც აწესებს ეს ხელშკრულება.

ბუნებრივია, არსებობს კიდევ სხვა უამრავი ფაქტორიც, მაგრამ ეს არის ის სამი ძირითადი მოცემულობა, რაც საქართველოს ახალ რეალობას უქმნის და ახალ შანსებს აძლევს რეგიონში - ვიტყოდი - საქართველო-აზერბაიჯანის ტანდემს...

სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა რეპლიკები, რომ კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნით დასუსტდა დასავლეთის ფლანგი. არსებობს ამ ეჭვების საფუძველი? გარდა ამისა, უნდა ველოდეთ თუ არა გერმანიის მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, რასაც ყოფილ საგარეო სააქმეთა მინისტრს ხშირად საყვედურობდნენ?

-ბოლო პერიოდში მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთის მიმართულებით ამ ხელისუფლების საკვანძო ფიგურა არის თინა ხიდაშელი. მისი ფუნქცია  გარკვეულწილად, ცდება თავდაცვის მინისტრის ჩარჩოებს. დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში თუ ვინმემ იცის დასავლეთთან სალაპარაკო ენა, ეს არის სწორედ უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილი; ხიდაშელის ბოლო ვიზიტებიდან, ინტერვიუებიდან და იმ გამოხმაურებებიდან გამომდინარე, რაც მის ვიზიტებს მოჰყვა, ვფიქრობ, რომ ის არის საკვანძო ფიგურა სწორედ დასავლთთან ურთიერეთობაში; რასაც მე პირადად, მივესალმები.

კვირიკაშვილის დანიშვნით ვფიქრობ, გაძლიერდება არა რუსული, არამედ  „აღმოსავლური“ ფლანგი და ზოგადად, დივესიფიკაცია მოხდება საგარეო პოლიტიკის, რაც ასევე აუცილებელია დღევანდელი რელობიდან გამომდინარე. მესახება, რომ დასავლეთის მიმართულებას წაიყვანს ხიდაშლ-კვირიკაშვილის ტანდემი. რამდენადაც ვიცი, კვირიკაშვილს აქვს დასავლეთთან ურთიერთობის გამოცდილებაც ეკონომიკის მინისტრობის პოსტზე ყოფნისას. ასე რომ, ამ ეტაპზე, ამ კუთხით საფრთხეებს ვერ ვხედავ.

რაც შეეხება ზოგადად დაასავლეთს, მისთვის საქართველო სასურველი მაგრამ პრობლემური პარტნიორი იყო ყოველთვის, გამომდინარე, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რუსეთის ფაქტორიდან. თუ საქართველო მონახავს ისეთ ბერკეტებს რაც მის უსაფრთხოებას გაზრდის, დასავლეთისთვის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება - რაც უფრო ნაკლები რისკის მატარებელი იქნება საქართველო როგორც პარტნიორი, მით უფრო სასაურველი გახდება.

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაცია, რაც საქართველოს ეკონომიკური ფუნქციის გაძლიერებაში გამოიხატება, ვფიქრობ, რომ იმ საფრთხეების მინიმალიზაციას მოახდენს მომავალში, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა დასავლეთს საქართველოსთან ურთიერთობაში. ასე რომ, ამ შემთხვევაში პოზიტივს უფრო ვხედავ კვირიკაშვილის დანიშვნით, ვიდრე ნეგატივს.

მაგრამ ეს არის ხედვა, რომელიც მას აქვს და შანსები, რომელიც უნდა გამოიყენოს, თუმცა სხვა თემაა, რამდენად შეძლებს ამ ყველაფრის განხორციელებას. ერთია გეგმები და იდეები, მაგრამ მეორე - შიდა თუ საგარეო დამაბრკოლებელი ფაქტორები, რაც შეიძლება ამ სურვილების განხორციელების გზაზე დაგხვდეს. დანარჩენს  მომავალი გვიჩვენებს.

თუ კვირიკაშვილის ეს გეგმები განხორციელდა, რუსეთის როლს როგორ ხედავთ?

-ამ საგარეო-ეკონომიკური პარტნიორების დივერსიფიკაციის ფონზე შემდგომში რუსეთი ჩაითვლება ერთ-ერთ პარტნიორად; პირობითად რომ ვთქვათ - თუკი აღმოსავლეთი და დასავლეთი შეთანხმდებიან, რომ საქართველო უნდა იყოს სტაბილური, ასეთ შემთხვევაში რუსეთს გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება საქართველოს დესტაბილიზაციის გზაზე, ვიდრე ჰყავს დღემდე.

ანუ, თუ საქართველოს დესტაბილიზაცია არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ იგივე, ირანის და ჩინეთის ინტერესების შელახვაც იქნება, რუსეთი უფრო მეტად დაფიქრდება იქამდე, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ ხისტი ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტს.

საქართველოს სტაბილურობა უფრო მეტი და ძლიერი ქვეყნების ინტერესებში უნდა იყოს - ეს იქნება ჩვენი სტაბილურობის გარანტია - არ დაგვავიწყდეს -  რუსეთი იძულებულია, დასავლეთისგან განსხვავებით, ჩინეთი და ირანი ამ ეტაპზე პარტნიორებად განიხილოს - უფრო მძიმე იქნება მისთვის წინ აღუდგეს საკუთარი პარტნიორების ნებას.