„ჩვენ გვინდა არა ძლიერი პარტნიორობა, არამედ - წევრობა“

„ჩვენ გვინდა არა ძლიერი პარტნიორობა, არამედ - წევრობა“

საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე საქართველოს შსს-მ მოკვლევა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთებს ატარებს.

პარალელურად, ე.წ. ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო წვრთნას იწყებს ნატო. სამხედრო სწავლება 13 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში 11 ქვეყნიდან 5 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება ბულგარეთის, იტალიის, რუმინეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე ჩატარდება. სამხედრო წვრთნის მიზანს საჰაერო ძალების მზადყოფნის შემოწმება და ალიანსის ძალების დახვეწა წარმოადგენს. ნატო-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი სამხედრო სწავლება ჩაატარა ევროპის და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.

რა კავშირშია საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა ნატოს მასშტაბურ წვრთნებთან და რაში მდგომარეობს საქართველოს სტრატეგია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენიგამოჩენასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია. როგორ ფიქრობთ, რა კავშირში შეიძლება იყოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა და ნატოს მასშტაბური წვრთნები?

-პირდაპირი პარალელების გავლება არ შეიძლება. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენი სამსახურები გაანალიზებენ რა ინციდენტთან გვქონდა საქმე. ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც რუსული საფრენი აპარატები ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოსულან. ამის ანალიზი უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. ამ წუთას არ ვარ მზად, გიპასუხოთ რატომ დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე. შეიძლება ეს შეცდომა ყოფილიყო, შეიძლება მიზანმიმართულად მომხდარიყო საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა.

რაც შეეხება ამერიკელი ანალიტიკოსის განცხადებას, რომ საქართველო MAP-ის გარეშე უნდა გაწვერიანდეს ნატოში. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა საქართველოში, შეგიძლიათ თქვათ, რომ ალიანსი მზად არის MAP-ის გარეშე გააწევრიანოს საქართველო ნატოში?

-ჯერ კიდევ უელსის სამიტამდე მქონდა მცდელობა, რომ ეს საკითხი დამდგარიყო დღის წესრიგში. ნატოს რაიმე სტანდარტი არ გააჩნია, რომ ქვეყანას რომელსაც გააწევრიანებენ ჯერ MAP-ი უნდა ჰქონდეს მიღებული. ამის არგუმენტად შემიძლია გითხრათ ის, რომ იგივე IPAP აქამდე არასოდეს არ ჰქონია ნატოს გამოყენებული; ეს გამოყენებულ იქნა საქართველოსთან მიმართებაში. ანუ, რაიმე სტანდარტი აქ არ არსებობს.

რაც შეეხება ინიციატივას, ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვმუშაობდით. მე, პირადად, ჩემს კოლეგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან არაერთხელ მქონია ამაზე სერიოზული მსჯელობა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ ფორმატში, რომელიც მას ნატოსთან უკვე გააჩნია. ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ფაქტობრივად, თავისი შინაარსით არის MAP-ი. თითქმის იდენტურია იმ მიდგომების, რასაც ნატოს ფარგლებში გამოიყენებს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან - ეს არის მაკედონია, ბოსნია-ჰერცოგოვინა და მონტენეგრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს თავისი პოზიტიური მხარე აქვს, გარკვეული ნეგატიური მხარეებიც ახლავს და ესეც გასათვალისწინებელია.

კონკრეტულად?

-არ მინდა ამაზე ღიად ვისაუბრო. თუმცა, მირჩევნია საქართველომ მიიღოს MAP-ი. თუმცა, თუ იქნება მოდელი და ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, ანუ ასეთი ჩანეწერი გაკეთდეს იმ ფორმატში, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ჩვენ გაგვაჩნია, ეს ცუდი არ იქნება. მთავარია ნატოს მხრიდან იყოს მკაფიოობა და პრინციპულობა. ჩვენ ამას ვითხოვთ ყოველთვის - რომ კი, ჩვენ ვხედავთ თქვენს მხარდაჭერას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკურებით კი, ნატოსთან არის არანახული, ინტენსიური ურთიეთობა, აქამდე ასეთი არასოდეს არ ყოფილა. მაგრამ ჩვენ ნატოსგან გვინდა უფრო მეტად მკაფიო პოზიცია.  

რატომ ერიდება ნატო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას საქართველოსთან მიმართებაში?

-როგორც ყოველთვის ნატოს ზოგიერთი წვერი ქვეყანა ფიქრობს, რომ თუკი საქართველოს მიმართ მკაფიოობა იქნება ოფიციალურად და ღიად გაცხადებული, ამან შეიძლება რუსეთის პროვოცირება მოახდინოს და გარკვეული აგრესია გამოიწვიოს საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ნატოს გაფართოება მის საზღვრებთან მიუღებელია. ამიტომ, ნატოს ზოგიერთი ქვეყანა თვლის, რომ ჯობია საქართველო კარგად მოემზადოს და უკვე შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მყისიერად.

თუკი საქართველო მზად იქნება და საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა ამის საშუალებას მისცემს ნატოს წევრ ქვეყნებს, ეს შეიძლება მყისიერადაც მოხდეს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც პირიქით, თვლიან, რომ საქართველომ რაც შიეძლება მალე უნდა მიიღოს MAP-ი, რაც ფაქტობრივად, შეამცირებს რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობას. ამის მაგალითად მოჰყვათ ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორია, როდესაც ნატომ შეუწყო ხელი, რომ გამხდარიყვნენ ნატოს წევრები.

ამ აზრთა ჭიდილში ჩვენ ვხედავთ, რომ წევრ ქვეყნებს აქვთ თავისი ძლიერი და სუსტი არგუმენტები...

-რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც მივიჩნევ, რომ ის, რაც საქართველომ აჩვენა თავისი სწრაფვით ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით, უბრალოდ იმსახურებს მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ვფიქრობ, რომ MAP-ი იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მოტივაციას მოგვცემდა, რომ უფრო გავზარდოთ ინტენსივობა ურთიერთობაში; მეტი რესურსი გამოვყოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, უფრო მეტი რესურსი დავხარჯოთ ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

ეს იქნებოდა დიდი მოტივაცია ჩვენი მოქალაქეებისათვის. მათ შორის, ამას გარკვეული ეკონომიკური ეფექტიც ექნებოდა. დასავლეთი დაინახავდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გამოჩნდა ახალი ქვეყანა, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს; თავისთავად ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყანის მიმართ ეკონომიკური ინტერესი მეტი იქნება.

ჩვენ ამ არგუმენტებს ხშირად მოვიშველიებთ, როდესაც პარტნიორ ქვეყნებს ველაპარაკებით და მათთვის ეს გასაგებია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ნატო, რომელსაც ჰყავს პარტნიორი წევრები, სადაც გადაწყვეტილებას იღებენ კონსენსუსის გზით და თავისთავად ცხადია, რომ გარკვეული პოლიტიკური სირთულეები არის.

ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, 2012 წლის არჩევნებმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველო ევროპულ გზას ადგას, ამ ქვეყანაში მიმდინარეობს რეფორმები, ბევრი რამ კეთდება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამას ყველა ერთხმად აღიარებს. რიგ შემთხვევაში გაკვირვებულებიც კი არიან მიღწეული შედეგებით. ეს ყველაფერი იმედს გვაძლევს, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან კეთდება განცხადება, რომ საქართველომ შეძლო სერიოზული თავდაცვითი რეფორმების განხორციელება და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობა იმაზე მეტად, ვიდრე თვით ნატოს ბევრი წევრი ქვეყანა იყო ჩართული. ამ ფონზე რამდენად სწორია აქცენტის გადატანა იმაზე, რას იზამს რუსეთი - მით უფრო, როდესაც არსებობს ბალტიის ქვეყნების მაგალითი?

-მე ვარ ქართველი, მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავისთავად ცხადია, რომ  მხოლოდ კარგი მინდა ჩემი ქვეყნისთვის და ამიტომ ჩემი არგუმენტები უფრო ძლიერია. მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც თავიანთი საერთაშორისო პოლიტიკური ხედვა აქვთ. არიან ქვეყნები, რომლებთაც გარკვეული კავშირები აქვთ რუსეთის ენერგოინტერესებთან. ასევე, არიან ქვეყნები, რომლებიც უბრალოდ, სკეპტიკურად არიან განწყობილი და ელოდებიან დიდი ქყვეყნების პოზიციას.

ანუ, გერმანიის პოზიციის მოლოდინში არიან?

-არა, რატომ მარტო გერმანიის? იქ არიან სხვა წამყვანი ქვეყნები აშშ-ი და საფრანგეთი. ასე ერთმნიშვნელოვან შეფასებას ვერ გავაკეთებ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის როგორც ნატოს საპარლამენტი ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელისთვის, ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვხადავთ, ძალიან დიდია. პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს საკითხი არის მთავარი თემა.

თუმცა, ოპონენტები გადანაშაულებენ, რომ საქართველოს საკითხი ამოვარდნილია ნატოს დღის წესრიგიდან...

-ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომელიც ახასიათებთ ჩვენს ოპონენტებს. პირდაპირ გეტყვით, ასეთი ინტენსიური ურთიერთობა რაც ჩვენ ნატოსთან გვაქვს, არასდროს არ ყოფილა და ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე დიპლომატი.

2016 წლის ივლისში პოლონეთში დაგეგმილ ნატო- მომავალ სამიტზე საქართველო დიდ იმედებს ამყარებს, რადგან საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა სწორედ MAP-ის მოთხოვნა. თუმცა, ანალიტიკოსების განცხადებით, იმისათვის, რომ ივლისში პოლონეთში დაგეგმილ ნატო- მომავალ სამიტამდე, საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნას მიღებული,  საჭიროა აქტიური მუშაობა ბერლინში...

-არამარტო ბერლინთან, არამედ ყველა ქვეყანასთან არის საჭირო მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ბერლინთან, ასევე ვაშინგტონთან, რომთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი მხარდამჭერი და შეიძლება იყოს უკიდურესად სკეპტიკური. ჩვენ ყველასთან ვმუშაობთ ინტენსიურად.

ჩვენი სტრატეგია რაში მდგომარეობს?

-ჩვენ ვითხოვთ მაქსიმუმს. დიახ, ჩვენ გვინდა MAP-ი და ეს ცალსახაა. მაგრამ ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ წინა ხელისუფლება ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც ეუბნებოდა, რომ MAP-ზე მეტი გვაქვსო. ჩვენ არ ვაპირებთ მოსხლეობის მოტყუებას და პირდაპირ ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენ ვართ მაქსიმალისტები და ჩვენ ვითხოვთ მაქსიმუმს. ამისთვის ვატარებთ რეფორმებს და ამისთვის ვმუშაობთ პარნიორ ქვეყნებთან. თუმცა, ვერავინ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩვენ MAP-ს მივიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა.

ცხადია, ყველაფრი დამოკიდებულია ნატოს წევრ ქვეყნებზე, რომლებიც კონსენსუსით იღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩვენი მუდმივი და ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ გვინდა არა ძლიერი პარტნიორობა, არამედ წევრობა, საბოლოო ჯამში, შედეგს მოიტანს.