„ნატო-ს სასწავლო ცენტრს რუსეთი ფსიქოლოგიურ ომად აღიქვამს“

„ნატო-ს სასწავლო ცენტრს რუსეთი ფსიქოლოგიურ ომად აღიქვამს“

27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია გაიმართება. სასწავლო ცენტრის გახსნას ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დაესწრება. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი.

საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებით, ეს არ იქნება საწვრთნელი ბაზა, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იქნება სასწავლო ცენტრი ქართველი ჯარისკაცებისთვის, რაც სამხედროების მომზადების დონეს აამაღლებს.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩამოდის ნატო-ს გენერალური მდივანი და ჩვენ ერთობლივად ვხსნით სასწავლო ცენტრს. ბევრი სპეკულაცია იყო ამ ცენტრთან დაკავშირებით, რომ ეს არის საწვრთნელი ბაზა და ა.შ. ეს არ არის საწვრთნელი ბაზა. ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე ამაღლდეს ისე, რომ შესაბამისობაში იყოს ნატო-ს სტანდარტებთან.

მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი სპეკულაციები არის გადაჭარბებული. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს გენმდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე და ამ გეგმას კარგად ვასრულებთ. ამ ცენტრს რაც შეეხება, ასეთი ცენტრი უკვე გვაქვს საქართველოში - საჩხერის ბაზაზე“, -  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი, ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ნატო არ უყურებს და არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, ჟესტად ან რუსეთში გასაგზავნ სიგნალად.

„ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას პრაქტიკულ ელემენტებზე. ანუ, რას გააკეთებს ცენტრი იმისთვის, რომ გაიზარდოს ნატო-სთან თავსებადობა. საქართველომაც გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორებს და ყველაზე მთავარი, რაც წერია არსებით პაკეტში - თითოეულმა ამ ნაბიჯმა საქართველო მომავალი წევრობისთვის უნდა მოამზადოს. ცენტრს აქვს ძალიან მკაფიო სარგებელი. რა თქმა უნდა, ეს არის სიგნალი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის. საქართველომ დაიმსახურა და გააკეთა ყველაფერი პარტნიორობისთვის, ავღანეთში და სხვაგანაც ნატო-სთან გვერდში დგომით, ასევე გატარებული რეფორმებით“, - აცხადებს აპატურაი.

მისივე თქმით, არავინ, მათ შორის რუსეთმა, არ უნდა აღიქვას და შეაფასოს ცენტრი, როგორც საფრთხე, რადგან ცენტრის მიზანია თავსებადობის ამაღლება.

„ეს არ ნიშნავს საქართველოს შეირაღებული ძალების გაწვრთნას იმისათვის, რომ ვინმეს თავს დაესხნენ. თუ რუსეთი მოახდენს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სურს ინტერპრეტაცია - არა იმიტომ, რომ არსებული ფაქტები ხელს უწყობს ასეთი დასკვნების გაკეთებას. ძალიან მიჭირს იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ძალიან დიდი, ძლიერი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს, ამის წარმოდგენა ძალიან რთულია“, - აცხადებს აპატურაი.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი ამბობს, რომ არ ესმის რატომ არის საფრთხედ აღქმული საქართველოს და ნატო-ს ერთობლივი ნაბიჯები რუსი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპერტების მიერ.

„ნატო-ს ლიმიტირებული პერსონალი, რომლებიც საქართველოში იქნებიან წარმოდგენილი, იმუშავებენ თავსებადობის გაზრდაზე. ვფიქრობ, რუსეთს არ მოსწონს პოლიტიკური სიგნალი, არ მოსწონთ, რომ საქართველო ერთგულია და გააგრძელებს სვლას დასავლეთისკენ.

არ არიან კმაყოფილი იმით, რომ ნატო, ისევე როგორც ევროკავშირი, მიესალმება საქართველოს მიერ არჩეულ გზას, მხარს უჭერს და ეხმარება იმ არჩევანში, რომელსაც სუვერენული სახელმწიფო იღებს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება უელსში ნატო-ს სამიტზე გადაწყდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით,საქართველოში ნატოს საწვრთნელ ცენტრს მხოლოდ ერთი ლოკაცია არ ექნება და მისი შემადგენლობაში შევა როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი.

„ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

ექსპერტების შეფასებით ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა თბილისში არა მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების გარანტიებია ქვეყნისთვის, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების კუთხითაც. რადგან, ეს არის ნატო-ს პირველი  ცენტრი, რომელიც მისი ტერიტორიის გარეთ არის განთავსებული, რომელსაც სამხედრო ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საწვრთნელი ბაზის მშენებლობა რუსეთს დისკომფორტს შეუქმნის, თუმცა, ის საქართველოს უსაფრთხოების თვასლაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, რომ ბაზის გახსნა საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ისედაც გვიდგას რუსი ოკუპანტი; რაც უფრო სუსტები ვიქნებით და დაშლილები, შორს ვიქნებით და იზოლირებულები, მით უფრო იოლი იქნება მათთვის, შემოვიდნენ თბილისში. რაც უფრო მეტი გარანტია გვექნება მხარდაჭერის, მით უფრო მეტი დისკომფორტი ექნებათ მათ და უფრო მეტად დაფიქრდებიან, რომ აგრესია არ განახორციელონ“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ზედაპირზე დევს საფრთხეები, რომელიც უკავშირდება მხოლოდ რუსეთს. მისივე თქმით, უნდა გვქონდეს მკაფიო წარმოდგენა რას შევძლებთ იმ შემთხევაში, თუ ჩვენ ვიქნებით მისაღები პარტნიორი ნატოსთვის და გავაანალიზებთ იმასაც, თუ რა ტიპის პერესპექტივას შეიძლება წააწყდეს ქვეყანა, თუ დედამიწის პრივატიზაციის პროცესში გაიმარჯვებს პუტინი. 

„რასაკვირველია, მგლის შიშით ტყეში არ შესვლა, სიკეთეს ვერ მოუტანს როგორც მონადირეებს, ასევე ვერც რიგით მოქალაქეებს, რომლებიც სრულიად მკაფიოდ ამჟღავნებენ საკუთარ სურვილს, რომ გახდნენ ცივილიზებული, ევროპული სივრცის ნაწილი.

რასაკვირელია, არაერთი სცენარი ექნება შემუშავებული ამხანაგ პუტინს საპასუხო ნაბიჯის გადასადგმელად. მის არჩევანს განაპირობებს ინფორმაცია, რომელსაც როგორც ოფიციალურად, ასევე საკუთარი ჯაშუშების საშუალებით მიიღებს და ამის მიხედვით იქნება შემდეგი ნაბიჯი გადადგმული. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ნატოს ხელშეწყობით იარსებებს, სადაც ნატოელი და ქართველი ინსტრუქტორები ერთად მოამზადებენ შესაბამისი სპეციალობის მეომრებს, ოფიცრებსა და სერჟანტებს, რომლებიც ნატოს ეგიდით წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ეს ცენტრი ითვალისწინებს ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას გარკვეული სპეციფიკური სპეციალობების მიხედვით. ამიტომ, ამან არ უნდა გამოიწვიოს რუსეთის აგრესია. რაც არ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, რომ ეს არის ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის სამხედრო მოსამსახურეობის მომზადების ცენტრი, რუსეთი  ამ ცენტს აღიქვამს როგორც თავისი სტარგეტიული და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად. ხუთშაბათს რიგაში გაიხსნა ნატო-ს საინფორმაციო-პროპაგანდისტული ცენტრი, რომელიც რუსებმა ძალიან მტკივნეულად აღიქვეს.

რუსები თვლიან, რომ ეს იქნება ფსიქოლოგიური ომის წარმოებისთვის განკუთვნილი ცენტრი. ბუნებრივია, რომ ბალტიის სახელმწიფოები და საქართველო ფრონტის ხაზია დასავლეთსა და რუსეთს შორის. 20 აგვისტოს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე თავადაცვის მდივანმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ისეთივე ეროვნული უსაფრთხოების ტიპის საფრთხეა, როგორც არის „ისლამური ხალიფატი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.