„ოცნება“ „რუსული პროექტი“ რომ იყოს, ნატოში გულუბრყვილოები არიან?“

„ოცნება“ „რუსული პროექტი“ რომ იყოს, ნატოში გულუბრყვილოები არიან?“

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნით არ კმაყოფილდება და ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას „მაპი“-ის გარეშე ითხოვს, მმართველი გუნდი კი, ხელისუფლების სწორ საგარეო პოლიტიკაზე აპელირებს და სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან მუშაობისთვის ემზადება.

ვინაიდან, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია და ცენტრიც გაიხსნა, „თავისუფალი დემოკრატები“ საგარეო კურსიდან გადახვევაზე აღარ აქცენტირებენ, მაგრამ ხელისუფლებას უელსში მიღებული პაკეტის ზედმიწევნით შესრულებას სთხოვენ.

როგორც for.ge-ს ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, საქართველო ერთ მექანიზმზე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს, რასაც „მაპი“ ჰქვია.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ უელსში ძალიან სერიოზული პაკეტი მიიღო, რასაც საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნას უკავშირდება.

„ქართულმა მხარემ აღებული ვალდებულებები ზედმიწევნით კარგად უნდა შეასრულოს, რათა საბოლოო მიზნამდე მივიდეთ. ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ერთადერთი მექანიზმი „მაპი“ არ არის. არ მინდა, მოვლენებს წინ გავასწრო და ვთქვა, რომ „მაპი“-ს გარეშე ნატოში გაწევრიანებას შევძლებთ, მაგრამ უფრო გლობალურად და გეგმაზომიერად უნდა ვისაუბროთ“, -  განაცხადა დოლიძემ, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

„თავისუფალი დემოკრატის“ ცნობით, საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე როგორც რუსეთის ფაქტორზე, ასევე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე იმსჯელეს.

„რუსეთის თემაზე ვისაუბრეთ. მათ საჰაერო სივრცე დაარღვიეს და ეს პირველად არ მოხდა.  ეს როგორც ცენტრის გახსნას, ასევე საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის სტუმრობას უკავშირდება“, - განაცხადა დოლიძემ, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - „შეცვალა თუ არა საქართველომ ევროატლანტიკური კურსი?!“.

დოლიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე შეუქმნა და არა გზიდან გადაუხვია.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებიდან წამოსვლის მიზეზი უკეთ უნდა აგვეხსნა. საუბარი იმაზე იყო, რომ კურსს საფრთხეს უქმნიდნენ, რადგან გერმანიასა და საფრანგეთში წასულ თავდაცვის მინისტრს თანამშრომლები დაუჭირეს. წინგადადგმულ ნაბიჯს მივესალმებით. მათ შორის, საწვრთნელი ცენტრის გახსნას. მაგრამ წინ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

რაც შეეხება ნაციონალებს, მათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ძალიან ნეგატიური როლი შეასრულეს და მათგან დამოკიდებულებას, რომ 2012 წელს, „ქართული ოცნება“ „რუსული პროექტი“ იყო, ვერ მივიღებთ. ხელისუფლებას სულ მოვუწოდებდით, რომ კონკრეტულ საკითხებზე ორაზროვანი განცხადებები არ ეკეთებინა. ნაციონალებმა კი ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რითაც რუსეთმა იხეირა და საქართველო დამარცხდა“, - განაცხადა დოლიძემ. მისგან განსხვავებით, „რუსულ პროექტზე“  საკუთარ შეხედულებებს არ ცვლის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე.

for.ge-სთან საუბარში ბარამიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის გეგმების შემსრულებელი იმიტომ კი არ არის, რომ ის ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებას ღიად უპირისპირდება, არამედ იმიტომ, რომ ყველა იმ მიმართულებით რეგრესია, ქვეყანას ევროგაერთიანებაში გაწევრიანებისთვის კი პროგრესი სჭირდება.

კანონმდებელის მოსაზრებით, საქართველოს სუსტ და დაძაბუნებულ ინსტიტუტებს არც ნატოში მიიღებენ და არც ევროკავშირში.

ბარამიძე ქვეყნის დასუსტების მიზეზებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ესაა - ჩამოშლილი ეკონომიკა, საბანკო სისტემის დასუსტება, ექსპორტიორი ქვეყნის იმპორტიორად გადაქცევა, სიღარიბის გაზრდა, პოლიტპატიმრების არსებობა და ა.შ.

„ჩვენს სტრატეგიულ სფეროებს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ ყველა მიმართულებით უკუსვლა გვაქვს და ეს არის სწორედ პუტინის პროექტი. ივანიშვილს თანამშრომლობაზე ხელი აქვს თუ არა მოწერილი, ამაზე არ ვსაუბრობ. ივანიშვილი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ღიად არ უპირისპირდება, მაგრამ შინაარსობლივად და საქმით სახელმწიფოს ასუსტებს.

ქვეყანა საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვარდნილია და ივან ივანოვი რომ იყოს მმართველი, სხვას რას იზამდა? საქართველო ყველა მიმართულებით უკან მიდის“, - დასძენს ბარამიძე, რომელიც ამბობს, რომ ნატოს გენერალურ მდივანს პოლიტპატიმრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ოპოზიციის შეფასებებს, რომ საქართველომ კურსს გადაუხვია და კოალიცია „რუსული პროექტია“, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს და ყურადღებას ცენტრის გახსნაზე ამახვილებს.

როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, ცენტრის გახსნა და ნატოს ხელმძღვანელობის სტუმრობა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს და რა თქმა უნდა, წარმატება იქნება.

მისი თქმით, ქვეყანა პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მეტს მიაღწევს თუ არა, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებზე.

„ნატოს წევრობას ნატოს გენერალური მდივანი რომ წყვეტდეს, ეს საკითხი გაცილებით უფრო მალე გადაწყდებოდა. ნატოში განწყობები არ არის და ქვეყნებთან სამუშაოა. რუსეთი საკუთარ პოზიციას არ მალავს და მას საქართველოს დამოუკიდებლობა არ აინტერესებს. რუსეთი ამ ინტერესებით დარჩება. ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთს საწვრთნელი ცენტრი საფრთხეს არ უქმნის. საქართველო იმ გაქანების ქვეყანა არ არის, რომ ვინმეს საფრთხე შეუქმნას. „რუსული პროექტის“ თაობაზე ეჭვი არასოდეს ყოფილა, ეს უბრალოდ, პოლიტიკური საუბრებია. „ქართული ოცნება“ „რუსული პროექტი“ რომ იყოს, ნატოში გულუბრყვილოები არიან? ოპოზიციამ „რუსული პროექტი“ დაინახა და მათ ვერა?“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

დეპუტატი ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკურ განცხადებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ შეცდნენ.

„არ გამოვრიცხავ, რომ როცა „თავისუფალი დემოკრატები“ ამ განცხადებას აკეთებდნენ, მათ ასე ეგონათ, მაგრამ თავდაცვის მინისტრად ხიდაშელის დანიშვნა, ცენტრის გახსნა, „მაპ-ზე“ თამამი საუბარი არის ნიშანი იმისა, რომ ისინი განცხადებებში შეცდნენ. ჩვენი ხელისუფლება ამას არ აჰყვა და გულში მჯიღის ცემა არ დაიწყო. ვისაც სჭირდება, რომ ჩვენ „რუსულ პროექტად“ გამოგვაცხადოს, ის ამას მაინც იტყვის და ეს დაზეპირებული ტექსტია. ეს თემა ძალიან ასაღელვებელიც არ არის, უბრალოდ, ცოტა საწყენია. ჩვენი ქვეყნისთვის პატარა მიღწევა გვქონდა,  როდესაც საქართველოდან „კოზაკს“ პირველად დავესწარით, მაგრამ ამაზე ოპოზიციას და მედიას არაფერი უთქვამს, წინა ხელისუფლების დროს კი, თუ რა მოხდებოდა, ეს ძალიან კარგად იცით“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის მსგავსად, ნაციონალებს წარსულს უხსენებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

როგორც for.ge-სთან საუბარში სესიაშვილი აცხადებს, საზოგადოება თავიდანვე ხედავდა, რომ რუსეთის ფაქტორი არაფერ შუაში იყო.

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მტრის ხატს ყოველთვის იშველიებდა, რათა საკუთარი ძალაუფლება შეენარჩუნებინა.

„სამწუხაროდ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როცა არასწორი განცხადებები აკეთეს. ვინც ხელისუფლებაში იყო და არის, ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყანა კურსს არ ცვლის და ამ გზაზე მტკიცედ ვდგავართ. პოლიტიკური სპეკულაციები იმ პოლიტიკის ნაწილად დარჩება, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ატარებდნენ. თითქოს, ნაციონალები ტყუილებს ნელ-ნელა მოეშვნენ, მაგრამ მათ ცნობიერებაში ის პოლიტიკური ცნობიერება დარჩა, რომ იქნებ, ვინმე გააბოროტონ“, - განაცხადა დეპუტატმა.

სესიაშვილის განცხადებით, ნატო საქართველოს ძალისხმევას ძალიან კარგად ხედავს, რადგან  საერთო ინტერესი - ევროპული უსაფრთხოებაა.

„ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ჩვენ ვაკეთებთ და ვითხოვთ, დანარჩენი - საერთაშორისო პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მართალია, ქართველი დეპუტატები ნატოს გენერალური მდივანთან შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ, მაგრამ მათ იმის თქმა გაუჭირდათ, საქართველო ნატოს წევრი „მაპი“-ის გარეშე გახდება, თუ „მაპ“-ით. მათ რიგებშია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც.

სპიკერის განცხადებით, MAP-ი ტექნიკური ინსტრუმენტია, რომელზეც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იყო ლაპარაკი და ის პოლიტიკური სპეკულაციის თემა არ უნდა გახდეს.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება არა „მაპი“, არამედ - წევრობა.

„ჩვენ რაც არ გვჭირდება, ეს არის რაიმე ტიპის დაბრკოლება. მას „მაპი“ ერქმევა თუ რაიმე სხვა სახელი, ჩვენ დაბრკოლებები უნდა მოვხსნათ. ვინაიდან, ამ საკითხში სიცხადეა შესატანი; ნატოს წევრ სახელმწიფოებს ვთხოვთ, რომ  სიცხადე შევიტანოთ, რათა ეს სპეკულაციების საგანი აღარ იყოს. ის ინსტრუმენტები, რაც საქართველოს აქვს, უნიკალური ინსტრუმენტებია უელსის სამიტის შემდეგ. კერძოდ,  ღონისძიებების პაკეტი და მათ შორის, სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა“, - დასძინა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს დელეგაცია თბილისს 26 აგვისტოს ეწვია და ორმხირივი შეხვედრები გაიმართა. მათ შორის, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა.