„რუსეთის ფაქტორი არის დღის წესრიგში და ამას ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს“

„რუსეთის ფაქტორი არის დღის წესრიგში და ამას ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს“

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არავითარ შემთხვევაში MAP არ უნდა იქნას განხილული როგორც წინსვლის და პროგრესის ერთადერთი ინდიკატორი, MAP-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ნატო-ს უფრო მეტად აქტიურად წარმოჩენა საქართველოში, მეტი ერთობლივი წვრთნები, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ თავსებადობამდე, რომელიც აუცილებელი მოთხოვნაა ასპირანტი ქვეყნისადმი.

მთავარი გზავნილი, რაც ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააჟღერა იყო ის, რომ საქართველო არის ნატო-ს აქტიური და სანდო ასპირანტი ქვეყანა და, რომ საქართველოს და ნატო-ს აქვთ საერთო ინტერესები. რაც გამოიხატება ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და იმ გადაწყვეტილების, შესრულებაში რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, რაც საქართველოს სრულ ინტეგრაციას გულისხმობს ნატო-ში.

„საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატო-ს საქართველოში. გაგვაჩნია ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი და დღეს უკვე გეგმაში გვაქვს გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

ის გავლენას იქონიებს მთელ ქვეყანაზე და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში, რომლისკენაც ერთად მივიწევთ. დღეს უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. ეს რეალური პროგრესია და ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს გახლავთ გზა წევრობისკენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აუცილებელი პირობა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე არის არა MAP-ის მიღება, არამედ საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაყენება. თინა ხიდაშელის განცხადებით, ეს მოხდება MAP-ის მონიჭებით, MAP-ის, როგორც ნაბიჯის, დღის წესრიგიდან ამოღებით თუ კიდევ რაიმე სხვა ფორმით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

მინისტრის შეფასებით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველო ნატო-სთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავიდეს და ამ სხვა ეტაპს პირდაპირ გაწევრიანებისკენ მიმართული ნაბიჯი ერქვას.

გახდება თუ არა MAP-ის გარეშე საქართველო ნატო-ს წევრი და რა მოლოდინები აქვს ქვეყანას ვარშავის სამიტზე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „უსაფრთხოების საკითხებში“ ერქსპერტს, შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

გენერალური მდივანი აცხადებს, რომ MAP-ი არ უნდა იქნას განხილული როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის. შესაძლებელია ალიანსმა საქართველოს შემთხვევაში არ გამოიყენოს MAP-ი როგორც გაწევრიანების აუცილებელი პირობა?

-ნატო-ს გენერალური მდივანიც ადასტურებს, რომ MAP არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი. ნატო-ში ფიქრობენ, რომ საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ეს არ იყოს MAP, მაგრამ იყოს რაღაც სხვა ინსტუმენტი. თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ალიანსში გაწვრიანება არ იზღუდება კონკერტული ინსტუმენტით, რომელიც შეიძლება ან მივიღოთ, ან - არა.

ბუქარესტის სამიტზე მიღებული ჩანაწერი ამბობს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ მეორე მხრივ MAP-ის გარეშე გაწევრიანება რამდენად ადვილი იქნება საქართველოსთვის?

-ეს კიდევ უფრო რთული გზაა, დემოკრატული რეფორმები, ნატოსთან თავსებადობა, დემონსტრირება იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის და ნამდვილად ერთგულია ევროპული ღირებულებების. უფრო რთული გზაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი რამის დამტიკცება და ბევრი ცვლილების განხორციელება მოუწევს ქვეყანას.

ნატო თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს საქართველოს გასაწვერიანებლად, ჩამოვიდა გენერალური მდივანი, ერთი წლის თავზე გახსნა ნატო-საქართველოს სასაწავლო ცენტრი, მაგრამ ამ მხადარჭერას საქართველოს მხრიდანაც სჭირდება ნდობის გამყარება.

გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რომ წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. სტოლტენბერგის ეს გაცხადება ადასტურებს, რომ ვარშავის სამიტი საქართველოსთვის შესაძლებელია წარმატებული აღმოჩნდეს?

-სავარაუდოდ, ისევ იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ ნატო საქართველოსთან მიმართებაში უარს არ ამბობს ღია კარის პოლიტიკაზე. გააჩნია, როგორ წავა საერთაშორისო პროცესები, შეიძლება რაღაცამ დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღება. ეს არის მხოლოდ საქართველოს და ნატოს ურთიერთობაზე დამოკიდებული. გასათვალისწინებელია, როგორც საგარეო ფაქტორები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები, თუ რა კონტექსტი შეიქმნება სამიტის მოსამზადებელ პერიოდში. მაგრამ თავისთავად, გენერალური მდივნის ეს განცხადებები მეტყველებს, რომ წინ მივდივართ.

შეიძლება ითქვას, რომ ალიანსში ჩამოყალიბებულია აზრი საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

-ასეთ შემთხვევაში, უფრო ხაზგასმით იტყოდა - გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსში არსებული აზრი, რომ საქართველოს მიმართ ღია კარის პოლიტიკა არის და საქართველო გახდება ნატოს წევრი. მეტი კონკრეტიკა გენერალური მდივნის განცხადებაში არ ყოფილა და ჩვენც ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

მთავარია, შევქმნათ სწორი მოლოდინები - ეს არის გრძელი, შეიძლება ხანგრძლივი და რთული პროცესი, მაგრამ საქართველო ამ გზაზე გამართულად მიდის, ასრულებს თავის ვალდებულებებს. მონაწილეობას იღებს ავღანეთში სამშვიდო მისიაში და ეს ყველაფერი აღწერა გენერალურმა მდივანმა - აღნიშნა, თუ რამდენად ერთგულია საქართველო და რას აკეთებს იმისათვის, რომ ალიანსს აჩვენოს მისი მხარდაჭერა და მისწრაფება - გახდეს ალიანსის წევრი.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატოს დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევერი. რაც მთავარია, ნატო არ ამბობს, რომ კარს უკეტავს საქართველოს. რა მოხდება ერთი წლის შემდეგ, დღეს ამაზე საუბარი რთულია. ეს არ არის საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე დამოკიდებული, თუმცა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებილია იმაზე, რას იზამს საქართველო. ასევე მნიშვნელოვანია, ნატოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები - ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილების მიღება.

მათ შორის რუსეთის ფაქტორი?

-ბუნებრივია, რუსეთის ფაქტორი არის დღის წესრიგში და მას ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს. მნიშვნელოვანია, რომ სრულდება უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება. ეს კარგ მოლოდინებს გვიქმნის. თუმცა, ზედმეტი მოლოდინიც არ უნდა შევიქმნათ, იმიტომ, რომ არსებობს შიდა და საგარეო ფაქტორები, რომელიც გავლენას იქონიებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

როდესაც საუბარია საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ამ საკითხს ებმის ოკუპირებული ტერიტორიების თემა. კეთდება განცხადებაც, რომ როდესაც ქვეყანას აქვს კონფლიქტური რეგიონები, ალიანსი თავს იკავებს ასეთი ქვეყნების გაწევრიანებზე. თქვენი შეფასებით, ოკუპირებული რეგიონები შესაძლებელია, გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

-პირიქით, საქართველოს ეს პრობლემები იმიტომ აქვს, რომ რეგიონში რუსეთს უზარმაზარი სტრატეგიული ინტერესები აქვს და ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველო ისწრაფვის ალიანსისკენ. ოკუპირებული ტერიტორიები არის ერთ-ერთი გარემოება, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო შემოიჭრას რეგიონში და მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გავლენის სფერო. ასე რომ, ეს პრობლემა კი არ არის, ეს არის გამოწვევა და ის რისკფაქტორი, რაც მნიშვნელოვანს ხდის საქართველოს ნატოში გაწვერიანებას, რომ ქვეყანამ დაიცვას და აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი.