კორუფცია, ნავთობზე ფასების დაცემა და არაპროდუქტიული თანამშრომლები, - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რამაც რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლა გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა Time-ი იტყობინება.
გამოცემის მიხედვით, 2009 წლის შემდეგ პირველად, რუსეთი რეცესიას განიცდის და სერიოზული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, კრემლის ლიდერი - ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ეკონომიკური იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს. უფრო კონკრეტულად, Time-ი რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლას ხუთ მიზეზს უკავშირებს და ამ მიზეზებს ვრცელ განმარტებას ურთავს.
1. დივერსიფიცირების ნაკლებლობა. საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში კრემლი მხარს უჭერდა და მფარველობდა მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს, ამ დროს კი მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. თუმცა სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები არის ძლიერი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის საფუძველი. უფრო მეტიც, ევროკავშირში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობაში 40-პროცენტიანი წვლილი აქვთ, რუსეთში კი მხოლოდ 15 პროცენტი. შესაბამისად, ეს ფაქტორი მსოფლიოს სიდიდით პირველ სახელმწიფოში ბიზნესის დაწყებას ხელს უშლის.
2. ნავთობის ბაზრის ფაქტორი. ერთი ბარელი ნავთობის ფასი 45 დოლარამდე დაეცა, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთს, რომლის ბიუჯეტის დაახლოებით 50 პროცენტიც ნავთობისა და გაზის გაყიდვებით ივსებოდა. იმისთვის, რომ რუსეთის ეკონომიკამ აღმასვლა დაიწყოს, საჭიროა, ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 100 დოლარს დაუბრუნდეს. თუმცა, ამას დიდი დრო დასჭირდება.
3. სანქციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი დასავლეთის სანქციები, საერთო ჯამში, რუსეთს მშპ-ის 9 პროცენტი დაუჯდება.
4. სხვა პრობლემები. რუსი დასაქმებულების უმრავლესობა არც ისე პროდუქტიულია, როგორიც უნდა იყოს ეკონომიკური განვითარებისთვის. საშუალოდ, ერთი რუსი დასაქმებული საათის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს 25,90 დოლარს მატებს. იგივე მაჩვენებელი საბერძნეთში 36 დოლარს სცდება, აშშ-ში კი 67.40 დოლარს. ამას გარდა, დაუსრულებელი კორუფციის გამო რუსეთის ეკონომიკა წლის განმავლობაში 300-დან 500 მილიარდ დოლარამდე კარგავს. კორუფციის დონე რუსეთში 6.75-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ იგი ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს მცირედით ჩამორჩება.
5. არანაირი სურვილი ცვლილებისა. რუსეთის უდიდესი პრობლემა შესაძლოა, ცვლილებების ნაკლებობა იყოს. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, საბერძნეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხუთი მთავრობა შეიცვალა. რუსეთში კი სხვა ტენდენციაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური დაღმასვლაა, პუტინი მაინც რეიტინგული ლიდერია. Time-ის აზრით, ამას მარტივი ახსნა მოეძებნება- რუსი მოსახლეობის 90 პროცენტი ახალ ამბებს კრემლის მიერ კონტროლირებადი არხებიდან იღებს, ხოლო პუტინმა ძალიან კარგად იცის, რისი მოსმენა სურს საკუთარ მოსახლეობას.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ბელოუსოვი ადასტურებს, რომ კრემლს რუბლის დაცვა აღარ შეუძლია, ხოლო სავალუტო რეზერვის ამჟამინდელი მოცულობა რუბლის კურსის შენარჩუნების საშუალებას არ იძლევა.
ექსპერტები რუბლს „საშინელ კვირას“ უწინასწარმეტყველებენ, თუკი კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ უფრო გამწვავდება. ასეთ შემთხვევაში რუსეთს, რომელიც დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს მფარველობს, კვლავ მოუწევს გაუთვალისწინებელი სამხედრო თუ სხვა ხარჯების გაწევა მათ დასახმარებლად, რამაც შეიძლება, რუბლი დაბალ ნიშნულამდე (1 დოლარი - 67 რუბლზე) დასწიოს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იზიარებს Time-ის შეფასებას, რადგან რუსეთის პოლიტიკა არ შეცვლილა, ეს პოლიტიკა საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით იქნა მიღებული და დროებით შეჩერებული. თუმცა მთავარი დოგმა, რომ რუსეთი უნდა იყოს იმპერია და, თანაც, კლასიკური ტიპის იმპერია, დავიწყებას არ მისცემია.
„კლასიკური ტიპის იმპერიაში ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთმა სამხედრო ძალით მეზობელი ქვეყნები ან მისთვის საინტერესო ქვეყნები უნდა დაიმორჩილოს. საბჭოთა კავშირის შემდეგ რუსეთმა განვითარება კი არ დაისახა მიზნად, არამედ-საბჭოთა იმპერიის ახლებური ფორმით აღდგენა. მთელი ბოლო 24 წლის განმავლობაში რუსული პოლიტიკური გენი ამ მიმართულებით მუშაობდა. მათ ვერ შეცვალეს სისტემა. კაცმა რომ თქვას, ვერც ჩვენ შევცვალეთ, მაგრამ რუსებმა სრულად დატოვეს ავტორიტარული მმართველობა. ელცინის შემდეგ მოვიდა პუტინი, ახლა აღარ ვთვლი მედვედევს, რადგან ეს დიდი ცვლილება არ ყოფილა, ეს იყო, უბრალოდ, შესაკრებთა გადანაცვლება. ყოველივე ამის ფონზე მოხდა საბჭოთა პერიოდში დაგროვილი სიმდიდრისა და ნედლეულის დაპატრონება, კომუნისტური პარტიული ბიუროკრატია ჩაანაცვლა ოლიგარქთა ბიუროკრატიამ. რუსეთის სახელმწიფო ოფიციალურად გახდა კაპიტალისტი. რუსეთში თავისუფალი ეკონომიკა არ არის, თავისუფალი პოლიტიკა არ არის, რუსეთში თავისუფლება არ არის. ეს ყველაფერზე აისახება. მოხდა „ტვინების“ გადინება, აქტიური ნაწილი უცხოეთში გავიდა და რუსეთი საოცარი დეფიციტის პირობებში აღმოჩნდა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და საკადრო თვალსაზრისით. რამდენად გაუძლებს რუსეთი პუტინს 10 თუ 14 წელი, ეს კიდევ საკითხავია. მეეჭვება, ათი წლის შემდეგ რუსეთმა თავი დააღწიოს ამ კრიზისს. პირიქით, ათი წელი, ალბათ, ის დროა, როდესაც რუსეთი შევა ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალი არ იქნება“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და განმარტა, დასავლეთის სანქციები რომ არც იყოს, რუსეთის სტრატეგია მაინც იქითკენ მიექანება, რომ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც იქ იგივე პროცესები განვითარდება, რაც საბჭოთა კავშირში.
პოლიტოლოგი თვლის, რომ არა მარტო რუსეთი, არამედ ვერცერთი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებდა. ეს ავთვისებიანი სიმსივნესავითაა, რუსეთმა დაიწყო შეიარაღებაში დიდი ფულის ჩადება, ბიუროკრატია განუზომლად გაიზარდა, კორუფცია ვერ შემცირდა და გამოსავალი არ ჩანს. არადა, პოლიტოლოგის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ძლიერი და დემოკრატიული რუსეთი. შესაძლოა, დასავლეთისთვის ეს მაინცდამაინც მისაღები არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენთვის იდეალური იქნებოდა.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთში ცვლილებებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია სწორედ რუსი საზოგადოების კონსერვატიულობა და ჩაკეტილობა, არსებული სიტუაციის მიმართ შემგუებლობა, პოლიტიკური თავისუფლების არარსებობა, რაც ზღუდავს კრიტიკას, გამოხატვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კონკურენციაც მნიშვნელოვანია, რადგან ოლიგარქიული წყობა თავისთავად იწვევს იმას, რომ დიდი კლანების ხელშია ჩავარდნილი ეკონომიკის ძირითადი მიმართულებები.
„რუსეთს გაუმართლა, რომ ერაყის კრიზისი წარმოიშვა და შემდგომში უკვე შეერთებული შტატების ინტერვენციამ ერაყში ნავთობის დეფიციტი გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე. ამით რუსეთი დასავლეთისთვის საჭირო პარტნიორი გახდა. პრაქტიკულად, რუსეთმა ევროპაში ენერგოპროდუქტების დიდი ბაზარი დაიკავა. ამიტომ რესურსებზე ორიენტირებული რუსეთის ეკონომიკა მაინც ახერხებდა აქამდე არსებობას, ანუ ყველაფერი მიბმული იყო ნავთობისა და გაზის ექსპორტზე და ამის ირგვლივ ტრიალებდა. მომავალში, თუკი ნაკლებად კონკურენტული გახდება რუსეთის ენერგოპოლიტიკა, რუსეთს გაუჭირდება ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. არ არის გასაკვირი, რომ რუსები რუბლს ძლივს ინარჩუნებენ, რადგან რუსული ეკონომიკა არც ინოვაციებზეა დამყარებული და არც ეფექტიანობაზე. ინვესტორები და ბიზნესმენები რუსეთში ინოვაციებით კი არ ებრძვიან ვინმეს, არამედ კორუფციული გზებით“,-აცხადებს კახა გოგოლაშვილი.