„კარგად გვახსოვს რისი მომასწავებელია საქართველოსთვის ოლიმპიურ თამაშებზე პუტინის დასწრება“

„კარგად გვახსოვს რისი მომასწავებელია საქართველოსთვის ოლიმპიურ თამაშებზე პუტინის დასწრება“

ჟენევის ფორმატს დასავლეთი უკვე ღიად აკრიტიკებს. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ელმარ ბროკი თვლის, რომ ჟენევის მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი ტონი უნდა შეიძინოს, რუსეთმა კი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. მისივე განცხადებით, რუსეთის მცოცავი ოკუპაცია მიუღებელია და საქართველოს მთავრობამ თავისი უფლებები უნდა დაიცვას.

„ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია. თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი; მაშინ ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს.

დასავლეთის მხრიდან კეთდება ის, რის შესაძლებლობასაც არსებული სიტუაცია გვაძლევს.
ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასე რომ, არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად.

რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ საქართველოსა და მსგავსი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა მათ წინააღმდეგ მიმართული საფრთხე კი არა, ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია და მათ აქვთ უფლება, შიდა საქმეები თავადვე გადაწყვიტონ“, - განაცხადა ევროდეპუტატმა.

მისივე თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა საფრთხის ქვეშ დადგეს. როგორც ელმარ ბროკი აცხადებს, ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, საკითხი ასე უნდა იდგეს - სურთ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა და ცხოვრების ისეთი სტანდარტი, როგორიც რუსეთშია, სადაც 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუ სურს ევროპასთან პარტნიორობა და წარმატებული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური და სოციალური სისტემა.

„ჩვენ დავეხმარებით იმ ქვეყნებს, რომლებიც არჩევანს ევროპაზე შეაჩერებენ. ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს, იმავდროულად, რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს.

რუსეთისთვის არავის მიუცია უფლება, ჩაერიოს სხვა ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებში. ამჟამად, მთავარია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა გავაძლიეროთ“, - აცხადებს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ელმარ ბროკი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ხელში უკვე ჩაიგდო ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი. 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართეს.

შდეგად ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი, რომელიც სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი ტონი უნდა შეიძინოს, იზიარებს ექსპერტი საგარეო ურთიერთობა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, ჟენევის ფორმატი ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. მისივე განცხადებით, ეს პროცესი საკმაოდ რთულად მიდიოდა თავიდანვე, მაგრამ განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევით მავთულხლართებს აბამს საქართველოს ტერიტორიაზე, საფთხე იზრდება.

„ცხადია, რომ უნდა მოხდეს ჟენევის ფორმატისთვის ახალი იმპულსის მიცემა და სწორედ ამ საკითხების ეფექტური განხილვა მოხდეს. ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა ჟენევის ფორმატის მონაწილე მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრების და შემდეგ უკვე პირველი პირების შეხვედრა;

უნდა შეთანხმდნენ ე.წ. ჟენევა 2-ის ახალ ფორმატზე, სადაც განხილული იქნება ეფექტური მექანიზმები ამ პროცესის რეალური წარმატებისკენ წასაყვანად. სხვა შემთხვევაში ჟენევის ფორმატი და ნებისმიერი განცხადება, რომელიც გაკეთდება მის ირგვლივ, უბრალოდ იქნება განცხადება განცხადებისთვის და ჩვეულებრივი აღშფოთების გამოხატვა“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

როგორც მაჭავარიანი მიიჩნევს, ხელისუფლების პოლიტიკამ შედეგად გამოიღო ის, რომ საქართველოს ბედი და 2008 წლის ხელშეკრულების შესრულება-არშესრულების საკითხი წყდება მოსკოვში და არა დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით. 

„რუსეთი ამას ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამიტომ არის საჭირო ჟენევის ფორმატის გამოყენება. ვხედავთ რაც ხდება უკრაინაში, სადაც ევროპის და აშშ-ის პირველი პირები აქტიურად არიან ჩართული პროცესის დარეგულირებაში. არანაკლები სიმწვავისაა რუსეთის გეგმები საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ აუცილებელია ჟენევის ფორმატის ეფექტურად გამოყენება. 

სხვა შემთხვევაში ის შედეგი, რომელსაც მივიღებთ ხელისუფლების უმოქმედობით თუ არასწორი მოქმედებით, მიგვიყვანს იქამდე, რომ დავბრუნდებით იმ წლებში, როდესაც საქართველოს ბედი წყდებოდა მოსკოვში და არა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით ევროპის დედაქალაქებში. 

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები იყვნენ ჩართული ამ პროცესში. რადგან სხვა მექანიზმი რუსეთის შეჩერებისა, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ორმხრივ ფორმატში უბრალოდ, არ გააჩნია. რუსეთი ამას ხედავს და  ეცდება, რომ ბოლომდე მიიყვანოს ის საქმე, რომელიც 2008 წელს ვერ დაასრულა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ელმარ ბროკის განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც გაფრთხილება ახალი სანქციების შესახებ, რომელიც შეიძლება დაემუქროს რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაგრძნობს ვერაგულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. 

„საფუძველი ასეთი ეჭვის არსებობს - გავიხსენოთ 2006 წელს რას ნიშნავდა რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის ტერიტორიაზე და რისთვის გამოიყენეს შემდეგ. რაღაც ავისმომასწავებელი თანხვედრაა. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს ბრაზილიაში იმართება ოლიმპიური თამაშები. შესაბამისად, კარგად გვახსოვს რისი მომასწავებელია საქართველოსთვის ოლიმპიურ თამაშებზე პუტინის დასწრება. ამიტომ, ქართული ხელისუფლების და ქართული საზოგადოების ერთიანობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია რაიმე პოზიტიური პერსპექტივა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეეხება ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადებას, პოლიტოლოგი თვლის, რომ ბროკის განცხადება მიმართულია იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საქმიანობენ ჟენევაში. 

„ეს მათკენ გასროლილი ისარი უფროა, ვიდრე საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებისკენ. დიდი ხანია, ვცდილობ, დავარწმუნო ამ ფორმატის ორგანიზატორები, რომ ვიდრე თბილისი-მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალი ერთ „კვარტეტად“ იქნება წარმოჩენილი და არაფერი გაკეთდება ამ „კვარტეტის: სამ „დუეტად“ დასაშლელად, რომ ჟენევაში პირისპირ ისაუბრონ თბილისი-მოსკოვი, თბილისი-სოხუმი და თბილისი-ცხინვალის სტატუსით ჩასულმა დელეგაციებმა, მანამდე რაიმე პროგრესი ჩვენს ურთიერთობაში არ იქნება. 

„კვარტეტის“ დაშლის შემთხვევაში უფრო მკაფიო იქნება მოსკოვის სრულიად მიუღებლობა. რუსეთი ამ შემთხვევაში წარმოჩინდება არა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მშვიდობისმყოფელი და საქმის მომრიგებელი, არამედ, როგორც მხარე, რომელიც არის ოკუპანტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.