„სიგნალი, რომელიც გამოუშვა რუსეთმა, არის მხოლოდ ნაპერწკალი, იმისა რაც შემდგომ შეიძლება მოიმოქმედოს“

„სიგნალი, რომელიც გამოუშვა რუსეთმა, არის მხოლოდ ნაპერწკალი, იმისა რაც შემდგომ შეიძლება მოიმოქმედოს“

„ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სიტუაციის გამწვავება, რუსეთს აქვთ მექანიზმებიიმისთვის, რომ სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონალურ სტაბილურობას“, - აცხადებს for.ge-სთან ექსპერტი საგარეო ურიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ,საქართველომ პარტნიორი ქვეყნების წინაშე უნდა წამოწიოს ეს საკითხი.

მოსკოვი თვლის, რომ ი ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატო-სკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ეს განცხადება მუქარის შემცვლელია?

-რაც შეეხება ამ განცხადებას, რუსეთი იმეორებს იმ სახის განცხადებებს, რასაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტამდე ვისმენდით და საკმაოდ მძიმე შედეგებით დამთავრდა საქართველოსთვის. პარალელურად, ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. რუსეთის გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მისთვის ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა სასიხარულო ამბავი არ არის, ეს ცხადია.

ცხადია, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი გრძელვადიანად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ნატო-სთან ინტეგრაციის დაჩქარებას, ამავე დროს, მოკლე ვადაში ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები, როგორიც არის რუსული მცოცავი ანექსია და ის გეგმები, რომლითაც რუსული მხარე უბრალოდ, უარს ამბობს შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ძალიან საშიში განცხადებაა. ხელისუფლება, უშიშროების საბჭოს, თუ მთავრობის ფარგლებში, ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდს ნატოს წევრ ქვეყნებთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან იმისათვის, რომ ვიზირებულ იქნას  რუსეთის მუქარები, რუსეთმა კარგად დაინახოს, რომ დღეს საქართველს  მხარადჭერა იმაზე ძლიერი აქვს, ვიდრე 2008 წელს ჰქონდა.

ალიანსის მხრიდან ხაზგასმით იქნა გაცხადებული, რომ ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და ამის მაგალითია საჩხერის სასწავლო ცენტრი, რომელიც ასევე ნატოს ეგიდით არსებობს...

-რუსეთი ეძებს მიზეზს. ერთობლივი ცენტის გახსნა მკაფიო სიგნალია, რომ ინსტიტუციურად ნატო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იპოვოს საქართველოსთან თანამშრომლობის გზები, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გამყარებას. ხელისუფლების მხრიდან ამ ცენტრის თემა გამოყენებული უნდა იქნას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში აქტიური დიალოგის გასამართად, რომ შემუშავდეს კონკერტული ერთობლივი მექანიზმები იმისთვის, რომ სანამ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები.

გეთანხმებით, რეალურად საქართველოს ჯარები მომზადდება, როგორც ეს ხდებოდა საჩხერის საწრთვნელ ბაზაზე; ასევე ეს ცენტრი მოემსახურება საქართველოს რეგიონალური სტაბილურობის და უსაფრთხოების თემებს, რომელიც უკავშირდება იმ საფრთხეებს, რომელიც შესაძლებელია რუსეთისთვისაც მომაკვდინებელი იყოს - ეს არის ისლამური ექსტრემიზმი.

ვიცით, რომ ისლამურ სახემწიფოსთან ომში ძალიან აქტიურად არის ჩართული თურქეთი, რუსეთსაც იგივე გამოწვევა აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ კუთხით საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობას რეგიონის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, რუსეთი უნდა მიესალმოს, მაგრამ აქ საუბარია გეოპოლიტიკური პოზიციების დაკავებაზე.

გამოწვევების მიუხედავად რუსეთი წინააღმდეგია გაფართოვდეს ალიანისის გეოპოლიტიკური გავლენა?

-დიახ. რუსეთს არ უნდა დაინახოს, რომ ისლამური სახელმწიფოს სახით მის ცხვირწინ ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს ჩრდილოეთ კავკასიაში.

ამ ვითარებაში, შესაძლებელია რუსეთმა დაიწყოს რბილი ძალის პოლიტიკის ამოქმედება, რაც შესაძლებელია შედეგ უკვე გარკვეულ ქმედებებში გადავიდეს და ეს ქმედება უფრო გამკაცრდეს საქართველოსთან მიმართებაში?

-რუსეთის მიერ რბილი ძალის გამოყენება სახეზეა, იქნება ეს პოლიტიკურ სივრცეში, სამთავრობო სექტორში, თუ ზოგადად მოსახლეობაში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვხედავთ ამას და მათ შორის ქუჩაში. ახლახან შევესწარი საუბარს, როდესაც ძალიან კონკრეტულად მომართული ადამიანი ცდილობდა სხვა ადამიანების დარწმუნებას იმაში, რომ თურმე რუსეთი ჩვენი მეგობარია და მას უბრალოდ უნდა მოვერგოთ, რადგან ამერიკა და ევროპა შორს არის.

ეს არის ის აგენტურა და ის ადამიანები, რომლებიც რეალურად რუსეთის ინტერესებზე მუშაობენ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ კარს მომდგარია არჩევნები, რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუწყოს რუსულ ძალებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ, უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე რამდენად არის მზად რუსეთი, რომ განახორციელოს სამხედრო აგრესია.

ადრეც ვამბობდი -  მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, 2008 წლის შემდეგ ჟენევაში რუსეთთან ვერ მივაღწიეთ თანხმობას, ხელი მოაწეროს თავდაუსხმებლოს შესახებ დოკუმენტს. ამავე დროს, ისიც ცხადია, რომ რუსეთი სიგნალს აძლევს ყველას, რომ საქართველოსთან მიმართებაში მისი გეგმები  დასრულებული არ არის. ერთიანი სივრცის იდეა, რომელიც მას უნდა, რომ გაავრცელოს, მოიცავს საქართველოსაც და ღიად არის გაცხადებული, რომ 2020 წლამდე ეს გეგმა რაღაც ფორმით უნდა განხორციელდეს.

არსებული ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე რამდენად მოახერხებს ამის გაკეთებას რუსეთი?

-აი, ზუსტად აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველანაირად შეეშალოს ხელი და ამისთვის არის ზუსტად დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმევა, რომ მაქსიმალურად ღიად ესაუბროს ჩვენს პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებს, დაარწმუნონ ისინი, რომ საფრთხე არის რეალური. ამიტომ, ისევე, როგორც უკრაინის პროცესშია ჩართული აშშ-იდა ევროკავშირი, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი უმაღლესი დონის ჩართულობას მიაღწიონ. იმიტომ, რომ სიგნალი, რომელიც გამოუშვა რუსეთმა, ეს არის მხოლოდ პირველი ნაპერწკალი იმისა, რაც რუსეთმა რიტორიკის და შემდგომ უკვე ქმედების დონეზე შესაძლოა განახორციელოს.

ფაქტია, რომ სამხედრო მიზნებს ემსახურება აფხაზეთში რკინისგზის აღდგენა. ასევე ფაქტია, რომ ის პროცესი, რომელიც წამოწყებული აქვს - მაქსიმალურად შეეცადოს ჩიხში შეიყვანოს ჟენევის პროცესი და ამავე დროს ევროპული უსაფრთხოების დისკუსიიდან საერთოდ ამოაგდოს საქართველოს თემატიკა - ზუსტად, რომ სამხედრო მიზნებს ემსახურება.

იმ პირობებში, როდესაც მან შესაძლოა ძალიან სერიზოული მარცხი განიცადოს უკრაინაში, აუცილებლად შეეცდება, რომ საქართველოს მიმართულებით მაინც არ ჰქონდეს ჩავარდნა. ამიტომ არის ძალიან რთული სიტუაცია.

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, აქვს რუსეთს იმის რესურსი, რომ ფართომასშტაბიან შერკინებაში გამოიწვიოს მსოფლიო საქართველოს თემასთან მიმართებაში?

-ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ამას არ უნდა ველოდოთ. 2016 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისთვის. თუ შეძლებს რუსული ძალების მობილიზაციას იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომ მეტად გაითვალისწინოს რუსული ინტერესები, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. იმ შემთხვევაში თუკი ამას მიაღწიეს, მაშინ, ძალიან გაუადვილდებათ მიზნების მიღწევა.

ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სიტუაციის გამწვავება, რუსეთს აქვთ მექანიზმები იმისთვის, რომ სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონალურ სტაბილურობას. რუსეთის სამინისტროს განცხადების შემდეგ, საქართველომ პარტნიორი ქვეყნების წინაშე უნდა წამოწიოს ეს საკითხი.

იმიტომ, რომ ეს არის რეალური ხელშესახები პრობლემა, რომელიც პარტნიორმა ქვეყნებმა ნახეს უკარაინაში და ცდილობენ იპოვონ რაღაც გზები. ამ თვალსაზრისით საქართველოც უნდა გახდეს განხილვის თემა და უნდა მოიძებნოს ე.წ. ჟენევა 2-ის ახალი ფორმა, რომელიც საქართველოს მისცემს უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთის შესაძლო ჰიბრიდული, თუ პირდაპირი აგრესიისგან.