დროდადრო ქართული მედია ხელისუფლებაში „დიდ წმენდას“ აანონსებს. მოარული ხმების თანახმად, ხადურს, წულუკიანსა და ბერუჩაშვილს ათავისუფლებენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მედია დიდ სამთავრობო „წმენდას“ ან „კარუსელებს“ პროგნოზირებს. დროდადრო მსგავსი თემები გააქტიურდება ხოლმე, თუმცა განსჯის საგანია, ვის ინტერესშია ამჟამად ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა და ხომ არ სურს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ამით ხაზი გაუსვას ხელისუფლების სისუსტეს და უუნარობას?!
საქაროთველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.
„არავითარი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან არაფერს ვგეგმავთ ამ ეტაპზე. თუ რამეს გადავწყვეტთ, თქვენს გარეშე არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ის ამბობს, რომ ეს უკვე მერამდენე ინფორმაციაა, მაგრამ მთავრობის მეთაურთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
მედიისვე ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში, მაშინ, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, მის ადგილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ, საპარლამენტო ლიდერის პოსტიდან წასვლას აპირებს დავით საგანელიძე და მას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნავენ.
საგანელიძეს, სავარაუდოდ, გია ვოლსკი შეცვლის. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძეს კი მთის მინისტრად დანიშვნის სურვილი აქვს.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე სავარაუდო სამთავრობო ცვლილებების უკან საინფორმაციო სივრცეში განზრახ „შეგდებულ“ ინფორმაციას ხედავს, რაც გარკვეულ მიზანს ემსახურება. კერძოდ, როგორც კი ესა თუ ის მინისტრი პოპულარული ხდება, ნაციონალების კონტროლქვეშ მყოფი მედიასაშუალებები მის დისკირედიტაციას ახდენენ. ასევე მოხდა ღარიბაშვილთან მიმართებით, პირველ წელს ღარიბაშვილი განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ და მაშინვე დაიწყო მისი „მხილების“ კამპანია; შემდეგ ასევე მოექცნენ სერგეენკოს, საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური პროგრამის გამო. ასე რომ, ამ „ტექნიკას“ ნაციონალები კარგად ფლობენ.
For.ge-სთან საუბარში ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ თავად მთავრობის განახლება არ არის მოულოდნელი და მიუღებელი და, თუკი მთავრობის მეთაურმა ჩათვალა, რომ ესა თუ ის პიროვნება ვერ უძღვება სფეროს, ცხადია, განახორციელებს ცვლილებას.
„დავუშვათ, ეს ვერსია სწორია და მთავრობაში პრემიერის გარშემო მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ შეცვალოს. თუ ეს ხადურს ეხება, ჩემი აზრით, არასწორი იქნება, რადგან საგარეო ფაქტორებიც ახდენს ზემოქმედებას ჩვენს ეკონომიკასა და საფინანსო სისტემაზე და ძნელია, უფრო ძლიერი პიროვნება დავუპირისპიროთ ამას, თუ არა ნოდარ ხადური, თავისი მენეჯერული თვისებებით. თუ სხვა კანდიდატურას მეტყვიან, ვეჭვობ, ვინმემ აჯობოს ხადურს ღარიბაშვილისა და ივანიშვილის კადრებს შორის.
რაც შეეხება თეა წულუკიანს, არ მესმის იუსტიციის მინისტრის მიმართ რა პრეტენზიებია. თუკი არსებობს ბუნებაში ძალა, (ზებუნებრივს არ ვგულისხმობ), რომელიც სამართლიანობის აღდგენას საგარეო და საშინაო ფაქტორთა გათვალისწინებით შეძლებდა, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. საქართველოში სამართლიანობის აღდგენის კურსი ეწინააღმდეგება აშშ-ის ან ევროპის, ანუ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების ხედვას საქართველოსთან მიმართებით და ვერცერთი იუსტიციის მინისტრი ამას ვერ შეძლებს. დასავლეთის სანქციებთან შედარებით კი რუსული სანქციები იავნანა იქნება - ეს დასავლური ხედვის წინააღმდეგ წასვლად ჩაეთვლება ჩვენს ხელისუფლებას.
ბერუჩაშვილის შესაცვლელად კი მეტ-ნაკლები მიზეზი ისაა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სანქციებთან მიერთების თემაზე და აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით თითქოს მას განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. ამდენად, უფრო მეტი მიზეზი არსებობს მის შესაცვლელად; მაგრამ გავიხსენოთ, რატომ დავნიშნეთ წინადღით გადამდგარი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ პოსტზე? - რათა დასავლეთი დარწმუნებულიყო ჩვენი პროდასავლური კურსის ურყევობაში“,- აღნიშნა ვაჟა ბერიძემ და განმარტა, რომ ეწინააღმდეგება მთავრობის წევრების ხშირ ცვლას, რაც არასტაბილურობის განცდას იწვევს.
კერძოდ, ექსპერტი თვლის, რომ ისედაც 4-5 წლითაა შემოსაზღვრული მთავრობის მოქმედების ვადა და, თუ კვარტალში ერთხელ ცვალეს მინისტრები, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ხელისუფლების არამდგრადობის განცდას. მართალია, სააკაშვილს უყვარდა სამთავრობო ცვლილებები, მაგრამ მიშას დროს მინისტრები იყვნენ პაიკები, რომლითაც ერთობოდა დიქტატორი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი არ ფლობს ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების თაობაზე და მედიაში ამის შესახებ ამტყდარ აჟიოტაჟს, ასევე, „შემოგდებულ“ თემად მიიჩნევს. მისი თქმით, ვიღაცის „ანალიტიკური“ დასკვნების მიუხედავად, ამ გადაადგილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩვენ გვყავს მთავრობა, სადაც ადამიანები ცდილობენ, იმუშაონ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთლიანად მმართველობითი სისტემის კრიზისი და ასეთი ერთეული გადაადგილებები მთლიან სურათს ვერ შეცვლის. ასე რომ, მთლიანად არის გადასახედი მმართველობითი სისტემა და რადიკალური რეფორმაა გასატარებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. არ ვიცი, რისთვის სჭირდებათ ეს თემა, ორი დღით იჭორავებენ და ყველას დაავიწყდება, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა For.ge-სთან საუბარში.