„საომარი მოქმედების სცენარამდე საქმე არ მივა“

„საომარი მოქმედების სცენარამდე საქმე არ მივა“

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია. დღეს, 11:30 საათზე იენს სტოლტენბეგი, პრემიერ-მინისტრს შეხვდება. 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან. დღესვე გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი.

გარდა იმისა, რომ გენერალური მდივანი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნის, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი შედგა იმის ფონზე, როდესაც მზადდება ნატოს მომავალი მინისტერიალი და ნატოს ვარშავის სამიტისათვის იწყება მზადება.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი არის გზავნილი, რომ ნატო-ს დღის წესრიგში საქართველოს სერიოზული და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას, მაისურაძის განაცხადებით, აღნიშნული ცენტრის გახსნა მხოლოდ ხელს შეუწყობს როგორც საქართველოში, ისე რეგიონული მასშტაბით უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

„ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად არიან, რათა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს“, - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ. 

პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებთ, ეს შეხვედრა ხდება მაშინ, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო უელსის სამიტზე.

„პრობლემათა სპექტრი არის ძალიან დიდი და ფართო. ეს მოიცავს რა თქმა უნდა, უსაფრთხოების პრობლემებს, რომელშიც ასევე იგულისხმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ასევე ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ე.წ. საშინაო დავალებების მიმდინარე პროცესი“, - აცხადებს  თენგიზ ფხალაძე.

ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრს გახსნასთან დაკავშირებით ცნობილია კრემლის პოზიცია. მოსკოვი  ცენტრის გახსნას „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახება. მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

თუმცა ობიექტი, რომლის გახსნა რუსეთს ასე აშინებს, იქნება სასწავლო ცენტრი და არა სამხედრო ბაზა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ალიანსი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მოდერნიზაციაში, რათა საქართველომ ნატოს სტანდარტებთან მიახლოება შეძლოს. მეტიც, ალიანსის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ მზადყოფნაც გამოთქვა, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, გი ვოლსკი აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე რუსეთის რეაქცია იქნება ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური.

„საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული საგარეო კურსი, რომელიც რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. მეორე მხრივ, არის რუსეთის სტრატეგიული ინტერესი სამხრეთ კავკასიაში, რომლის რეალიზაცია წინა ხელისუფლების უგუნურობის ხარჯზე მოახდინა რუსეთმა.

კერძოდ, მან გააძლიერა თავისი სამხედრო რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში. ამით გაძლიერდა იმ უბანზე, სადაც არის ალტერნატიული დერეფანი ენერგორესურსების გადაადგილებისა კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით და გააძლიერა ჩრდილო კავკასიის ზურგი - ეს ის თემაა, რომელზედაც ჩვენ გვაქვს გარკვეული და მნიშვნელოვანი პრეტენზია“, - აცხადებს გი ვოლსკი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საწრთვნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა საფრთხეებს აღმოაჩენს იგი ამ ცენტრის არსებობისას. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა რბილი პოლიტიკა დაიწყოს და შემდეგ ეს ქმედება გაამკაცროს კიდეც.

„რუსეთს შემუშავებული ექნება ნებისმიერი ქმედების გეგმა. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად დიდ საფრთხეს აღმოაჩენს იგი სასწავლო ცენტრში, რომელიც ნატოს ეგიდით უნდა ამოქმედდეს. არაერთი განმარტება მოგვისმენია, არა მხოლოდ ამხანაგი პუტინისგან; რამდენიმდე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს გახდება ნატოს წევრი.

რუსები დაიწყებენ შედარებით რბილი სანქციით, მერე შეიძლება უფრო გამკაცრდეს, იმის მიხედვით, რა რეაგირება ექნება არსებულზე თავად ნატოს მომავალ წელს ვარშავაში ჩასატარებულ შეხვედრაზე“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ ნატო-საქართველოს საწრთვნელი ცენტრის გახსნას რუსეთმა მხოლოდ განცხადებებით უპასუხოს. მაისაია დარწმუნებულია, რომ საომარი მოქმედების სცენარამდე საქმე არ მივა. როგორც მაისაია აცხადებს, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნით, საქართველოს ექნება საშუალება მიიღოს ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით გააძლიერებს  თავდაცვისუნარიანობის პერსპექტივებს, რაც საქართველოს დაეხმარება სამხედრო რეფორმების განხორციელებაში და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„რუსეთის რეაქცია სახეზეა,  25 აგვისტოს დაიწყო სამხედრო-საზღვაო წვრთნები კასპიის ზღვის აუზზე, ასევე, ტაქტიკური საზღვაო წვრთნები ჩატარდა შავი ზღვის აუზის აკვატორიაში, რომლის ფარგლებში მოხდა საზღვაო ფეხოსანთა გადასხმის იმიტაცია. რუსეთმა შავ ზღვაში და კასპიის აკვატორიაში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ეს არის ერთგვარი პასუხი ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის განხსნასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ოფიციალური პირები დუმან და ალბათ მათ რექაციას უნდა ველოდოთ ცენტრის გახსნის შემდეგ. არ მგონია, რომ საქმე საომარი მოქმედების სცენარამდე მივიდეს, თუმცა, რუსეთი მაინც რუსეთია. უფრო იქნება მუსკულების დემონსტრირება და ალბათ, აგრსესიული განცხადებები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.