მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით თამარ ბერუჩაშვილს, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის. ეს ცვლილება კი სექტემბერში იგეგმება. მთავრობის წევრები არ ადასტურებენ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრის შესაძლო განთავისუფლების შესახებ. სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არანაირ კონსულტაციებში არ მონაწილეობს და არავითარი ინფორმაცია არ აქვს.
საკადრო ცვლილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, რომლის განცხადებით, ეს ინფორმაცია მხოლოდ ზოგიერთი ჟურნალისტისგან გაიგო. განსხვავებულია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადება. მინისტრი ამბობს, რომ ზოგადად საკადრო ცვლილებები იყო, არის და იქნება. „დანარჩენი როცა რამე მოხდება გაიგებთ ყველაფერს. ამაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მთავრობაში საკადრო ცვლილებებისა და კერძოდ, თამარ ბერუჩაშვილის შეცვლის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, მართველი გუნდი ბერუჩაშვილის საქმიანობით კმაყოფილი არ არის. ქვეყნის პირველი დიპლომატის საქმიანობით აღფრთოვანებული არც ექსპერტები არიან. თუმცა აცადებენ, რომ არც მაია ფანჯიკიძის დროს ქუხდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ექსპერტები თვლიან, რომ საკადრო ცვლილებებს აზრი არ ექნება, თუკი არ შეიცვლება საკადრო პოლიტიკა.
რაც შეეხება საგარეო უწყებას და მის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს როგორ ფორსმაჟორში მოხდა თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნა. მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც მინისტრის ცარიელი სავარძლის დამკავებლის პოვნა საკმაოდ გაჭირდა, საეჭვოა რეალური იყოს ამ უწყების ხელმძღვანელის ცვლილებებზე ლაპარაკი.
„ეს არის უწყება, რომლის მუშაობა ყველასთვის თვალსაჩინო არ არის. საგარეო უწყების დიდი ნაწილი დახურულია, მსჯელობა შეგვიძლია მხოლოდ იმის თაობაზე, რა ხდება საგარეო პოლიტიკაში. ვერ ვიტყვით, რომ ფანჯიკიძე-ბერუჩაშვილის დროს საგარეო პოლიტიკაში მძიმე შედეგები იყო.
არსებითი ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირისკენ, რომელიც ამ უწყების დამსახურებაც არის. ბოლო პერიოდში უაღრესად საინტერესო მიმართულება გაჩნდა ჩინეთის ხაზით, რამდენადაც ვიცი საგარეო უწყებას გარკვეული პოზიციები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. მესამე კომპონენტი საგარეო ურთიერთობების საქმიანობისა გახლავთ ის, რომ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ისეთი ბრმა აგრესიით აღარ ხასიათდება, როგორსაც მიჩვეული ვართ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ქვეყნის პირველ დიპლომატს კვალიფიკაციას უწუნებს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, რაც მალე შეიცვლება საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, რადგან მისივე განცხადებით ბერუჩაშვილის მინისტრობის პერიოდში ქვეყანამ ერთი ახალი მეგობარი ქვეყანა ვერ შეიძინა, რაც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გააქტიურდა ნატოსთან ურთიერთობა, რაც თავდაცვის მინისტრის დამსახურებაა და არა საგარეო საქმეთა სამინისტროსი.
„დროულია, თუ დაგვიანებული არ არის. ქალბატონი ბერუჩაშვილი „ნომინალური“ მინისტრი იყო, ეს დაეტყო სამინისტროს და ქართულ დიპლომატიას. ბერუჩაშვილზე ერთი დადბითი უნდა ითქვას - მას არასოდეს არ ჰქონია მინისტრის ამბიციები. ეტყობა, რომ ყოველთვის შემსრულებელი იყო. მას არ აქვს ის ამბიციები რომელიც ჰქონდა ქალბატონ ფანჯიკიძეს, თუმცა არც ის ბრწყინავდა დიპლომატიური მიღწევებით, მაგრამ ახლა საერთოდ გაფერკმთალდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მთავრობის დიპლომატიურ კანცელარიად იქცა.
ჰაერივით სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას უცხოელი მეგობრების სიმრვალე. სამწუხაროდ, ბერუჩაშვილის მინისტრობის პერიოდში ქვეყანამ ერთი ახალი მეგობარიც კი ვერ შეიძინა უცხოეთში. პირიქით, იმ მეგობრების მხრიდანაც არ არის დიდი მხარდაჭერა, რომელიც გვყავს. ამიტომ, ბერუჩაშვილზე ბევრი საუბარი არ ღირს, ის არ არის კვალიფიცირებული მინისტრი, ამიტომ რაც მალე შეიცვლება მით უკეთესი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული მინისტრების გადაადგილებით არაფერი შეიცვლება, თუ დამარცხებული არ იქნა მმართველობითი კრიზისი, რომელსაც სჭირდება რადიკალური რეფორმა და არა თერაპიული მსუბუქი გადაადგილებები.
„თუ არ იქნება მწყობრი საგარეო პოლიტიკური ხედვა, რა მნიშვნელობა აქვს ბერუჩაშვილი იქნება მინისტრი თუ კვირიკაშვილი, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია მინისტრთა კაბინეტში?.. გვახსოვს, ალბათ, როგორ მოხდა ბერუჩაშვილის დანიშვნა - ძალიან უცნაურად ვითარდებოდა მაშინ მოვლენები. სამწუხაროდ, იმ სიტუაციაში ვერ აჩვენა საუკეთესო მორალური თვისებები, თავისი ურთიერთგამორიცხავი ქმედებებით გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი. ასეთი გადაადგილებები საინტერესო არ არის.
მმართველობითი სისტემის სერიოზული კრიზისი გვაქვს. უნდა მოხდეს სისტემის გადახედვა, დასახვეწია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღებაც საკუთარ თავზე. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და ამაზე მეტყველებს იგივე, ლარის კურსიც, როდესაც ხელისუფლება ამ ნეგატიური პროცსების კომენტატორად იქცა და არანაირი ქმედებების ნიშანწყალი არ ჩანს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.