„საქართველოში უსაფრთხოების რკალი ძლიერდება“

„საქართველოში უსაფრთხოების რკალი ძლიერდება“

ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა გახსნეს. ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. ცენტრის, ისევე როგორც პაკეტის სხვა ინიციატივის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ნატო-ს ძალებთან თავსებადობის გაზრდა. სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარების მიზნით, ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობას გამოიყენებს. პროექტის განხორციელებას, ქართველ კოლეგებთან ერთად, ნატო-ს წევრი ქვეყნების, კერძოდ, დანიის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი საქართველოს დახმარების აღმომჩენი იქნება, რათა 21-ე საუკუნის გამოწვებს დაუპირისპირდეს. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების დამხმარე იქნება, ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის.

„საქართველო და ნატო ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ იმ მომზადებიდან რასაც ცენტრი შესთავაზებს მსმენელებს. ცენტრი არ არის მხოლოდ შენობა და მხოლოდ ოფისები. მასში შედის პოლიგონები, სხვადასხვა ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ქართული და ალიანსის პერსონალი ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ერთობლივი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

გასულ სექტემბერს, ნატო-ს ლიდერები და საქართველოს ხელმძღვანელობა მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აღნიშნული ცენტრი უნდა დაარსებულიყო. ჩვენ ეს ვალდებულება ვადებში შევასრულეთ. ნატო საქართველოს დაპირდა სერიოზულ მხარდაჭერას რათა სტიმული მისცეს საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯია ამ დაპირების შესრულების საკითხში“, - აღნიშნა გენმდივანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ნატო-საქართველოს ურთიერთობაში.

„გაერთიანებული წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა დამატებით განვითარდება. საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატო-სთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა უფრო ამაღლდება ქვეყანაში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებით, ცენტრი რეგიონალური უსაფრხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში იდგება.

„სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ეს ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს სწორედ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცების კვალიფიცკაციის ამაღლებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნის ცერონიაზე, ქართველ ჯარისკაცებს მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს დღე, საკუთარი სისხლისა და ოფლის ფასად სწორედ მათ მოიტანეს.

„დღეს ჩვენც ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით - ჩვენი, როგორც თავისუფალი, დამოკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს არა მარტო ჩვენს მიწა-წყალზე, არამედ გლობალური მასშტაბით.

ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთი მიზნისთვის, დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივაც ჩვენ ვართ გაერთიანებულნი. დიდი სიამაყით ვდგევართ დღეს აქ, იმიტომ რომ იმაზე მეტი სიამაყე არ შეიძლება ჰქონდეს ქართველ კაცს, ვიდრე იარაღით ხელში იცავდეს თავისი და თავისი საზოგადოების მშვიდ ძილს“, - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის უკუქცევადობის, საქართველოს არჩევანის ურყეობისთვის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის.

„ნატო დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია. ნატო-ს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები, ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა. ნატო-ს მოაქვს მშვიდობა. საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა ბევრი თაობის ოცნება იყო და გვაქვს ამბიცია, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ.

საქართველოსთვის რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისგან და ოკუპაციისგან და იპოვის თავის ადგილს დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში. ვდგავართ ძლიერ საძირკველზე. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა რესურსის მობილიზებით და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით გაგრძელდება ნატო-საქართველოს პროექტების წარმატებით განხორციელება, რაც დარწმუნებული ვარ, სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.