ამერიკელი პოლიტოლოგი და სტრატეგიული კვლევითი ცენტრის Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი წერს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი პენტაგონში, ქვეყნებს შორის უფრო ღრმა ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველი გახდება. ანალიტიკოსი წერს, რომ საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა ევროპაში. მისივე თქმით, ევროატლანტიკურ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა გამოხატავს მსგავს ენთუზიაზმს ნატო-ს მიმართ, როგორც საქართველო - მიუხედავად იმისა, რომ ის ალიანსის წევრი ჯერ არ არის.
„ნატო-საქართველოს კავშირები ამაზე ახლო არასოდეს ყოფილა. ნატო-ს ბოლო სამიტის დროს, ალიანსმა მოიწონა „ნატო-საქართველოს პაკეტი“, რომელიც საქართველოს თავდაცვით და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი წლის ბოლოს ვაზიანის საწვრთნელ ტერიტორიაზე თბილისთან ახლოს გაიხსნება. გასულ თვეს, საქართველომ უმასპინძლა ნატო-ს სამხედრო სწავლება Agile Spirit-ს, რომელშიც ბულგარეთიდან, საქართველოდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და რუმინეთიდან 250-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა“, - წერს ლუკ კოფი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატო-ს წევრობას დაპირდნენ, თუმცა, მას შემდეგ, ალიანსის ყველა წევრს მხარდაჭერა არ გამოუჩენია. ეს კი, მისი თქმით, განსაკუთრებით სიმართლეს წარმოადგენს ნატო-ს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც უხერხულად ახლო კავშირები აქვთ რუსეთთან.
„ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა გამოიწვევს ავტომატურად ომს რუსეთთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. ნატო-ს ბოლო ორი სამიტის დროს. საქართველო იმედოვნებდა, რომ მიიღებდა MAP-ს, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არ სჭირდება MAP-ი, რუსეთი საქართველოს გამუდმებულ მარცხს მოიპოვოს MAP-ი ნატო-სგან, იყენებს, როგორც პროპაგანდის გამარჯვებად.
აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. აშშ-მ უნდა მიჰყიდოს საქართველოს თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება - როგორიცაა FGM-148 ჟაველინ, და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება. საქართველო რუსეთის მხრიდან აგრესიის მუდმივი საფრთხის ქვეშაა. აშშ-მ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა აუცილებელი არ არის ალიანსში გასაწევრიანებლად“, - წერს ლუკ კოფი.
2016 წლის ივლისში პოლონეთში დაგეგმილ ნატო-ს მომავალ სამიტამდე, რომელზეც საქართველო დიდ იმედებს ამყარებს. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა სწორედ MAP-ის მოთხოვნაა. თუმცა, ამის მიუხედავად ანალიტიკოსების განცხდებით, წინასწარ რთულია იმის თქმა, აშშ-ს პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი საჯაროდ განაცხადებენ იმას, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად MAP-ი არ სჭირდება.
MAP-ის მინიჭების გარეშე გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი, ეს მხოლოდ საქართველოსა და 28 მოკავშირე ქვეყნის გადაწყვეტია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ნატო-ს მომდევნო სამიტის მიზანს საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება უნდა წარმოადგენდეს. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.
ექპერტი საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში MAP-ის გარეშე საქართველოს მიიღებენ ნატოში.
„ამას მარტივად გაამართლებენ იმით, რომ საჩქარო იყო საქართველოს გაწევრიანება და MAP-ის დრო არ იყო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო იქნება დაშლილი და გახლეჩილი. ქვეყანა, რომელსაც არაფრის თავი არ აქვს, არავის არ სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ასეთ ქვეყანას მიიღებენ იქ, სადაც ასეთი ქვეყნების ადგილია და ეს არის ევრაზიის კავშირი“, - აცხადებს შარაშენიძე.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ 2016 წლის ივლისში პოლონეთში დაგეგმილ ნატო-ს მომავალ სამიტამდე საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ამისთვის საჭიროა აქტიური მუშაობა ბერლინში.
„დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს საკითხი ბერლინში გაჩერებულია. ბერლინთან მუშაობა წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც არის ჩაგდებული. სამწუხაროდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ბერლინში არ გვყოლია ისეთი ძლიერი ელჩი, ვინც დაძრავდა საქართველოს საკითხებს.
ბერლინის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბერლინის პოზიციას უყურებს საფრანგეთი. თუ ბერლინი იქნება ჩვენთან, ეს ნიშნავს, რომ მაგრად ვიმუშავეთ, მაგრად მუშაობას კი, ყველა აფასებს. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთს, ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არის, რადგან ყოველთვის გააკეთებს იმას, რასაც ამერიკა სთხოვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, მთავარია ამ გადაწყვეტილების შესახებ ალიანსის წევრების კონსოლიდაცია და ამ გადაწყვეტილებებზე ბეჭედის დარტყმა. მისივე შეფასებით, თუ ალიანსი იტყვის, რომ MAP-ის გარეშეც შესაძლებელია საქართველოს ალიანსში გაწევრიანება, ძალიან ადვილად იქნება გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს გაწვერიანებასთან დაკავშირებით.
„მე მგონია, რომ ნატოს მინისტერიალზე საქართველოს პროგრესი ექნება. საქართველოსთან მიმართებაში რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ; თუნდაც ის, რომ გაჩნდება ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში რაღაც სხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვანია.
როგორც ცნობილია, მინისტერიალამდე საქართველოს მთავრობას ღიად აქვს გაცხადებული, რომ ითხოვს MAP-ს. სწორედ, აქედან გამომდინარე, ვფქრობ, რომ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმედი მაქვს, ჩვენი დიპლომატია ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ალიანსის პრაქტიკაში არსებობს პრეცედენტი, როდესაც MAP-ის გარეშე მოხდა ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, როგორიც არის MAP-ი. ვაშინგტონის 1999 წლის სამიტის შემდეგ არც ერთი ქვეყანა MAP-ის გარეშე ალიანსში არ გაწევრიანებულა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ MAP-ის არის ისეთი ინსტუმენტი, რომლის გვერდის ავლით ნატო-ში ინტეგრაცია შეუძლებელია.
„ჩვენ გვაძლევენ დამატებით დავალებებს, რომ მივიდეთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმამდე. MAP-ის გარეშე ცოტა რთულია ნატო-ში გაწევრიანება და არ მგონია, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა და თვითონ ნატოს საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მაშინ ალიანსმა უნდა გამოაცხადოს, რომ MAP-მა უკვე შეასრულა თავისი ისტორიული მისია, რომ ნატოს აღარ სჭირდება ეს სტრუქტურა. ამის შემდეგ, კი ბატონო, შეიძლება MAP-ის გარეშე მიღებული იქნას ეს გადაწყვეტილება.
ზოგადად, ნატოში გაწევრიანების ეს მოდელი - MAP-ი საკმაოდ ეფექტურია. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი ნატოს წევრი კანდიდატი სახელმწიფოსათვის. მაგალითად, ბულგარეთი და რუმინეთი ალიანსში MAP-ის გარეშე მიიღეს, მაგრამ ამან ბევრი პრობლემები გამოჩნდა. MAP-ის შემოღებამ აჩვენა, რომ ეს არის ეფექტური მექანიზმი. ეჭვი მეპარება, რომ ვარშავის სამიტამდე, ან შემდეგ სამიტზე ეს პროცედურა შეცვალოს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.