„ნატოს უელსის სამიტს გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მოსაწვევით  დაესწრო“

„ნატოს უელსის სამიტს გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მოსაწვევით დაესწრო“

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიამდე რამდენიმე კვირით ადრე, ისევ აქტუალური გახდა საკითხი, სწორია თუ არა ნიუ-იორკში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრება. გაერო-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა იმნაძე განმარტავს, რომ საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს და იგი ასევე  სიტყვით გამოვა ორივე ღონისძიებაზე. როგორც იმნაძე აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის გამოწვევებს და ქალთა საკითხებს ეხება.

საქართველოდან ნიუ-იორკში ორი ოფიციალური დელეგაციის ჩასვლა გაუმართლებლად და ქვეყნის საერათაშორისო იმიჯის შელახვის მცდელობად მიიჩნევენ ანალიტიკოსები და საზოგადოების ნაწილი. თუმცა, მეორე ნაწილი ამბობს, რომ სამიტზე სიტყვით  გიორგი მარგველაშვილი უნდა გამოვიდეს. თუმცა, არსებული პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, სხვადასხვა  უმაღლესი დონის შეხვედრაზე მოსაწვევი შესაძლოა არ იყოს იმ პირის სახელზე, რომელიც ქვეყნის დელეგაციას უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე მიწვევის მიღების მიუხედავად, სამიტზე წასვლაზე უარი თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წარმოადგენდა. (იხ.დანართი 1) (იხ.დანართი 2)

თავისთავად ცხადია, რომ ნატოს სამიტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა ალიანსის  გენერალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენს, ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს და მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.

ასეა თუ ისე, გაეროს 70-ე სესიას საქართველოდან ორი დელეგაცია დაესწრება, ერთი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მეორე - პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა იმაზე მუშაობს, ორი დელეგაციის ვიზიტით პროტოკოლის დარღვევა არ მოხდეს. გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში მიემგზავრება ერთ-ერთ პარალელურ ღონისძიებაზე, რომელიც არ იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ეს ღონისძიება ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ქალთა უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას და მისი სახელია „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება“ („Future of Eastern Europe: Empowerment Of Women”).

გიორგი მარგველაშვილი ამ ღონისძიებაზე ლიტველმა კოლეგამ დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია. ამასთან, პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი გამართოს სხვა შეხვედრები და მოლაპარაკებები, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე და იგი არ იქნება საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრი.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან გაემგზავრება მხოლოდ ერთი დელეგაცია და დელეგაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც შარშან, იქნება ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს წარმოადგენს  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. იგი გაეროს 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. შესაბამისი დავალებები გაერო-ში ქართულმა მისიამ უკვე მიიღო. საქართველოს პრემიერი გამართავს ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და დელეგაციებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, გაერო-ში საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით უმაღლეს დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ზედმიწევნით კარგად შეასრულებს. მისივე განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც უმაღლეს დონეზე მიიღება, უწყება ჩართულია შინაარსობრივ მომზადებაში.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გენერალურ დებატებში პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას; ასევე, არის პირადი მოწვევა ლიტვის პრეზიდენტისა საქართველოს პრეზიდენტისადმი, ღონისძიებაზე - ეს არის ევროპის განვითარება და ქალთა როლის გაძლიერება - როგორც ვიცით, პრეზიდენტმა დაადასტურა თანხმობა მონაწილეობის მიღებაზე. იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც იქნება მიღებული, ჩვენ ყველა სიტუაცში ვიქნებით აქტიურად ჩართული“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ოფისში კარგად ვერ გაიგეს, ასეთ შემთხვევებში, რას ნიშნავს პროტოკოლი.

„ეტყობა პრეზიდენტის ოფისში კარგად ვერ გაიგეს, ასეთ შემთხვევებში, რას ნიშნავს პროტოკოლი. დელეგაციის შემადგენლობისა და მეთაურის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. საკმაოდ მოუხერხებელია ორი მაღალი დონის დელეგაციის გამგზავრება, არის ზედმეტი დანახარჯიც, მაგრამ არის ღონისძიებები, რომელიც მნიშვნელოვანია. საპროტოკოლო უხერხულობას შეიძლება თავი ავარიდოთ - პრეზიდენტის დელეგაცია ცალკე იქნება, პრემიერის დელეგაცია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში თენგიზ ფხალაძე კი, უმრავლესობას შარშანდელ ფაქტს ახსენებს და პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ გადადგმულ სამარცხვინო ნაბიჯებზე საუბრობს.

„შარშანდელი პრეცენდენტი სამარცხვინო იყო და ქრესტომათიაში შესატანი - როგორ არ უნდა მოქმედებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები. კერძოდ, სირცხვილია როდესაც იმალება პრეზიდენტის სახელზე მოსული წერილები; მიზანმიმართულება ნაბიჯების, რომელიც გადადგმული იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისათვის და გადადგმული იყო იმ, წუთიერი პოლიტიკური კონიუქტურის გამო, იყო ძალიან ცუდი და მართლა აღარ მეგონა, რომ ეს თემა წამოიწეოდა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

მაშ ასე, ვინ გაემგზავრება გაეროში ეს საკითხი მეორე წელია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დავის საკითხია.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა აღასრულოს საერთაშორისო მაღალი დონის შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი  გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს ქვეყნის მიღწევებზე, მთავრობის მიღწევებსა და გეგმებზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან.

კონსტიტუციონალისტების ერთი ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ და სასამართლომ უნდა გამიჯნოს მათი უფლებამოსილებები. ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის განმარტოს კონსტიტუციის მუხლები.

„არ მესმის რა უნდა გასაჩივრდეს. აქ რომ იყოს რომელიმე კანონი, რომლის კონსტიტუციასთან შესაბამისობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, კი ბატონო; მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მუხლების განმარტებას ხომ ვერ მოგვცემს? - ეს არ არის მისი ფუნქცია. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის განმარტოს კონსტიტუციის მუხლები. ამიტომ, არ მგონია, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი თემა იყოს“, - აცხადებს ძაბირაძე.

როგორც ძაბირაძე მიიჩნევს, ამ დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ თავის დროზე კონსტიტუციაში არ გაკეთდა ზუსტი განმარტება. მისივე თქმით, ეს ვითარება იქნება მანამ, სანამ დღევანდელი მთავრობა და მისი პრემიერი იქნებიან ხელისუფლებაში.

„ასეთი სიტუაცია მარტო ჩვენთან არ არის. ასეთი ვითარება იყო 70-იან წლებში საფრანგეთში - ტოკიოში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვეული იყო საფრანგეთი და არა პერსონები, თუმცა, ამის მიუხედავად, პრემიერი და პრეზიდენტი ერთად გაფრინდნენ. სულ ახლო წარსულში მოხდა პოლონეთში, როცა პრემიერი და პრეზიდენტი ევროკავშირის სამიტზე ერთად გაემგზავრნენ.

ასე რომ, საქართველო არ არის გამონაკლისი. თუმცა, მაშინ ამ საკითხის მიმართ საკამაოდ ირონიული დამოკიდებულება იყო საფრანგეთის, ისე პოლონეთის მიმართ. ვერც ჩვენ ავცდებით ამ ირონიას. ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნების დარი ქვეყანა, ამიტომ საკამოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს. თუმცა, როგორც ჩანს, გამოსავალი არ არის და სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება გაგრძელდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ორი დელეგაციის გამგზავრება ერთ ფორუმზე მიზანშეწონილი არ იქნება. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ამ და ანალოგიურ შემთხვევებში პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის პატრიოტობას დაამტკიცებს სწორედ იმით, რომ გზას დაუთმობს მნიშველოვან შეხვედრაზე მიმავალ დელეგაციას.

„ისევ და ისევ მეხსიერებაში ტივტივდება ცნობილი სცენა კავკასიური ცარცის წრიდან, როდესაც ორი დედა ერთმანეთისკენ ექაჩება შვილს - ვინც დათმობს, მისი პატრიოტობა უფრო მაღლა დადგება ხალხის თვალში, ვიდრე მეორე მხარის.

გაეროში სიტვით გამოსვლა გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, ვიდრე ქალთა საკითხებზე მოხსენების გაკეთება. მე ვვარაუდობ, რომ ამ და ანალოგიურ შემთხვევებში მარგველაშვილი თავის პატრიოტობას დაამტკიცებს სწორედ იმით, რომ გზას დაუთმობს მნიშველოვან შეხვედრაზე მიმავალ დელეგაციას“, - ამბობს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, ანალოგიური ვითარება ბევრ სხვა ქვეყანაშია, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით საკითხი საქმიანი მოლაპარაკების საშუალებით გვარდება.

„აქაც რომ ყოფილიყო ასეთი დიალოგის კულტურა, ვერც გავიგებდით პრობლემების არსებობას. ამ პროცესის მთელი სიმწვავე შექმნა იმან, რომ დიალოგი არ არსებობს და მხარეები ერთმანეთს მზა გადაწყვეტილებით უპირისპირდებიან და ეს გადაწყვეტილებები არის საჯარო. ეს სიტუაცია მეჩვენება უფრო სამწუხაროდ, ვიდრე კონსტიტუციური ხარვეზი - როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას არ აქვს იმის უნარი, რომ კონსტიტიუციური ხარვეზი გადაფაროს თავისი პოლიტიკური კულტურით.

ოღონდ ამ კულტურის მოთხოვნა ეხება მთელ პოლიტიკურ ელიტას. ნურავინ ნუ ჩათვლის, რომ წამგებიან მდგომარებაშია პრეზიდენტი, პრემიერი, ან ივანიშვილი რომლისგანაც დაიწყო ეს პროცესი. არა, ამ შემთხვევაში წამგებიან მდგომარეობაში ვარდება ყველა“, - აცხდებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.