აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით, კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარები გაგზავნა - ალბათ, შემთხვევითი არ არის რომ ეს მოვლენა ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის გახსნას ემთხვევა - ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალზე, რუსმა სამხედროებმა გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყეს. სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლა წლის ბოლომდე მოწესრიგდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული სასწავლო ცენტრი, სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოიაზრება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, „აფხაზეთის ხელისუფლების“ თხოვნის საფუძველზე, რუსეთის სარკინიგზო ძალები აფხაზეთში ჩავიდნენ ივლისში. ბულგაკოვი ირწმუნება, რომ ყველა სამუშაო მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია რესპუბლიკის ფარგლებში სარკინიგზო მიმოსვლის დარეგულირება.
რუსი გენერალი ამბობს, რომ რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში აფხაზეთში სარკინიგზო მაგისტრალის 50-კილომეტრიანი მონაკვეთი და ცხრა ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.
საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე 33-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე. რკინიგზის აღდგენაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. როგორც ცნობილია, ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალი 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე მუშაობა ყველა საერთაშორისო სტანდარტის ნორმების დარღვევაა, თუმცა მისი შეჩერება შეუძლებელია.
„რკინიგზის აღდგენის საკითხი აფხაზეთის მონაკვეთზე არსად არ განიხილება, არანაირ ფორმატსა და დღის წესრიგში ასეთი საკითხი არ ყოფილა აქამდე. ის, რომ აფხაზეთში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის სრული უკანონობა. საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ჩვენ ბერკეტი ამის შესაჩერებლად რეალურად არ გვაქვს.
ეს საკითხი მოლაპარაკებების დროს არ განხილულა. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იქ რკინიგზის აღდგენა მიმდინარეობს. თუ არ ვცდები, 2001 წელს აღადგინეს სოჭი-სოხუმის მიმართულება, რაც სრული უკანონობაა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ რკინიგზის აღდგენაზე მუშაობის დაწყება პროვოკაციის მცდელობაა. ზაქარეიშვილის თქმით, ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა სრულიად არარენტაბელურია თუ გამჭოლი რკინიგზა არ იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
„ეს არის მორიგი ჩიხი, როგორც ოჩამჩირემდე სადაც არაფერი მოძრაობდა, მე ვერ ვხედავ რატომ უნდა გააგრძელონ თუ არა ერთი მიზეზი - პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული საზოგადოების ნაწილი. ამით გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ათვისება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ზაქარეიშვილის განცხადებას არ იზიარებს ექსპერტი, გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, რკინიგზა სტრატეგიული ობიექტია, შესაბამისად, რენტაბელურობაზე არ არის ორიენტირებული ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.
„ზაქარეიშვილი ამბობს, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ზაქარეიშვილმა ყველაფერი არ იცის. რეალურად, რკინიგზა არის სტრატეგიული ობიექტი; შესაბამისად, რენტაბელურობაზე არ არის ორიენტირებული ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორის, საქართველოს რკინიგზა, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ორგანიზაციაა, ძალიან ბევრი მიმართულებით საჭიროებს სუბსიდირებას - ზარალიანია.
ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, რუსეთის მიზანია შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებაში დაეხმაროს აფხაზურ მხარეს და მეორე მხრივ, თუკი საზღვრის სამხედრო გამაგრების გადაწყვეტილებაა მიღებული, ასეთ შემთხვევაში რკინიგზით სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე სხვა ტრანსპორტით. აქედან გამომდინარე, ამას აქვს პრაგმატული ამოცანა და ეს არ არის მხოლოდ პროვოკაცია, თუმცა, პროვოკაციის ელემენტებსაც შეიცავს. გარკვეული გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. რუსეთი მიჰყვება თავის ტაქტიკურ გეგმას და ჩვენ მასში ჩარევის არანაირი რეალური მექანიზმი არ გვაქვს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
„ადგილზე გაწმენდილ რკინიგზას ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალზე, რუსი სამხედროების მიერ, გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას. აქვს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენას სამხედრო დანიშნულება, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ნებისმიერი რკინიგზა შეიძლება ნებისმიერი მიზნისთვის იყოს გამოყენებული.
„ისინი ამბობენ, რომ ეს არის ეკონომიკური საქმიანობისთვის. დღეს ვნახე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე დასრულდება აფხაზეთში შიდა მიზნებისთვის რკინიგზის აღდგენა; თუმცა რკინიგზა ისეთი ტიპის მოვლენაა, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფუნქციით გამოიყენო.
ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, გნებავთ ოკუპირებულზე, მაგრამ მაინც ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ახორციელებენ, იმ პოლიტიკის მაგალითია, რომელსაც რუსეთი ჩვენს მიწაზე ახორციელებს ყოველგვარი ავტორიზაციის გარეშე და საერთაშორისო ნორმების დარღვევით.
რაც უფრო მეტ კარგს გააკეთებენ - რკინიგზას აღადგენენ თუ მსგავს რამეს, როცა დე ფაქტო აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია იქნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან გაწმენდილი რკინიგზა დაგვხვდება“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა საქართველოს დამატებით პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ზიანის მიყენების რესურსი და შესაძლებლობა რუსეთს ისედაც გააჩნია.
„არ მგონია, საქართველოს რაიმე დამატებითი პრობლემა შეექმნას, რადგან ბაზები, რაც არის საქართველოს ტერიტორიაზე - ცხინვალთან და აფხაზეთში, საკმარისია ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად. ეს ბაზები ნებისმიერი სამხედრო მოქმედების შემთხვევაში საქართველოს გაწყვეტს შუაში და პრაქტიკულად, კატასტროფა დადგება. რკინიგზის დამატება საკმაოდ სერიოზული ფინანსური ხარჯი იქნება რუსეთისთვის. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მოტივად გამოდგეს. თუ დასჭირდა რუსეთს, საქართველოს ისედაც დიდ ზიანს მიაყენებს, რკინიგზის გარეშე“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.