26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობს ხელმძღვანელს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწვრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი.
ამასთან, გენერალური მდივნის განხილვის ერთ-ერთი თემა აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში მიღწეული შედეგები იქნება. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსი დიდი ინტერესით ეცნობა ინფორმაციას აბაშიძე-კარასინის ფორმატის შესახებ. აპატურაი დარწმუნებულია, რომ გენმდივანი მოუწოდებს საქართველოს, რომ ეს გზა გაარძელოს.
აპატურაის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და ალტერნატივა არ აქვს, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ, მაგრამ შესაძლოა დიალოგი გახდესწინაპირობა იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები.
„ძალიან რთულია იმის თქმა, ამ დიალოგით პროცესი უკან მიდის თუ არა. მაგრამ აქ მთავარია, რომ მცდელობა ყველაფრის, რასაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს და გულახდილად რომ ვთქვათ, აკეთებდა და სურდა ყოფილ ხელისუფლებას, არის ერთადერთი ლოგიკური გზა. ალიანსი გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას.
თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ფორმატი უშედეგოა, არ არის პროდუქტიული,ზიანის მომტანია და აუცილებელია შეწყვეტა,ეს საქართველოს არჩევანი იქნება და ჩვენ დავინტერესდებით, თუ რა ლოგიკა იქნება ამ გადაწყვეტილების უკან.მაგრამ ახლა, ამ დროისთვის, ალიანსის წევრებს შორის კონსესუსია თემაზე, მიდგომაზე -ვცადოთ ყველაფერი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების ნეგატიურად განვითარება აგვაცილოს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ფორმატმა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ცრუ შთაბეჭდილება შექმნა, რომ პრობლემები რუსეთის ფედერაციასთან მოგვარების გზით მიდის.
ოპონენტების პოზიციას არ იზიარებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას და ნერვებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექნება.
აბაშიძის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ ქართულ-რუსული დიალოგის გაგრძელებას, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა, როგორც ნატო-ს, ასევე აშშ-ის და დასავლელი ლოდერების ოფიციალურ განცხადებებში.
„სამწუხაროდ თუ საუბედუროდ,ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი სულ სხვა ამოცანებს ისახავს. მათი მიზანია, რამენაირად უბიძგონ ხელისუფლებას, ჩაიდინოს რუსეთთან მიმართებაში ისეთივე ფატალური შეცდომები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ დაუშვადა, რომლებმაც ფაქტობრივად იმსხვერპლა 2008 წელს საქართველო.
აი,ეს არის რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იზიარებენ მავანნი ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეგონებებს, რომ უნდა გავაგრძელოთ რთული დიალოგი რუსეთთან, ვეძებოთ შეხების წერტილები, შევამციროთ ახალი კონფლიქტისა და ძალადობის ალბათობა.
2008 წლის უბედურების შემდეგ თვითონ ყოველნაირად ცდილობდნენ, მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დამყარებას. აბა, ტყუილად ხომ არ შესთავაზებდნენ რუსეთის მხარეს 2008 წლის ნოემბერში მოსკოვში საქართველოს კულტურის დეკადის ჩატარებას? იციან, რომ დიალოგი საჭიროა, მაგრამ წინ არჩევნებია და იქნებ რამენაირად უმტყუნოს ხელისუფლებას ნერვებმა და დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომა. ეს არის მათი მთავარი გათვლა და ამოცანა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
როგორც აბაშიძე აცხადებს, მაქსიმალურად უნდა მოხდეს საერთაშორისო ბერკეტების გამოყენება, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ჩიხიდან გამოსვლას, რაც მისივე თქმით, ძალიან რთული იქნება, რადგან რუსეთთან ურთიერთობა ყველას უჭირს.
„ნახეთ, რა ხდება უკრაინაში, რუსეთსა და დასავლეთთან ურთიერთობებში, რა ხდება სხვა მეზობელ ქვეყნებში, მარტო ჩვენ არ ვართ ამ ვითარებაში. რუსეთი ძალიან რთული პარტნიორი, მაგრამ ძალიან ანგარიშგასაწევია. ამ სირთულეების გამარტივება არ შეიძლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგი იოლი არასოდეს ყოფილა. მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი არ გადახედავს თავის სტრატეგიულ გეგმებს და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არ შეიცვლება მიდგომა იმ ქვეყნების მიმართ, რომელსაც ისინი მათ ახლო საზღვარგარეთს ეძახიან, მანამდე რუსეთთან დიალოგი ყოველთვის რთული იქნება.
„აბაშიძე-კარისინის ფორმატი საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ თავიდან აიცილოს ის შესაძლო საფრთხეები, რომელიც მომდინარეობდეს რუსეთისგან. როგორც აპატურაის განცხადებიდან ირკვევა, ნატოში აბაშიძე-კარასინის ფორმატს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ ინსტუმენტს იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს თავიდან ააცილონ ის საფრთხე, რომელიც მას რუსეთისგან ემუქრება“, - აცხადებს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ნატო-ს ინტერესში არ შედის საქართველოში გაიხსნას ისეთივე ფრონტი, როგორიც უკრაინაშია გახსნილი. შესაბამისად, ალიანსი ცდილობს, ამ რეგიონში შეინარჩუნოს სტაბილურობა და ამ სტაბილურობის ერთ-ერთ ინსტრუმენტად მიაჩნიათ მხარეებს შორის დიალოგი, თუნდაც ის არ იყოს შედეგის მომტანი.
„როდესაც, ორ მხარეს შორის მიდის დიალოგი, ასეთ შემთხევაში კონფრონტაციული ნაბიჯების გადადგმის ალბათობა უფრო ნაკლებია. ამის ალბათობა იზრდება მაშინ, როდესაც მხარეებს შორის დიალოგი საერთოდ შეწყვეტილია. ასე იყო, ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა. დაძაბულობის გრადუსი საქართველოსა და რუსეთს შორის ძალიან მაღალი იყო. ამიტომაც, ნატო ცდილობს თავიდან აიცილოს დესტრუქციული სცენარი საქართველოსთან მიმართებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, აბსოლუტურად სწორი სვლა იყო ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და ალტერნატივა არ აქვს.
„შეიძელბა ცოტა დაგვიანებულიც კი, რადგან, ვიცით, რომ დიდი ხანია ამ თემაზე მიდის ლაპარაკი. მე მგონია, რომ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ამ შემთხვევაში კრიტიკულია ფორმატის მიმართ, დიდი ხანია დაამტკიცა, რომ მათ საქართველოს ბედი არ აინტერესებთ. მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გუნდის ბედი აინტერესებთ და შესაბამისად,ხელისუფლების ყველა ნაბიჯის მიმართ კრიტიკულობა, რომ თვითონ უკეთესად გამოჩნდნენ.
ვხედავთ, რომ საქართველოს ბედით დაინტერესებულია დასავლეთი, რომელის სახელითაც ლაპარაკობს აპატურაი. დასავლეთში ყველა მიიჩნევს, რომ დიალოგის ყველა ფორმა უნდა იქნას გამოყენებული. ძალის პოზიციიდან ელაპარაკა სააკაშვილი და შედეგად დავკარგეთ ყველაფერი, რისი დაკარგვაც მაშინ შეიძლებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.