„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ ცენტრის გახსნით ნატო და საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს. სწორედ, ასეთი განცხადებები და ცენტრის გახსნაც იმის გარანტიაა, რომ სერიოზული ესკალაცია და აგრესია რუსეთის მხრიდან ვერ მოხდება და თუ რუსული აგრესია განმეორდება, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ნატო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი“ დირექტორი, გიორგი მუჩაიძე, რომელიც თვლის რომ რუსეთი თავის ქმედებებში უფრო ფრთხილი იქნება.
რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი და აამოქმედებს თუ არა საქართველოში რბილი ძალის პოლიტიკას? ამ თემებზე for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.
გენერალური მდივანი აცხდებს, რომ ნატო-საქართველოს სასწავლო საწვრთნელი ცენტრი არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული; თუმცა, ამის მიუხედავად რუსეთის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ თუკი საქართველო დაუახლოვდება ნატო-ს, რუსეთი ადექვატურად იმოქმედებს. რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან?
-მიუხედავად იმისა, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით ხდება თუ არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რუსეთის მხრიდან მუდმივად ხორციელდება აგრესიული ქმედებები. ამის მაგალითია ე.წ. საზღვრების გადმოწევა.დასკვნა ძალიან მარტივია, რუსეთს არ უნდა საქართველო შედგეს, როგორც დამოუკიდებელ და წელში გამართულ სახელმწიფოდ. რამდენადაც, ჩვენს ასეთ მძიმე სიტუაციაში ყოფნის შემთვევაში, შესაძლებლობა ექნება, რომ ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე სრული კონტროლი განახორციელოს.
აქედან გამომდინარე კი, ხსნა იმაშია, რომ მეტი ინტეგრაცია მოხდეს დასავლეთთან როგორც ეროკავშირის, ასევე ნატოს კუთხით. როგორც ისტორიამ გვაჩვენა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტორი იმისა, რომ რუსეთი ნაკლებად ჩაერევა საქართველოს საკითხებში და ურთიერთობაც უფრო მეტად ცივილური იქნება რუსეთთან.
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა რუსული მედიის მთავარი განხილვის თემაა. მოსკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროვოკაციული ნაბიჯია.რუსული რეაქცია შემოიფარგლება მცოცავი ანექსიით, რომლის საბოლოო მიზანიც გორი-თბილისის მაგისტრალზე კონტროლის დამყარებაა...
-ნატო-ს მხრიდან ასეთი ცალსახა ქმედებები და გენერალური მდივნის, განცხადებები იმედს მიჩენს რომ სერიოზული ესკალაცია და აგრესია რუსეთის მხრიდან ვერ მოხდება და თუ რუსლი აგრესია განმეორდება, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ნატო.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ალიანსის ეს ნაბიჯი სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორია რეგიონში...
-განცხადება ერთია და კონკრეტული ქმედება - მეორე. თუ ისტორიას გადავხედავთ, მსგავსი აგრესული განცხადებები კეთდებოდა რუსეთის მხრიდან ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც. მეტიც, ბირთვული იარაღითაც კი აშინებდნენ დასავლეთს.
მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც ნატომ მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთი ფაქტის წინაშე დადგა, მისი განცხადებები მხოლოდ განცხადების დონეზე დარჩა.
საბოლოო ჯამში, ძალიან მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოხდა ამ ქვეყნების გაწევრიანება. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ 50-იან წლებში, როდესაც გერმანია მიიღეს ნატო-ში, მისი ტერიტორიის ნახევარი ოკუპირებული იყო წითელი არმიის მიერ.
საქართველოში ნინო ბურჯანაძე ავითარებს ამ პოლიტიკას, რომ საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ვერ გახდება ალიანსის წევრი, თუ უარს არ იტყვის ამ ტერიტორიებზე...
-დიახ, სწორედ იმიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი, რომ ნახევარი გერმანია ოკუპირებული იყო წითელი არმიის მიერ; თუმცა, ამის მიუხედავად გერმანია გაწევრიანდა ნატო-ში. რამდენიმე წლის მერე მთლიანად დაიშალა საბჭოთა კავშირი და გერმანია, როგორც გაერთიანებული სახელმწიფო, მთლიანად შევიდა ნატოში.
გერმანიას მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, რაც გერმანიამ მოიპოვა იმისთვის, რომ ძალიან სერიოზული რეფორმები განახორციელა და წარმოჩინდა, როგორც საერთო ღირებულებების გამზიარებელი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, გერმანიის საფრთხე, საფრთხეს წარმოადგენდა ნატოსთვის - სრული აღქმა იყო იმისა, რომ გერმანია არის სრულუფლებიანი პარტნიორი - მხარდაჭერამაც არ დააყოვნა და დღესდღეობით გერმანია ლიდერი ქვეყანაა ევროპაში.
თუმცა, გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოს რესურსები გაცილებით მოკრძალებულია...
-რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მოკრძალებული რესურსები გვაქვს, მაგრამ თუ განვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, შეიძლება რეგიონის ძლიერ ლიდერადაც ჩამოვყალიბდეთ, გავხდეთ დემოკრატიული და ეკონომიკური კუთხით ფლაგმანი, რაც აუცილებლად გაზრდის ნატოს და დასავლეთის ინტერესს ჩვენს მიმართ.
ბალტიის ქვეყნების მაგალითი მოიყვანეთ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთს სტრატეგიული ინტერესი აქვს, გასაგებია, რომ ვითარება საომარ კონფლიქტამდე არ მივა, მაგრამ გამორიცხავათ, რომ აამოქმედოს იგივე რბილი ძალის პოლიტიკა, რომელსაც მიმართავს ხოლმე რუსეთი?
-გეთანხმებით, რომ ამ მხრივ ძალიან სერიოზულად არის წინ წასული რუსეთი, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს. მაგრამ ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ეს პრობლემა აბსოლუტურად გადაჭრადია. თუ არ გინდა, რომ ეკონომიკური კუთხით დამოკიდებული იყო რუსეთზე და რუსეთის ბაზარზე, მართალია მარტივი გასაკეთებელი არ არის, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელია დაგეგმო და გაატარო შენი პროდუქციის დივერსიფიკაციის პოლიტიკა. ჩვენს მეწარმეებს დავეხმაროთ ალტერნატიული ბაზრის მოძებნაში. რუსეთის ბაზარიარ უნდა იყოს წარმოჩენილი, როგორც ქართული ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზა.
ძალიან მომრავლდა პრორუსული ორგანიზაციები. ა-ო „ევრაზიის ინსტიტუტი“ და მსგავსი არასამთავრობოები; ასევე, რუსეთმა ძალიან გააქტიურა მის მიერ დაფინანსებული და მართული მედიასაშუალებები. საჭიროა სერიოზული და დალაგებული საინფორმაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება და მისი განხორციელება, რომ რუსეთმა თავისი საინფორმაციო საშუალებებით ვერ შეძლოს მოსახლეობისთვის ალტერნატიული რეალობის თავს მოხვევა. ამ კუთხით სერიოზული სამუშაო აქვს განსახორციელებელი საქართველოს მთავრობას.