პარლამენტის საშემოდგომო სესიის მუშაობა ბიუროს სხდომით გაიხსნა, ხვალ კი, პარლამენტის პლენარული სხდომა ჩატარდება. კანონმდებელთა მსჯელობის თემა იქნება „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო და მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ე.წ. მოტივირებული შენიშვნები. დეპუტატები ასევე იმსჯელებენ, „პროკურატურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონპროექტზე.
გარდა ამისა, მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და ამ მიმართულებით კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლას გეგმავს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს განსახილველად ორი პროექტი წარედგინება - ცალკე პროექტად მოხდება კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება ხოლო ცალკე დარეგისტრირდება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები.
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში იქნება შევა. რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს - მას ცოტა მოგვიანებით წარადგენენ. უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა იგივე რჩება - იქნება კვლავ 73 ერთმანდატიანი ოლქი, მაგრამ შეიცვლება მათი საზღვრები.
რაც შეეხება კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, ხმალაძის განმარტებით, იგი 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით - მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს და სათანადო ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაშიც იწვევს.
როგორც ხმალაძე განმარტავს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ინიცირება მიმდინარე კვირას მოხდება, მაგრამ იმის გამო, რომ აღნიშნული ცვლილება 2016 წლის მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველი დღიდან უნდა ამოქმედდეს, საარჩევნო კოდექში გასატარებელი ცვლილებების ნაწილში „დრო ითმენს“.
კოალიცია „ქართული ოცნება“ და კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები
საქართველოს პარლამენტში წარადგენენ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე.
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმად, ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს და არავითარ შემთხვევაში 15%-ს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა.
ოლქების გათანაბრება უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების შესატყვისი შედეგის მიღებას საპარლამენტო მანდატების განაწილებისას. გარდა ამისა, შემოღებული იქნება 50%-ანი საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის, რაც თვისობრივად აამაღლებს მაჟორიტარი დეპუტატების დემოკრატიული ლეგიტიმაციის ხარისხს.
კოალიციაში აცხადებენ, რომ შედეგად, პირველად უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პრინციპების სრული დაცვით.
გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით. საკონსტიტუციო უმრავლესობით კანონპროექტის მიღების უზრუნველსაყოფად, კოალიცია მზადაა აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან.
„მრავალმანდატიან ოლქებში არჩევნების ჩატარების პირობებში, შენარჩუნებული იქნება ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი; რაც, მნიშვნელოვანწილად, პასუხს გასცემს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებულ კითხვებს. კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები აცნობიერებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის მაღალ ხარისხს მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევო კოდექისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში მმართველს გუნდს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსულტაციას უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილთან მართავდა. ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხით მიმართა, როდის გაიმართებოდა კონსულტაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის ამ კითხვაზე უსუფაშვილი განაწყენდა და უპასუხა, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე განასხილველი არ იყო, რადგან კონსულტაციებს დავით ბაქრაძესთან მართავდა. რაზეც მაჭავარიანმა განუმარტა, რომ ბაქრაძის დავალებით არკვევდა ამ საკითხს. საპასუხოდ უსუფაშვილმა მიუგო, რომ ამ საკითხს უკვე ბაქრაძესთან გაარკვევდა.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი თევდორაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა.
„ქართული საზოგადოებრივი სპექტრის დაკვეთა არის რომ იყოს რეგიონალურ პროპორციული სიები, როგორც სამართლიანი და ხალხის ნების გამომხატველი სისტემა, რომლელსაც მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება. ბუნებრივია, ჩვენ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არ წავალთ და „ქართულ ოცნებას“ არ დავეხმარებით იმაში, რომ როგორმე გაიხანგრძლივოს თავისი მოღვაწეობა“, - აღნიშნა გიორგი თევდორაძემ.