„მთავრობა იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ არა იციკ მოშესგან“

„მთავრობა იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ არა იციკ მოშესგან“

2 სექტემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა ამბასადორიალი 2015 გაიმართება. ამბასადორიალში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების უმაღლესი პირები. ამბასადორიალი 2015-ს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართავს საქართველოში ვიზიტად მყოფი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ამბასადორიალის მსჯელობის საგანი იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხები, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.

ამბასადორიალამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე, რომლის განცხადებით,  მთავრობამ პირველ ეტაპზე ეკონომიკურ კავშირებზე უნდა იმუშაოს საკუთარ ელჩებთან და არა სხვა ქვეყნების ელჩებთან. იციკ მოშე ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის გასაღები ელჩების ხელშია.

„საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების დროულად გადაჭრისა და ეროვნული ვალუტის - ლარის სიმყარის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესსექტორთან აქტიური მუშაობა და მათი დარწმუნება, რომ საქართველოში ამჟამად არსებობს ყველანაირი პირობა წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის.

ამ საქმეში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ მათ შეუძლიათ ყველაზე წარმატებულად აწარმოონ ეს კამპანია.

მივმართავ საქართველოს მთავრობას შემდეგი წინადადებებით - პირველ ეტაპზე, ეკონომიკურ კავშირებზე იმუშაონ საკუთარ ელჩებთან და არა სხვა ქვეყნების ელჩებთან. თბილისში 2-4 სექტემბერს დაგეგმილ ამბასადორიალზე საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს დაევალოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნესწრეებთან აქტიური მუშაობა და ყოველთვიურად თითო ინვესტორის მოზიდვა“, - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.

როგორც იციკ მოშე აცხადებს, ინვესტიციების მოზიდვის საქმეში დიპლომატიური მისიის შესაძლებლობების თვალსაჩინო მაგალითი იყო საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობა ისრაელში თბილისის მერის ვიზიტის ორგანიზებაში, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ინიციატივით განხორციელდა და რომლის შედეგადაც ქვეყანა სულ მალე დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას მიიღებს.

იციკ მოშე ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნებშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მსგავსი აქტიურობა საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზული ბიძგის მიმცემი გახდება. გარდა ამისა, საჭიროდ მიიჩნევს საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების მუშაობის ფორმატის შეცვლას. კერძოდ კი, მათზე გაცემული ლიცენზია უნდა მოიცავდეს წელიწადში ორჯერ საქართველოსა და მათ ქვეყანაში ბიზნეს ფორუმის ჩატარებას და ინვესტიციების მოზიდვას.

გაითვალისწინებს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის რეკომენდაციებს, უცობია. იციკ მოშეს ტონს უწუნებენ ექსპერტები და თვლიან, რომ დიპლომატიურად არაკორექტულია, როგორი მეგობარი ქვეყანაც არ უნდა იყოს, მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჭკუა ასწავლოს მთავრობას. ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ელჩები ქვეყნის პოპულარიზაციით უნდა უყვნენ დაკავებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესმენები გახდნენ.

„გეგმებს ვერ დაუდგენ ელჩებს, რომ თვეში ერთი ბიზნესმენი მოიზიდონ. მათი მოვალეობაა ქვეყნის პოპულარიზაცია, რასაც აკეთებენ კიდევაც და ამას არ სჭირდება იციკ მოშეს გენიალური აზრები. ელჩის კომპეტენციაა წარმოადგინოს ქვეყანა და მისი პოლიტიკური ელიტა. მას არ ევალება ბიზნესების დალაგება. სამწუხაროდ გვყავდა ასეთი ელჩები და ვიცით, რომ ამას ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ინვესტორი გადაწყვეტილებას აიღებს არა ელჩის ენაწყლიანობის შედეგად, არამედ საინვესტიციო გარემოს შეფასების შედეგად. მისივე თქმით, ამ კუთხით პრობლემები ნამდვილად არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მოშეს რეკომენდაციის გარეშეც ექნება ამ თემებზე საუბარი ბატონ კვირიკაშვილს ელჩებთან. მას, როგორც ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, მოშეს მოწოდება არ სჭირება იმისთვის, რომ ეს საქმე გააკეთოს. კი ბატონო, ელჩს შეუძლია ჩამოიყვანოს ინვესტორი, მაგრამ თუ საინვესტიციო გარემო არ მოეწონა, ფულს ძალად ჩაადებინებს? ასე რომ, ნახევრად სიმართლის თქმას, სჯობს, საერთოდ არ ლაპარაკობდეს.

ბატონი მოშე სააკაშვილის დროსაც ამბობდა, რომ კარგი საინვესტიციო გარემო არისო და ახლაც იგივეს იძახის - ჩახუტებული იყო მიშასთან, ძალიან კარგად გრძნობდა თავს და საერთოდ ვერ ამჩნევდა თუ რამე პრობლემა იყო. ასეთი აქტიურობით ცდილობს, რომ შეამჩნიონ და „დააფასონ“ მისი ღვაწლი? - ცდილობს მოვლენების ეპიცენტრში იყოს და საჭირო კაცის იმიჯი ჰქონდეს, რაც მისი სტილია - წმინდა ეკონომიკური ბიზნეს-ინტერესები აქვს საქართველოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ეკონომიკის ექსპეტრი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ მიმართავს საქართველოს მთავრობას, პირველ ეტაპზე ეკონომიკურ კავშირებზე უნდა იმუშაონ საკუთარ ელჩებთან და არა სხვა ქვეყნების ელჩებთან, ეს დიპლომატიურად არაკორექტული განცხადებაა. მისივე თქმით, როგორი მეგობარი ქვეყანაც არ უნდა იყოს, არასწორია მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჭკუა ასწავლოს მთავრობას.

„მთავრობა იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ არა იციკ მოშესგან. ჩვენ  ვიცით, რომ ეს დამოკიდებულია მთავრობის პოლიტიკაზე და ელჩებზე. ელჩს შეუძლია იმოქმედოს მთავრობის პოლტიკის ფარგლებში, ხელი შეუწყოს მის შესრულებას. ჩვენ ვიცით, რომ მთავარი პრობლემები საქართველოს ეკონომიკაშია, რაც განაპირობებს დეტალურ უმუშევრობას და დაბალ ეკონომიკურ აქტივობას. ძირითადი ეკონომიკური პრობლემები არის ქვეყნის შიგნით, ამიტომ საჭიროა პოლიტიკის რაციონალიზაცია, შემდეგ უკვე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.

თავის მხრივ, უნდა ითქვას, რომ ქართველი ელჩების საქმიანობა და აქტივობა იმით შემოიფარგლება, რომ რეალურად გარკვეული დიპლოამტიური პროტოკოლის შემსრულებელი სახელმწიფო მოხელეები არიან. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით, გარკვეული ხარვეზები საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს მართლაც აქვს.

„ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას - ნახეთ, როგორ ცდილობს აშშ-ს ელჩი საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებას და ლობირებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ტიპიური ნიმუში იმისა, როგორ საქმიანობს ელჩი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ბიზნეს-ინტერესების დაცვის კუთხით. ამ თვალსაზრისით, ჩვენს ელჩებს გარკვეული შეზღუდვა აქვთ. ჩვენთან უფრო პოლიტიკური თემების ლობირება დგას დღის წესრიგში.

ვთვლი, აქცენტები უნდა კეთდებოდეს ბიზნეს-კონტაქტების დამყარების კუთხით,- ცალსახად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ელჩებმა უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ბიზნეს-პროექტებში და მისი „ჩამოტანით“ იყვნენ დაკავებული, მაგრამ ელჩებს აქვთ ძალიან კარგი კონტაქტები სხვა ქვეყნების ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან - ვისურვებდი, რომ ჰქონდეთ შანსი, გამართონ პრეზენტაციები იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან კალანდაძე.