„ხელისუფლება არ დაუშვებს, რუსული პროვოკაციების გამო ქვეყნის წინსვლა შეჩერდეს“

„ხელისუფლება არ დაუშვებს, რუსული პროვოკაციების გამო ქვეყნის წინსვლა შეჩერდეს“

რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევად აფასებს, ნატო-ს გენერალური მდივანი, შიდა ქართლში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას და აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

თუმცა, ამის მიუხედავად მოსკოვი თვლის, რომ ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატო-სკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას. მოსკოვი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ამტკიცებს, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროვოკაციული ნაბიჯია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მარია ზახაროვა აზრით, ეს ნაბიჯი ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა,რომელიც მიზნად ისახავს მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებას, რისთვისაც იგი ხშირად იყენებს თავისი პარტნიორი ქვეყნების რესურსებს.

„დასავლეთის ქვეყნებსა და თბილის სშორის კავშირების გაღრმავება რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების დაძაბვას გამოიწვევს. რუსეთი თავის მოვალეობას შეასრულებს და უზრუნველყოფს თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას“, - აცხადებს მარია ზახაროვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მოწოდებულია, რომ პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა შეინარჩუნოს რუსეთთან. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ცენტრი თავისი შინაარსით და ფორმით არანაირად არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს რუსული პროვოკაციების გამო ქვეყნის წინსვლა შეჩერდეს. თინა ხიდაშელის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი,რომ რუსეთი შეწყვეტს საქართველოს პროვოცირებას და მოქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ გააჩეროს საქართველო.

„ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი იმისთვის, რომ ვერავინ გაგვაჩეროს, როგორც 2008 წელს გააჩერეს საქართველოს წინსვლა“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

რაც შეეხება რუსეთის მუქარას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა არ შეიძლება ხიფათის მომტანი იყოს, რადგან ეს არის სკოლა, რომლის მსგავსიც მსოფლიოს მასშტაბით ბევრია გახსნილი. მისივე თქმით, წესით, რუსეთის ინტერესში უნდა იყოს იმ ნდობის გამოყენება, რაც დასავლეთიდან აქვს საქართველოს.

„რუსეთმა იცის, რომ ვერცერთი სასწავლო ცენტრი ვერ იქნება რაიმე საფრთხის შემცველი. თუმცა, ამის მიუხედავად ნამდვილად, არ გამოირიცხება, რომ რუსეთმა ეს უმნიშვნელო ფაქტი საბაბად გამოიყენოს. თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობა - ვიცით, რომ ამ დროისთვის  საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა მათ შორის. ასევე, დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობების ფარული მხარე.

არაერთხელ მითქვამს და ისევ ვიმეორებ, რომ მომხრე ვარ, ქართულმა მხარემ რუსეთთან შეძლოს ღია თუ არა, ფარული ურთიერთობების ქსელის წარმოება მაინც - ანუ, ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომელიც რუსეთს დააინტერესებს დასავლეთთან მიმართებაში. წესით, რუსეთის ინტერესში უნდა იყოს იმ ნდობის გამოყენება, რაც დასავლეთიდან საქართველოს აქვს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.