„ჩვენი უპირველესი მოწოდება ისრაელის განადგურებაა... ჩვენი პოზიცია უზურპატორი სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ არ შეცვლილა“, - ასეთია ირანელი მაღალჩინოსნის განცხადება.
ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ჰოსეინ შეიხოლესლამი ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - ფილიპ ჰამონდის შენიშვნას, რომ წარსულში მომხდარი უთანხმოება დავიწყებას უნდა მიეცეს.
გარდა ამისა, ფილიპ ჰამონდმა თეირანში ბრიტანეთის საელჩოს გახსნისას განაცხადა, რომ ირანის ამჟამინდელმა მთავრობამ უფრო დეტალური მიდგომა განახორციელა ისრაელთან გრძელვადიანი კონფლიქტთან დაკავშირებით, ვიდრე მისმა წინამორბედმა და დასძინა, რომ თეირანი მისი ქმედებებით შეფასდება და არა - სიტყვებით.
ამის საპასუხოდ, ირანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ თეირანი არასოდეს დაივიწყებს წარსულს და ბრიტანეთის კოლონიალისტურ ქმედებებსაც.
აღსანიშნავია, რომ ირანსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2011 წლის ნოემბერში დასავლეთის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში შეწყდა. მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ირანს სანქციები მოუხსნა, ბრიტანეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე დღის წინ თეირანში საკუთარი საელჩოც გახსნა.
თავის დროზე ამერიკის მიერ ირანისთვის 2012 წელს დაწესებული ახალი სანქციებით უკმაყოფილებას ვერ მალავდა ისრაელი. მართალია, ებრაელებს მოსწონდათ, რომ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობისთვის აშშ-ის კონგრესმა სანქციები დააწესა, მაგრამ ებრაელები ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევდნენ იმას, რომ სანქციები ირანს ატომურ პროგრამაზე უარის თქმას აიძულებდა. ისრაელი იმთავითვე მიიჩნევდა, რომ ირანის ბირთვული იარაღის განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო, პრევენციული დარტყმები მიეყენებინათ ირანის ბირთვული ობიექტების მიმართ.
ნაადრევად ხომ არ იზეიმა თეირანმა სანქციების მოხსნა და ხომ არ იჩქარეს ევროკავშირმა და აშშ-მ ირანთან მიმართებით? ხომ არ გადახედავს დასავლეთი თავის დამოკიდებულებას ირანის თეოკრატიული პოლიტიკური სისტემის გამო?!
ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთელ სამყაროსა და ირანს შორის გარკვეული შეთანხმების მიუხედავად, ეს მაინც თემატური შეთანხმება იყო და, ფაქტობრივად, აქ საუბარი არ ყოფილა ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე. ასე რომ, ირანთან მიმართებით ყველა სისტემური პრობლემა, მსოფლმხედველური, ისტორიული თუ სხვა ტიპის, ისევ ძალაში დარჩა.
„სხვათა შორის, ირანის ხელისუფლებამ მაშინვე გააკეთა კომენტარი, ჩვენ არ ვაპირებთ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას, ეს შეთანხმება შედგა მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ატომური იარაღის კონტროლის კუთხით და ამის საფასური იყო სწორედ სანქციების მოხსნაო. ყველა სხვა საკითხი და პრობლემა ირანთან და ისლამურ ფუნდამენტალიზმთან დაკავშირებით დღის წესრიგში ისევ დარჩა. ამას თავიდანვე აპროტესტებდა ისრაელი და ამბობდა, რომ ირანმა ეს დიპლომატიური რაუნდი მოიგო, რადგან ირანმა მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე დათმო.
საერთოდ, 21-ე საუკუნეში ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება; ანუ ჩვენ ტერიტორიული მსოფლიო ომების ეპოქა გავიარეთ, ახლა ენერგეტიკული ომების ფაზაში ვართ და მსოფლიო დაპირისპირების შემდეგი ფაზა იქნება მსოფლმხედველობრივი, რაც ბევრად უფრო სასტიკია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაპირისპირება.
ტერიტორიული და ენერგეტიკული ომები მაინც პრაგმატულ ამოცანებს გულისხმობს და ცივ ლოგიკას ემორჩილება, ფუნდამენტური მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება კი საღი გონების ფარგლებში ვერ ეტევა და უფრო ემოციურ-რელიგიურ საკითხებში გადადის, რაც ძალზე სახიფათოა. აქ ლოგიკა აღარ მუშაობს და ამ დაპირისპირებას ვერაფერი შეაჩერებს. მით უმეტეს, ირანი ერთ-ერთი ცხელი წერტილია ამ კუთხით“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
გადახედავს თუ არა დასავლეთი სანქციების მოხსნას ირანის წინააღმდეგ, ამის შესახებ ექსპერტი თვლის, რომ ახლა ეს უკვე ძალზე ცუდად გამოჩნდება; დასავლეთის მხრიდან ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლა დიპლომატიური წარუმატებლობის აღიარება იქნება. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, ამერიკაში ახალ არჩევნებამდე ასეთი მოძრაობები დაიწყოს. მით უმეტეს, ობამას და „დემოკრატებს“ მოწინააღდეგენი ამას აუფრიალებენ, როგორც შეცდომას. დღეს კი ობამა ცდილობს, ირანთან შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობასა და ამერიკელ ამომრჩეველს წარმატებად მიასაღოს.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ირანის მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, ბრიტანეთის საელჩო გაიხსნა თეირანში, საფრანგეთმაც გახსნა საელჩო და კონკრეტული ქვეყნის კომპანიები აპირებენ სოლიდური თანხები ჩადონ ირანის ეკონომიკაში. ამის ფონზე, ბუნებრივია, ირანი არ აპირებს თავისი საგარეო პოლიტიკური დოქტრინის შეცვლას, მისი ერთ-ერთი მიზანი ხომ ისრაელის განადგურებაა.
აიათოლა ჰომეინმა როცა გამოაცხადა ისრაელის განადგურების თეზისი, ეს ამერიკასთან უნისონში არ მოდიოდა, მაგრამ ამერიკამ ირანის წინააღმდეგ ცნობილი სანქციები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც თეირანში ამერიკის საელჩო ხელში ჩაიგდეს და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები მძევლად აიყვანეს. თუ კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია, არ გამოვრიცხავ, ისრაელი გადავიდეს ირანთან სამხედრო კონფრონტაციაზე. ირანის მიმართ ამერიკის სამომავლო პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ მოვა ერთი წლის შემდეგ ამერიკის ხელისუფლების სათავეში.
ობამა, როგორც ლიბერალური მმართველი ძალა, ცდილობს სტაბილურობის მიღწევას მსოფლიო პოლიტიკურ დონეზე. ბუნებრივია, ირანთან მოლაპარაკება მას საკმაოდ დიდ საგარეო პოლიტიკურ მიღწევად ეთვლება და „დემოკრატები“ ამ შანსს გამოიყენებენ. თუკი „დემოკრატები“ დარჩებიან ხელისუფლების სათავეში, ეს ჯო ბაიდენი იქნება თუ ჰილარი კლინტონი, ეს პროცესი ისევ გაგრძელდება“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.
თუმცა ეჭვის თვალით უყურებს ამერიკელ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც როგორ პოლიტიკას გაატარებენ ირანთან, რთულად პროგნოზირებადია. ამ ორი ძალის ფონზე ამერიკაში უკვე მესამე ძალაც გამოჩნდა - იზოლაციონალისტები და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, იმავე ტრამპს დიდი შანსი აქვს, გახდეს ამერიკის მომავალი პრეზიდენტი.