„საქართველოში რუსეთის გავლენა მხოლოდ მცოცავ ანექსიაში არ გამოიხატება, რუსეთის სხვა კუთხითაც გავლენა იზრდება“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. თინა ხიდაშელის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების „გავლენის სფეროებად“ განხილვა ხელს უშლის, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ისე რეგიონის უსაფრთხოების გარემოს სტაბილურობას.
„რუსეთის გავლენა იზრდება სხვა კუთხითაც - მაგალითად, სოკოებივით მრავლდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხალხი, რომელთა შესახებაც არავის სმენია, გამოდიან ტელევიზიით, აძლევენ ინტერვიუებს და შემდეგ ხდებიან ექსპერტები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ. ჩვენ ასევე ვხედავთ გავლენას ქართულ მედიაზე. ჯერ კიდევ რთულია, ვთქვათ 100%-ი დარწმუნებით, რომ რუსეთი უხდის მათ, თუმცა ვხედავთ, რომ განწყობა იცვლება“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოფიციალურად და საჯაროდ არიან პრორუსულები. ამ კონტექტში კი მინისტრმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ახსენა.
„პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ჩადის მოსკოვში, ხვდება პუტინს. არავინ იცის რაზე საუბრობენ ისინი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის ჩადის მოსკოვში და ბრუნდება შემდეგ უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის გადმოწევის ბოლო შემთხვევა, რომელიც სწორედ მისი მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს მოხდა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებას დღის ბოლოს გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბაკურ ბაკურაძე, რომლის განცხადებით, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილსა და „ქართული ოცნების“ მთავრობას უნდა ჰქონდეთ გააზრებული - ქვეყნის პრობლემები უკავშირდება სწორედ იმას. რომ საქართველოს ხელისუფლება არ ელაპარაკება რუსეთის ხელისუფლებას.
განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასება, ნაწილი თვლის, რომ თინა ხიდაშელმა სწორი ანალიზი გააკეთა, როდესაც ხაზი გაუსვა საქართველოში პრორუსული ძალების გააქტურებას. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო გადადის წინასაარჩევნო რეჟიმში და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრორუსული ძალების დისკრედიტაცია მოხდეს საზოგადოებაში.
„უნდა აუხსნან მოსახლეობას რას ემსახურებიან ისინი. პირადპირი აკრძალვა არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივ რაღაც გასაკეთებელია. პრორუსულ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირონ არა მარტო პიარი და რიტორიკა, რომ ვიღაცა ცუდია - არამედ აუცილებელია სწორი მესიჯები დასავლეთთან მიმართებაში.
ვიცით, რომ პრორუსული ძალები, ანუ ე.წ. სამოქალაქო სექტორი, ასევე პოლიტიკოსები დასავლური ღირებულებების დემონიზაციას ახდენენ და ამ მესიჯებზე აგებენ თავიანთ კამპანიას, რაც კარგად „იყიდება“.
ამიტომ, მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება. მხოლოდ განცხდებები არ არის საკმარისი. საჭიროა აქტიური პოლიტიკა, რომ საზოგადოებამ რეალურად იგრძნოს დასავლეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ახლოვდება არჩევნები, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პრორუსული ძალების დისკრედიტაცია მოხდეს საზოგადოებაში. ამ მიმართულებით აქტიური პოლიტიკის გატარებაა საჭირო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ დასავლეთმა ვალდებულად უნდა იგრძნოს თავი, რათა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და ამ მიმართულებით გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. მისივე თქმით, რუსეთმა კარგად იცის, რომ ვერც ერთი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი რეიტინგს საქართველოში ვერ მოიპოვებს, თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელია საქართველოში ანტიდასვლური განწყობების მომწიფება.
„ამიტომ, სასურველია დასავლეთმა გადადგას ისეთი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში, რომ მის მიმართ განწყობები იყოს პოზიტიური. დასვლეთის შეცდომაა სააკაშვილის ხელისუფლების განებივრება, რასაც დღესაც აგრძელებს; ამიტომ, ვისთვსაც მიუღებელია სააკაშვილი, მისთვის მიუღებელი ხდება დასავლეთიც. დასავლეთი ვერ ხვდება, რომ ამით საკუთარ თავს უკეთებს ცუდ საქმეს. ეს არის დასავლეთის შეცდომა და უნდა დაფიქრდეს ამაზე“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
„ეს არის სწორი ტაქტიკური მონახაზი“, - ფიქრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, ხიდაშელმა ამ გზავნილით აშშ-ს მიანიშნა, მეტი მხარდაჭერა გამოხატონ საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„იმიტომ, რომ თუ ამერიკელები ასე არ მოიქცევიან, ამ შემთხვევაში ძლიერდებიან პრორუსული ძალები და ეს არის ხიფათის შემცვლელი. შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის მინისტრის ეს დიპლომატიური ტაქტიკა სწორია მისი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე.
შეიძლება ხელისუფლებისთვის ეს პროპაგანდისტული და იდეური ხაზი რაღაც შედეგის მომტანი იყოს. ფაქტობრივად, ამ განცხადებებში იგრძნობა ირიბი მოწოდება ამერიკელების მისამართით, რომ თუ რეალური დახმარება არ იქნება საქართველოსთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, პრორუსულმა ძალებმა დრო იხელთონ და მეტად გააქტიურდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.