„ქვეყნისა და ლარის წინააღმდეგ გარკვეული თამაში და შეთქმულება მიმდინარეობს“

„ქვეყნისა და ლარის წინააღმდეგ გარკვეული თამაში და შეთქმულება მიმდინარეობს“

დოლართან მიმართებაში ლარის კურსი დღითიდღე უფასურდება,  მმართველი გუნდი პროცესებს ეროვნული ბანკის პასიურობას უკავშირებს, ოპოზიცია კი, მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აპელირებს.

ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, for.ge პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს ესაუბრა.  

პარლამენტი საქმიანობას პირველ სექტემბერს განაახლებს და დღის წესრიგში ვეტოს დაძლევა დგას. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შენიშვნების განხილვას როდის გეგმავთ?

-ჩემი პოზიციაა, რომ პირველივე სასესიო კვირას დღის წესრიგში ვეტოს დაძლევის საკითხი დადგეს და საკითხი გადაწყდეს, რათა გაურკვეველ ვითარებაში არ ვიყოთ. ხომ ხედავთ, როცა ვეტოს დაძლევის პერიოდი მოვიდა, ახლა დოლარის კურსი ავარდა, მაშინ, როცა არ უნდა ავარდნილიყო. ყველაფერი ქვეცნობიერად ერთმანეთთან დაკავშირებულია. შესაბამისად, ვეტოს დაძლევა უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ვეტოს დაძლევა და ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა ლარის კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს?

-ეს პროცესი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაც ლარის კურსის გამყარებას და სტაბილურობას ხელს შეუწყობს.

ანუ, თქვენ ხელისუფლების პოზიციას ამყარებთ, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის გაუფასურებას ხელოვნურად ცდილობს?

-საკითხს სხვა რაკურსით დავსვამდი. გაურკვეველი სიტუაცია ერთობლიობაში იმის საფუძველს ქმნის, რომ მავანს და მავანს საშუალება ჰქონდეს, გარკვეული მანიპულაცია მოახდინოს და ლარის კურსი ამ მდგომარეობაში იყოს.

„მავანი და მავანი“ ვინ არის?

-მომავალს დაველოდოთ და ყველაფერი დეტალურად გაირკვევა.

თქვენი თანაგუნდელი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ეროვნული ბანკის უკან ნაციონალების პოლიტიკური ინტერესები დგას. მმართველი გუნდი ლარის გაუფასურებას ეროვნულ ბანკის ქმედებებს უკავშირებს, მაგრამ ოპოზიცია მთავრობის გადაყენებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს. პროცესების მსგავსი სცენარით განვითარება მოსალოდნელია?

-„ნაციონალური მოძრაობის“ დროს საკვანძო თანამდებობაზე არაპოლიტიკური ფიგურა ინიშნებოდა? - რა თქმა უნდა, არა. ოპოზიცია იმისაა, რომ მთავრობის გადაყენება მოითხოვოს, უმრავლესობა კი, მთავრობას ნდობას უცხადებს. რადგან მთავრობას ნდობა გამოვუცხადეთ, ე.ი მას ვენდობით.

რაც შეეხება არჩევნებს, მოულოდნელი არაფერია. პოლიტიკური მოვლენები როგორ განვითარდება, არავინ იცის. თუკი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, ამაში ტრაგიკული არაფერია.

თუკი ეჭვი არსებობს, რომ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებას ეროვნული ბანკი ხელოვნურად ახდენს, საბოტაჟი კონსტიტუციური დანაშაულია და ხელისუფლება შესაბამისს ზომებს რატომ არ მიმართავს?

-ხელისუფლებამ გარკვეული ქმედითი ნაბიჯი რომ გადადგას, ბუნებრივია, მოსაზრება და ეჭვი დადასტურებული უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე ქმედების გატარება არასწორი იქნება. როცა ყველაფერი ცნობილი გახდება, პრობლემის აღმოსაფხვრელად ქმედითი  ნაბიჯები გადაიდგმება.

თქვენ რაღაც „შეთქმულებაზე“ მიანიშნებთ და რაღაც დროს ელოდებით, რომ „ყველაფერი გაირკვეს“, მაგრამ ვინაიდან, ლარის გაუფასურება თითოეული ქართველის ოჯახზე აისახება, თუ რაიმეა გასარკვევი, პროცესს რატომ აჭიანურებთ?

-გეთანხმებით, რომ პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს. მავანისა და მავანის მიზანი ისაა, რომ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ აამხედროს.

„მავანში“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?

-რა თქმა უნდა. რა ხერხებით და ვისი ხერხებით მოძრაობენ, ეს სხვა თემაა. უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველამ უნდა დაიცვას და საკითხზე მაშინ უნდა ვისაუბროთ, როცა ამის სერიოზული საფუძველი იქნება.

ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის და მმართველი გუნდი უსუსურად არ გეჩვენებათ? 

-რა თქმა უნდა, არა. როცა ორი მხარე დაობს, მართალი ადამიანი ტყუილს არ კადრულობს. საზოგადოება თავის დროზე დარწმუნდება, საქმე რასთან ჰქონდა.

საზოგადოებას რასთან აქვს საქმე? რას გულისხმობთ?

-საკუთარი ქვეყნისა და ლარის საწინააღმდეგოდ გარკვეული თამაში და შეთქმულება მიმდინარეობს.

თუკი რაიმე შეთქმულება არსებობს, მის წინააღმდეგ ხმას რატომ ვერ იღებთ? გიორგი ქადაგიძეს საერთაშორისო ორგანიზაციები ლობირებენ? ხელისუფლება რაიმე  ზეგავლენას განიცდის?

-ვერ გეტყვით, რომ ხელისუფლება რაიმე ზემოქმედებას განიცდის. ეროვნული ბანკის შესახებ სავალუტო ფონდის ანგარიშებს გაეცანით და ნახავთ, იქ ეროვნულ ბანკს რაზე მიუთითებენ და რას უწუნებენ.

for.ge-ს ინფორმაციით, საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ახლდება, მაგრამ ზაფხულზე გასაფორმებელი დოკუმენტი ისევ თაროზეა შემოდებული. რა ხდება? დოკუმენტს ხელს სავალუტო ფონდი არ აწერს, თუ ქართული მხარე?

-ქვეყანას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ხელშეკრულება გაფორმდება. საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც საკითხები შესათანხმებელი და დასამუშავებელია. ხელისუფლება სწორედ იმიტომ არის, რომ ხელშეკრულებას ჩახედოს და ის ვალდებულებები აიღოს, რისი შესრულებაც შეუძლია. ხელშეკრულების დადება იმ პირობებით უნდა მოხდეს, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო.

რაც შეეხება პრემიერსა და პრეზიდენტს, გაერო-ში დაგეგმილი ვიზიტი ისევ განსჯისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება. ამერიკაში ვინ უნდა წავიდეს - მარგველაშვილი, თუ ღარიბაშვილი?

-გაეროში პრემიერი უნდა წავიდეს და მოხსენებით გამოვიდეს. ეს მისი მოვალეობა და უფლებაა. ის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, რომელიც მთავრობის გეგმებზე პასუხისმგებელია. რაც შეეხება გენდერის თემაზე პრეზიდენტის გამოსვლას, ეს დამოუკიდებელი თემაა. ერთსა და იმავე პერიოდში, ორი დელეგაციის წასვლა მართებულად არ მიმაჩნია, მაგრამ ეს საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას განცდა რჩება, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს „ჩაგრავს“?

-თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტს საკუთარი თავი დაჩაგრული ჰგონია? რითია, დაჩაგრული? ნეტა, ქვეყანაში ასეთი დაჩაგრული ბევრი გვყავდეს. წინასაარჩევნო პერიოდში, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა, ყოფილი ხელისუფლების მიერ მომზადებულ კონსტიტუციაში რა ეწერა.