„აშშ-ს და თურქეთის მხრიდან საქართველოს დახმარებას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს“

„აშშ-ს და თურქეთის მხრიდან საქართველოს დახმარებას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს“

დამატებით 20 მილიონი დოლარის ოდენობის დამხარების გამოყოფას გეგმავს საქართველოსთვის აშშ. პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, თანხა საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების მიზნით გამოიყოფა. პარალელურად, თავდაცვის სამინისტრომ თურქი პარტნიორებისგან, 700 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების 143 დასახელების მატერიალურ-ტექნიკური საშუალება მიიღო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების საქმეში მხარდაჭერისათვის თურქულ მხარეს მადლობას უხდის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, რომლის განცხადებით, თურქეთის გრანტი გვაძლევს საშუალებას, გავაუმჯობესოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები.

„მივიღოთ თანამედროვე აღჭურვილობა, რომელიც თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან. ეს არის საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო ტექნიკა, რომელსაც წარმატებით ვიყენებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში“, - აღნიშნა ომარ ბეგოიძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების პროვოკაციის კვლადაკვალ, როგორც ჩანს, საქართველოსთან მიმართებაში აქტიურდებიან ნატოს წევრი ქვეყნები და ამაზე მეტყველებს საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება. ქართველი ექსპერტების განცხადებით, ნატო ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს ისეთი კომპონენტებით, როგორიც არის მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. ამას იურიდიულად არ ერქმევა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ფაქტობრივად, ქვეყნის თავდაცვა შეიძლება ნატოს სტანდარტების შესაბამის კონდიციამდე მიიყვანოს.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ორმხრივი ურთიერთობები აქტიურდება აშშ-სა და თურქეთთან, რაც დადებითი ტენდენციაა ჩვენი ქვეყნისთვის.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დაიხარჯება ეს დახმარება. ველოდებით ახალი მინისტრის ხედვას; იმედია, რეფორმები თავდაცვის მიმართულებით გაღრმავდება, სწორი მიმართულებით განვითარდება და მივაღწევთ როგორც თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებას.

მომავალ წელს ტარდება ვარშავის სამიტი, ვიცით, რომ საქართველო ღიად აცხადებს MAP-ის მიღბის სურვილს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია შესაბამისი საშინაო დავლებების შესრულება, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებაში ინტენსიური კონსულტაციები და თანამშრომლობა“, - აცხდებს გიორგი მუჩაიძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გამოყოფილი დახმარება, საქართველოს ნატოში გაწვერიანების პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

„ეს ადასტურებს, რომ დასავლეთისა და აშშ-სთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველო. ალიანსის ქვეყნების მხრიდან აღმოჩენილი ეს დახმარება საქართველოს გზას გაუკაფავს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. თუმცა, ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

მისივე განცხადებით, სავარაუდოდ აშშ-ს და თურქეთის მხრიდან საქართველოსთვის აღმოჩენილ დახმარებას უპასუხოდ არ დატოვებს რუსეთი. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, რუსული ფაქტორი არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ უარი თქვას თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე.

„ალბათ უნდა ველოდოთ რაღაც გართულებებს, ეს მათთვის დამახასიათებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორი რეაქცია მათ პროვოკაციაზე. ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვართ დასავლეთისა და მისი სტრატეგიის  ნაწილი. რუსული ფაქტორი არ ნიშნავს, რომ  თავდაცვის სისტემა არ უნდა გავაძლიეროთ და ამას აკეთებს კიდეც საქართველო - იგივე, ნატოს სასწავლო ცენტრის მშენებლობა ზუსტად ვიცით, რომ ძალიან აღიზიანებს რუსეთს“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

გიორგი მუჩაიძის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია საქართველომ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებას.

„პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ქვეყნის წინსვლა - ცხადია, რომ ამ პროცესების მიმართ ყოველთვის ნეგატიური იქნება რუსეთი; რამდენადაც პუტინის რეჟიმის მიზანია საქართველო იყოს სუსტი და დაუცველი, რათა კრემლმა მაქსიმალურად შეძლოს საგარეო პოლიტიკის კუთხით თავს მოახვიოს სააკუთარი ხედვა და ამით მუდამ სერიოზული გავლენის ქვეშ ჰყავდეს საქართველო.

ჩვენ არ უნდა ვუყუროთ რუსეთის პოზიციას. პირიქით, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ორმხრივი თანამშრომლობა. უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, განვახორციელოთ ისეთი რეფორმები, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.