„თავიანთი გადასახდელი მილიარდები ბანკებმა მთავრობის დახმარებით უნდა ამოიღონ ჩვენი ჯიბიდან“

„თავიანთი გადასახდელი მილიარდები ბანკებმა მთავრობის დახმარებით უნდა ამოიღონ ჩვენი ჯიბიდან“

ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის აზრით, ჩვენი კანონები სახელმწიფოს დომინანტობით არის გაჯერებული და საზოგადოება დღემდე საბჭოური განწყობის ტყვეობაში იმყოფება. ანუ, ჩვენი კანონმდებლობით გასაოცრად დიდია უფლებრივი სხვაობა სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო სამართლის სუბიექტებს შორის. მაგალითად, თუ სახელმწიფოს აქვს კერძო სუბიექტის ვალი, მას ან დაუბრუნებს, ან - არა. საპირისპირო შემთხვევაში კი, სახელმწიფო არაფერს გაპატიებს.

For.ge სოსო სიმონიშვილს ესაუბრა.

სოსო სიმონიშვილი: რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს საბაზრო ეკონომიკის ძალზე ცუდი ვარიანტია. თუ საბაზრო ეკონომიკაში კონკურენტული გარემო არ იქნა, მაშინ ასეთი ეკონომიკა ცუდ ფენომენად იქცევა, სადაც მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების საზოგადოებაზე ძალმომრეობის გამო ეს საზოგადოება უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება.

ნაცმოძრაობის დროს არ გვიკვირდა მონოპოლიები და ოლიგოპოლიები, მაგრამ დღეს, როცა ყოფილი პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ბიზნესს მარწუხებიდან გამოსვლას დაპირდნენ, მაინც ფიქრობთ, რომ კანონმდებლობაა დასახვეწი? თუ კანონმდებლობის გარეთაც არის დარჩენილი შავი ხვრელები, რითაც შეიძლება ისარგებლონ ხელისუფლების არაკეთილსინდისიერმა წარმომადგენლებმა და ბიზნესს ფარული თანამშრომლობა შესთავაზონ?

- საქმე ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება თავისუფალ საზოგადოებად უნდა ჩამოაყალიბოს ორმა ფაქტორმა-კანონებმა და შემდეგ უკვე ამ კანონების გამოყენებამ. არადა, მოყოლებული პირდაპირ კონსტიტუციიდან, კანონებში სერიოზული პრობლემაა. საგადასახადო კოდექსში წერია, რომ გადასახადი არის უნაცვალგებო შენატანი ბიუჯეტში, რას ნიშნავს უნაცვალგებო შესატანი? ე.ი. საზოგადოება ამდენ გადასახადს იხდის და არაფერი არ უნდა მიიღოს? ეს ძალზე უხეში ჩანაწერია.

მიჩვეულნი ვართ, რომ გადასახადებს ვიხდით და სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ. ამ შემთხვევაში, რა უნდა მიიღოს გადასახადის გადამხდელმა?

- გადასახადებს ჩვენ ვიხდით არა ბიუჯეტის შესავსებად, არამედ იმისთვის, რომ ვიყიდოთ საზოგადო სიკეთეები. ეს არის, პირველ რიგში, უსაფრთხოება, რომელსაც მაღაზიაში ვერ ვიყიდით. შესაბამისად, გადასახადს ვიხდით იმისთვის, რომ ვიყოთ უსაფრთხოდ, კანონმა, პოლიციამ, სასამართლომ დაგვიცვას. არადა, ეს უწყებები ხანდახან გვიცავენ, მაგრამ თუ ძალზე გამწვავდა ვითარება, მაშინ, დააკვირდით, კანონი იცავს უფრო მეტად მთავრობას და ხანდახან მთავრობას იცავს უკვე ხალხისგან.

საპროტესტო აქციებს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა, როგორი სამართლიანი მოთხოვნითაც არ უნდა გამოდიოდეს ხალხი, მთავრობას შეუძლია გამოიყვანოს პოლიცია და ხალხი აცემინოს. ასეთ შემთხვევაში, მე სამართალდამცავ ორგანოებს მთავრობადამცავ ორგანოებს ვეძახი.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც მსგავსი ვითარებაა. რას აკეთებენ პროფკავშირები და ვინ უნდა დაიცვას მოქალაქე?

- რაც შეეხება უფლებების დაცვას, ჩვენ გვაქვს ბევრი მცდარი მითი და წარმოდგენა საკუთარ თავზე. ჩვენ სულ ვამაყობთ, ისეთი კარგები ვართ, მიტინგებს რომ ვაწყობთ, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებაო. რატომ არ უნდა ჩამოვარდეს, კაცმა რომ თქვას? ჩვენ ძალიან პასიურები ვართ, სოციალურ და მატერიალურ საკითხებზე ჩვენი პასიურობა ჩვენი საზოგადოების განვითარების შემაფერხებელ გარემოებად გადაიქცა. ასე არ ჩამოყალიბდება საზოგადოება და მის სათავეში ყოველთვის დრაკონი გვეყოლება, ხატოვნად რომ ვთქვათ. მუდმივად ასე მოხდება, გაბრაზდება საზოგადოება, საკუთარი წიაღიდან ვიღაც ლიდერს გამოარჩევს, ამ ლიდერთან ერთად დაამარცხებს იმ ურჩხულს თუ დრაკონს, მაგრამ ჩვენი პასიურობის გამო ეს ლიდერიც დრაკონად გადაიქცევა და ყველაფერი თავიდან დაიწყება. 25 წელია სწორეად ეს ხდება ჩვენში. ჟირინოვსკიმ როგორ უნდა გვასწავლოს ჭკუა? - როდემდე უნდა იდგეთ, ქართველებო, რუსთაველზე და გაიძახოდეთ, წადით, წადითო. ვერ უნდა მიხვდეთ, რომ ეს არ არის გამოსავალი? როგორ შეიძლება, ყველა ლიდერი ცუდი იყოს? სხვა რამეშია საქმეო. იქვე ჟირინოვსკიმ ის რეკომენდაციაც მოგვცა, რაც მას აწყობს, თქვენი საგარეო პრიორიტეტები სწორი არ არის, ომში გაწყდებით, ამიტომ თქვენთვის კარგია, ნეიტრალური სახელმწიფო იყოთო.

ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ფასების უსასრულო ზრდაზე. ამას ახლა ფქვილის გაძვირების პრობლემაც დაემატა, ამბობენ, რომ ეს ბაზარი მონოპოლისტის ხელშია - ხომ არ არის ეს საბოტაჟი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ?

-თვითონ ხელისუფლება საკუთარი თავის მტერია და თვითონვე ქმნის რევოლუციურ სიტუაციას, როცა საზოგადოება იძულებული ხდება, ხელისუფლება პოლიტიკური სადავეებისგან გაათავისუფლოს. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასის განათლება დაბალ დონეზეა. აბა, ნახეთ, რა ხდება - 24-25 წელია, რაც დამოუკიდებელნი ვართ და ყველა ხელისუფლება ცდილობს, თავის ინტერესთა ჯგუფის ხელში მოაქციოს მთავარი ,,ფულის შოვნის სფეროები“ ანუ ძირითადი სასაქონლო ჯგუფების იმპორტი, საწვავი იქნება,  ხორცი, ხორბალი თუ სხვა რამ. მთავრობები თავად ქმნიან მონოპოლიებს ან ხელს უწყობენ მათ შექმნას. ამიტომაც მცირე და საშუალო ბიზნესს მხოლოდ 16 % უკავია. მონოპოლიური და ოლიგოპოლიური მდგომარეობა ჩვენი ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროშია. სადაც კონკურენტული გარემო იქმნება, სტიქიურად მთავრობები იმასაც ამოშანთავენ ხოლმე.

ასე მოხდა თბილისის სატრანსპორტო სფეროში წინა ხელისუფლების დროს და იგივე მოხდა რუსთავში ამ ხელისუფლების დროს. ყველა ხელისუფლება მოსვლისთანავე ამყარებს კონტროლს, რითაც იღებს შემოსავალს. შესაბამისად, ხალხი უკვე მერამდენედ გაბრაზდება და გაუშვებს მოუსავლეთში იმ პოლიტიკურ ძალას. ამ პოლიტიკურ კლასს არ ესმის, რომ მისი ფუნქცია უნდა იყოს არა ის, რომ არსებულ სიტუაციას თავად მოერგოს, არამედ პოლიტიკური ელიტა ვალდებულია საზოგადოების განვითარებაზე იფიქროს. მარტო თვითონ კი არ იშოვოს ფული, არამედ საზოგადოებას მისცეს მისი პოტენციალის გამოვლენის საშუალება, სადაც ყველა იმუშავებს.

საზოგადოება ამით აწარმოებს ბევრ სიკეთეს და ღარიბები აღარ იქნებიან. ამ სიტუაციაში ხელისუფლებაც ანუ მმართველი ჯგუფი კიდევ უფრო მეტს იშოვის. რატომღაც ყველა ხელისუფლება ამბობს, ჩვენ მოვალთ და ხალხს ვკითხავთო. რას ჰქვია, ხალხს ვკითხავთ, ხალხმა ყველაფერი ზედმიწევნით არ იცის, მაშინ რაღად სჭირდები შენ, თვითონვე გააკეთებენ საქმეს. ჩვენი ერი მიექანება სრული მოსპობისაკენ, თუკი ვექტორი არ შევაბრუნეთ განვითარებისკენ. განვითარება კიდევ რა არის? ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსება თავის საზრდოს მოიპოვებს ბუნებაში, ადამიანი კი ერთადერთი არსებაა, რომელიც ბუნებაში კი მოიპოვებს საარსებოს, მაგრამ მერე გადაამუშავებს, ანუ აწარმოებს. ჩვენ კი წარმოებაზე ვთქვით უარი და გვგონია, თუ ჩვენს ქვეყანაში გავყიდით თურქისა და ჩინელის წარმოებულს, ამით ჩვენი ხალხი და ერი განვითარებას შეძლებს - ეს აბსურდია. ნახეთ, რა ხდება ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის მხრივ? 5 მილიონი რომ გვეგონა თავი, თურმე 3 მილიონზე ცოტა მეტნი ვყოფილვართ. ჩვენ, უბრალოდ, მივდივართ პლანეტიდან. უბრალოდ, გავქრებით, თუ ამ გზაზე დავრჩით.

ჩვენში დღეს მეტად პოპულარულია მსოფლიოში არსებული კრიზისით აპელირება, იშველიებენ საბერძნეთის მაგალითს, ასევე, შიდა პრობლემებს, თურმე ქადაგიძის ბრალი ყოფილა ყველაფერი. არის კი ეს გამართლება იმ ხელისუფლებისთვის, რომლის მთავარი მენეჯმენტიც ბიუჯეტის უსასრულო ხარჯვაა საკუთარ პრემიებსა და ხელფასებში?

- მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს რაც შეეხება, ეს თავისთავადი ფენომენი არ გეგონოთ, ესეც, პრინციპში, სოციალური დაპირისპირებაა. მემარცხენეობის მიზნები ზოგადად სწორია, რომ ღარიბებმა უკეთ იცხოვრონ, მაგრამ მემარცხენეობა ამბობს, ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში, მდიდრები დიდი გადასახადით დავბეგროთ და ღარიბებს მივცეთ მეტი სოციალური დახმარება, ფული. ეს სწორი არ არის, ეს უტოპიაა, ეს შეუძლებელია, ეს ერთხელ შეიძლება გააკეთო, მაგრამ მეტჯერ უკვე ვეღარ გააკეთებ.

ნაწილობრივ ეს არსენას სინდრომია - მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს...

- აქ საჭიროა არა ასეთი მოქმედება, არამედ კონკურენცია, რაც უკვე მემარჯვენე ვარიანტია. საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობა და უფლებრივი თანასწორობა მოაქვს კონკურენციას და არა მდიდრისთვის ქონების წართმევას. კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის საფუძველია. სადაც არასრულფასოვანი კონკურენციაა, იქ ოლიგოპოლიები მძლავრობენ და იქმნება დიდი უსამართლობა როგორც წარმოების, ისე შემოსავლების მიღებაში.

ამან წარმოქმნა უზარმაზარი მოძრაობა სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ამერიკაში დაიწყო, სადაც დაბალშემოსავლიანი ადამიანები ხედავენ, რომ საფინანსო-საბანკო სფეროს მესვეურები მათ ეკონომიკურ თავისუფლებას ავიწროვებენ. უფრო შორს მიმავალ ანალიზს ვეღარ აკეთებენ.

საქმე ის არის, რომ ერთმანეთს უპირისპირდება რეალური ანუ სამრეწველო სექტორი, სადაც რეალური სიკეთეები იწარმოება და საფინანსო-საბანკო სექტორი, სადაც ,,ჰაერიდან ფულის წარმოების“ შესაძლებლობას კარგად იყენებენ ამ სფეროს მესვეურები. პირველში სიმდიდრე შრომის და საჭირო საქონლის წარმოებით მოიპოვება, მეორეში - ფინანსური მაქინაციებით. ეს გლობალური დაპირისპირებაა. ამას ამერიკაში ,,ოკუპაი უოლსტრით“ უწოდეს. ჩვენთანაც ანალოგიური ხდება - ჩვენი საბანკო სისტემაც ასე იქცევა.

ამ შემთხვევაში, ხალხი სწორია. წარმოება უმნიშვნელოვანესია, ჩვენ რომ გადავრჩეთ, აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ რაც შეიძლება მეტი რესურსი და ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ მეტი ხალხი დასაქმდეს. ხალხი  მიიღებს ხელფასს და აღარ იქნება საჭირო მემარცხენე რევოლუციები. დამსაქმებლები მიიღებენ დივიდენდს, ხოლო ბიუჯეტი მიიღებს გადასახადს და ყველაფერი კარგად იქნება. დარჩება გარკვეული ფენა იმ ადამიანებისა, რომლებსაც მუშაობა არ შეუძლიათ, მაგრამ რადგან ამდენი სიმდიდრე იტრიალებს ქვეყანაში, მათი რჩენის პრობლემა აღარ იქნება.

დღეს კი რა ხდება, ისედაც ცოტა გვაყავს შრომისუნარიანი ადამიანები და ისინიც არ არიან დასაქმებულნი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ იმპორტის მიმართულებები ჩაიგდო ხელში, ზოგს წაართვა, ზოგიც თავის სამსახურში ჩააყენა. პირველ რიგში, ეს გაკეთდა საბანკო სფეროში. გახსოვთ, რომ ხელფასის მიღება ადამიანს შეეძლო საკუთარ სამსახურში, მივიდოდა სალაროსთან და აიღებდა ხელფასს? - ეს აიკრძალა, აუცილებლად ბანკის ბარათი უნდა აიღო და ისე მიიღო ხელფასი. რა მოხდა ამით? ნებისმიერ ხელფასზე კონტროლი დაწესდა ბანკის მხრიდან, ე.ი. ბანკმა აქედან აუცილებლად უნდა მიიღოს შემოსავალი. ახლა პენსიონრებს ისედაც რა პენსია აქვთ, მაგრამ ადრე სახლში მიჰქონდათ მათთვის პენსია, ან ადგილზე ჩავიდოდნენ და მიიღებდნენ.

ყველაზე მძიმე პენსიონრისთვის ის არის, რომ როცა გაჭირვების გამო წინასწარ ერთი თვით ადრე გამოაქვს პენსია, ბანკი ამით 9 ლარამდე სარგებელს იღებს, რაც არ ჩანს  და ფიქსირდება მხოლოდ 4.50 ლარი; ბევრად უფრო დიდი თანხით ხეირობს ბანკი, თუკი პენსიონერი წინასწარ რამდენიმე თვის პენსიას გამოიტანს...

-რა თქმა უნდა, ყველა საკრედიტო ბარათს აქვს განაღდების საკომისიო, ე.ი. ბანკი ბეგრავს პენსიას. ეს ხომ სასწაულია, ისედაც 150-ლარიან მათხოვრულ პენსიას უბეგრავენ პენსიონერს. რატომღაც გადასახადებს ხშირად ვეძახით დენისა და გაზის ფულს, რაც არასწორია, რადგან ის არ არის გადასახადი.

სინამდვილეში, ჩვენ ვყიდულობთ დენს და გაზს, გადასახადი კი არის მოგების, საშემოსავლო და დღგ-ს გადასახადი. დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) აბსოლუტურად ყველაფრის ფასში შედის, შესაბამისად, პენსიონრის პენსია მთლიანად იბეგრება დღგ-თი. არცერთმა პენსიონერმა არ იცის, რომ ფარულად დღგ-ს გადასახადს იხდის 18 %-ის ოდენობით. ჩვეულებრივ დეპუტატს, სულ მცირე, 2800-ლარიანი ხელფასი აქვს, კიდევ რაღაც დანამატს იღებს და მთლიანობაში 3500 ლარი გამოსდის, მაგრამ იმ 3500-ს ხომ არ ხარჯავს პირადი მოხმარებისთვის? ნაწილს ინახავს ბანკში და ის ფული კიდევ შემოსავალს აძლევს.

გამოდის, პენსია მთლიანად იბეგრება დღგ-თი, ხოლო მაღალშემოსავლიანი ადამიანების შემოსავალი მხოლოდ ნაწილობრივ იბეგრება დღგ-თი. ანუ დეპუტატი რასაც დახარჯავს მოხმარებისთვის, მხოლოდ ის იბეგრება. ნახეთ, როგორი უთანასწორობაა?! როგორ შეიძლება, პოლიტიკოსი იყოს ადამიანი, რომელმაც არ იცის ეკონომიკის ანბანი?!.

უბედურებაა, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს და ამ დროს ჩვენები ამაყობენ იმით, რომ ჩვენთან არის ბრტყელი ანუ ჰორიზონტალური დაბეგვრა. არადა, სწორედ ეს იწვევს ამ უბედურებას. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტები დღგ-თი არ იბეგრება. ჩვენთან კი ყველაფერზე 18 %-იანი დღგ-ა.

გამოდის, საქართველოს მოსახლეობის მოტყუების ფონზე მდიდრდება ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ბანკებთან სიმბიოზშია?

-ზუსტად ასეა. სულ მოკლე ხანში, ამ შემოდგომისთვის ჩვენ გვემუქრება სასტიკი ეკონომიკური კრიზისი, რადგან ჩვენმა საბანკო სისტემამ უცხოეთიდან უზარმაზარი კრედიტები მოიზიდა და ამ კრედიტების გადახდის დრო ახლა დაუდგათ. ამ კრედიტების გადასახდელი მილიარდები ბანკებმა ჩვენივე მთავრობის დახმარებით უნდა ამოიღონ ჩვენივე ჯიბიდან. თუ ჩვენი ხალხი მიხვდება, რაც ხდება ჩვენს თავს, რომ ამითაა გამოწვეული ლარის დევალვაცია. თუ მასობრივი ღონისძებებით არ მოითხოვა ხელისუფლებისგან, მოსპოს ეს ამაზრზენი ვითარება, არ ჩანს გამოსავალი. წესით, გამოსავალი შეიძლება იყოს საბანკო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომ ამ საბანკო სისტემამ, რომელმაც დღემდე გაგვაჩანაგა, ახლა მათი ვალები ჩვენ არ გადაგვახდევინოს.

ბოლო დროს გახშირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც გულუხვად გასცემენ სესხებს, ჩვენი კომერციული ბანკებისგან საზრდოობენ თუ დამოუკიდებელი უწყებები არიან?

-მიკროსაფინანსოების უმეტესობა ჩვენი დიდი ბანკების ქოლგის ქვეშაა, მაგრამ, ასევე, არის ონლაინ სესხების სისტემაც, რომელიც დღითიდღე მრავლდება. არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს საბანკო ქოლგის ქვეშ. სწორედ ამდენ სიმახინჯეს წარმოშობს კანონმდებლობის ხარვეზები. ამიტომ აუცილებელია კონსტიტუციის და მთელი კანონმდებლობის რევიზია. არ უნდა იყოს იქ ისეთი კანონები, რომლებიც წარმოების განვითარებას ხელს შეუშლის, წარმოებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაირღვეს ადამიანის ძირეული უფლებები და, მათ შორის, ეკონომიკური თავისუფლება. ასე რომ, დასაქმების ზრდასთან ერთად, გამოსავალია წარმოების ზრდა.