„თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება და ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ახორციელებს“

„თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება და ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ახორციელებს“

რუსეთის საოკუპაციო ჯარების, საინჟინრო შენაერთების მასშტაბური საინჟინრო წვრთნები მიმდინარეობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. საინჟინრო ბატალიონების სწავლება მოიცავს სამხრეთის გიუმრის ბაზას, რუსეთის კავკასიურ რესპუბლიკებს და ოკუპირებულ ყირიმს. საინჟინრო ჯარების სწავლება გამოცხადდა სამხედრო ოლქის ყველა შენაერთში.

პოლიგონებზე გაყვანილი საინჟინრო ჯარები, სწავლებას გაივლიან სხვადასხვა საცეცხლე პოზიციების მოწყობაში, სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების მოწყობასა და მდინარეების გადალახვაში. მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელიშიც 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა იღებს მონაწილეობას 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ანალიტიკოსების განცხადებით, პირდაპირ აგრესიას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, აცხადებენ, რომ საინჟინრო შენაერთების მასშტაბური საინჟინრო წვრთნები პირდაპირ კავშირშია იმ განცხდებებთან, რომელიც კეთდება ალიანსის მხრიდან, რომ რუსეთი არის სერიოზული საფრთხე.

მიუხედავად მასშტაბური სამხედრო წვრთნებისა, ანალიტიკოსები გამორიცხავენ, რომ სამხედრო წვრთნები შესაძლებელია გადაიზარდოს საბრძოლო მოქმედებებში. მათივე თქმით, ეს უფრო არის საფრთხის განცდის შექმნა და პირდაპირი მინიშნება დასავლეთისთვის, რომ მათ შეუძლიათ კავკასიის ქედის რთული რელიეფის გადალახვა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, ყირიმი, გუმრის სამხედო ბაზა და რუსეთის კავკასიური რესპუბლიკები გაერთიანებული არიან ერთი ოპერატიული სარდლობის დაქვემედებარებაში.

„სამხედრო ოპერატიულმა სარდლობამ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვითარება გართულებულია სირიაში. ანუ, რუსეთს ორი მიმართულებით აქვს ფრონტის ხაზი გახსნილი - ერთია - ყირიმი და უკრაინა; როგორც ჩანს ბალტიის მიმართულებითაც გააქტიურდება რუსეთი და სირიის კონტექსტში, საქართველოს მიმართულებითაც.

საქართველო სირიის რეგიონალური კონფლიქტის ზონაში მოხვდა. ანუ ჩვენ სირიაზე ვართ მიბმული. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და საქართველო აბსოლუტურად ერთიანი სამხედრო სარდლობის მთავარი დარტყმის ობიექტია, სექტორალურად სხვადასხვა სექტორში ვართ განაწილებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბესიკ ლოლაძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები წარმოადგენს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებაში აწარმოებს.

„როგორც იცით, საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია. ჩვენი მიზანია განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რათა მოხდეს ჩვენი მოწინააღმდეგის მაქსიმალური შეკავება იმ ფარგლებში, სადაც ის დღეს იმყოფება და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, ის ჯარი, რომელიც წვრთნებს გადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აუცილებლად დატოვებს საქართველოს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ახორციელებს. კერძოდ, ურთიერთობის გაღრმავება და განმტკიცება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ურყევი კურსი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“, - განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია თვლის, რომ რუსეთი მასშტაბური წვრთნებით მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს.

„ეს ბუნებრივი ნაბიჯია, რომელიც დემონსტრირებას უკეთებს მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს. ეს არის გარკვეულწილად მათი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ამიტომ, მიზანმიმართულად უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენს შეიარაღებას, სამხედრო შეიარაღებულ ძალებს და ვაძლიერებდეთ ეკონომიკას.

ეს არის საქართველოს მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი. აუცილებელი არ არის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ ნებისმიერი სამხედრო აქტივობისთვის მზად ვიყოთ და თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი, ამ კონკრეტულ სწავლებასა და ბანერების დადგმას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს. თუმცა, აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამგვარი კავშირი, ეს სწავლება, როგორსაც რეგულარულად ატარებს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის საქართველო კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

„საოკუპაციო რეჟიმის გაგრძელებაა და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიაში სამხედრო სწავლებები და წვრთნები, ისევე როგორც ბანერების განთავსება, არის მცდელობა, საქართველო ჩაითრიონ პროვოკაციაში. ასევე, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ეს არის, კავკასიაში გავლენისა და ძალის დემონსტრირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი, ბათუ ქუთელია აცხდებს, რომ ასეთი სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის სამიზნე ქვეყნებს, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებას.

„ნებისმიერი ასეთი სახის სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის არა მარტო ამ შემთხვევაში რუსეთის სამიზნე ქვეყნებს, როგორიც არის უკრაინა და საქართველო, არამედ, ზოგადად, საერთაშორისო რეგიონალურ უსაფრთხოებას. ასეთი ბერკეტების გამოყენებით რუსეთი ცდილობს საკუთარი თავი დაიმკვიდროს როგორც აგრესიული რევანშიზმის მომხრე მოთამაშემ.

სწორედ, რომ ამის შედეგია ის, რომ სწორედ ნატომ შეცვალა თავისი პოლიტიკა და უკვე აქტიურად განიხილება ის ზომები, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ნატომ მაქსიმალურ თავდაცვას რუსეთის მხრიდან“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.