27 აგვისტოს საძირკველი ჩაეყრება კრწანისის სასწავლო ბაზას, სადაც ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი გაიხსნება. თავად კრწანისის სასწავლო ცენტრი გარკვეულ მზადყოფნაშია, რადგან იქ სწავლებები წლების განმავლობაში ტარდება. თუმცა, იმ მიზნებისთვის, რაც ამ ცენტრს აქვს, კიდევ ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი. ეს კი, როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ნატო-ს კონსულტანტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდება.
გარდა ამისა, თინა ხიდაშელის განცხადებით, შემდგომი თვეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე მსგავსი ღონისძიება ჩატარდება. მისივე განმარტებით, SNGP და უელსის პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა წერტილებისა და ადგილების გახსნა იგეგმება იმისათვის, რათა სწრაფად შესრულდეს უელსში აღებული ვალდებულებები.
ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნით აღშფოთებული სეპარატისული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ცენტრი ხელს შეუშლის რეგიონში სტაბილურობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსების, აფხაზების და სამომავლოდ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტის მიერ გაკეთებული განცხადებები ხელს ვერ შეუშლის ქართულ სახელმწიფოს, იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ჩვენმა ქვეყანამ.
„გასაგებია, რუსები, აფხაზები, რუსული პოლიტიკური ელიტა, აფხაზური პოლიტიკური ელიტა და სავარაუდოდ, სამომავლოდ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტაც გააკეთებენ რაღაც ტიპის განცხადებებს, რომელიც კრემლში იწერება. ეს ვერ გააჩერებს ქართულ სახელმწიფოს მიზანმიმართულად და სისტემურად იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ჩვენმა ქვეყანამ.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროატლანტიკური გზა, რომლის ხელშემწყობი და ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ეს სასწავლო ცენტრი, იქნება სასარგებლო არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, რომელშიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოიაზრება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მუშაობს მოდელი, რომ ნატო და ნატოსთან დაკავშირებული სტრუქტურა საფრთხის შემცვლელია რუსეთისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული.
„რადგან, ოკუპირებული ტერიტორიები ცალსახად აცხადებენ თავიანთ მჭიდრო კავშირს რუსეთთან, მათი მხრიდან ამ პოზიციის დაკავება გასაკვირი არ არის. მითუმეტეს, რომ მათგან ასეთ პოზიციას ითხოვს რუსეთი. როგორ აისახება სასწავლო ცენტრის გახსნა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ თავისთავად რუსების, აფხაზების და ოსების ასეთი სინქრონულობა გასაკვირი არ არის.
განცხადება, რომ სასწავლო ცენტრის გახსნა საფრთხის შემცველია მათთვის, ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია. როგორც წესი, სასწავლო ცენტრი საფრთხის შემცველი არავისთვის არ არის. ჩვენ ვიცით, როგორი წინააღმდეგია რუსეთი რეგიონში ნატოს გავლენის გაძლიერების. ასე რომ, ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც სეპარატისტები ახმოვანებენ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სეპარატისტული რეჟიმი საფრთხედ აღიქვამს საქართველოს ნებისმიერ გაძლიერებას. მისივე თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა საფრთხეს არ უქმნის ოკუპირებულ რეგიონებს, რასაც აცნობიერებენ შედარებით პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს იქ უმცირესობაში არიან.
„ეს არის აბსოლუტურად იზოლირებული, საინფორმაციო ბლოკადაში მყოფი რეგიონი, ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობენ. მოსახლეობა მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს, აქედან გამომდინარეობს ეს შედეგები. ნატო მათთვის სატანასთან არის გაიგივებული და ამიტომაც საფრთხედ აღიქმება.
ბუნებრივია, ჰყავთ ერთი-ორი ჭკვიანი პოლიტიკოსი, ვინც რეალურად ხვდება, რომ საქართველოს წინსვლა და გაძლიერება მათ ინტერსებშია, მაგრამ ეს ადამიანები უმცირესობაში არიან და არანაირი გავლენა არ აქვთ პროცესებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ და რაც უფრო გაძლიერებული ვიქნებით, მით უფრო წყნარად და უპრობლემოდ მოხდება მათი რეინტეგრაცია“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის გახსნა სერიოზული პოლიტიკური გზავნილია რუსეთისთვის. რადგან, ნატო სერიოზულად აგრძელებს ურთიერთობას საქართველოსთან და მზად არის ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ სივრცეში.
„ნატოს ეს ნაბიჯი სერიოზული გზავნილია როგორც მოსკოვისთვის, ასევე ქართული მხარისთვისაც, რომ ნატო კვლავ ერთგულია ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების. იმ ქვეყნებში, რომლებიც ცივი ომის შემდეგ გაწევრიანდნენ ნატოში, ყველაზე მეტადაა დაცული ეროვნული უმცირესობის უფლებები, რამდენადაც დემოკრატიულ სამყაროში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ჩვენც სწორედ ამ სტანდარტებისკენ მივისწრაფით, რაც უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას. საქართველოს ინტეგრაციის შემთხვევაში კიდევ უფრო მოიმატებს ეროვნული უმცირესობის დაცულობა, ცხოვრების დონე და რა თქმა უნდა, აიწევს დემოკრატიულობის სტანდარტიც“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.