თურქეთი აქტიურ ზომებს ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების სრულ ნეიტრალიზაციის მიმართულებით. რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირობას დებს, რომ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციები მანამდე გაგარძელდება, ვიდრე მუქარა იარსებებს და თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტები იქნებიან. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტერორისტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ უდიდესი დანაკარგები აქვთ.
for.ge-სთან საუბრისას თურქი პოლიტოლოგი, მელიკ ალკანი ამბობს, რომ ოფიციალური ანკარა საკმაოდ გულგირლად უყურებდა „ისლამური ხალიფატის“ ქმედებებს, რამაც გამოიწვია ის მოვლენები, რომლებიც დღეს ვითარდება თურქეთში.
რა დატვირთვა აქვს თურქეთის უსაფრთხოებისთვის ე.წ. „ბუფერული ზონის“ შექმნას; რა საფრთხის წინაშე დადგა სტრატეგიული ობიექტები და მათ შორის ნავთობსადენები; რა კავშირშია თურქეთის გააქტიურება დასავლეთის იმ პოლიტიკასთან, რომელიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ არის მიმართული; ცდილობს თუ არა ერდოღანი სამხედრო ინტერვენციის საშუალებით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და შესაძლებელია თუა არა თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზეც აისახოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პოლიტოლოგ მელიკ ალკანთან.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ხელისუფლებას მონაცემები გადასცა იმ მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, რომლებიც სტამბულშია მოსალოდნელი. სამინისტროს ინფორმაციით ტერაქტები, შესაძლოა, ქურთთა მუშათა პარტიამ განახორციელოს. როგორ ფიქრობთ, ეს დაკავშირებულია იმ ოპერაციებთან, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ ახორციელებს?
მელიკ ალკანი: ოფიციალური ანკარა საკმაოდ გულგირლად უყურებდა „ისლამური ხალიფატის“ ქმედებებს, რამაც გამოიწვია ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება ამ დღეებში. თუმცა ე.წ. „ბუფერული ზონა“, რომლის შექმნასაც ამჟამად თურქეთი ცდილობს, არ წარმოადგენს თურქეთისთვის რაიმე ღირებულს უსაფრთხოების კონტექსტში.
რატომ?
-შესაძლოა აღნიშნულის შექმნა შედის აშშ-ს ინტერესებში, რადგან ამით იხურება ის დერეფანი, რომელსაც ინტენსიურად იყენებდა ხალიფატი. თურქეთი ჩაბმულია გააფრთებულ ბრძოლებში ქურთთა მუშათა პარტიის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე 1984 წლიდან მოყოლებული ამ ბრძოლებში დაიღუპა 40 ათასი ადამიანი. რა თქმა უნდა, თურქეთს ესაჭიროება აშშ-ს დახმარება „ისლამურ ხალიფატთან“ ბრძოლაში, რათა დაამყაროს წესრიგი ჩრდილოეთ სირიასთან არსებული საზღვრების მიდამოებში, ისე, რომ არ მოახდინოს ინტერვენცია რეგიონის ფარგლებში.
მთლიანობაში რაც სურს თურქეთს არის ის, რომ წესრიგი დაამყაროს საზღვარზე და იგივე ინტერესი გააჩნია აშშ-საც, რათა ჩრდილოეთ სირია გაიწმინდოს ხალიფატის შენაერთებისგან.
ქურთთა მუშათა პარტია და მისი პოლიტიკური განშტოება ქურტისთანის დემოკრატიული პარტია წინააღმდეგი არიან თურქეთის მიერ ფართომასშტაბიანი ინტერვენციის, რადგანაც სიტუაციას ჩრდილოეთ სირიაში აკონტროლებს დემოკრატიული პარტია; აშშ ეხმარება სირიელ ქურთებს ასადის რეჟიმის დამხობაში. თუკი თურქეთი დაარტყამს ქურთებს, „პერშმეგეს“ სამხედრო ჯგუფები წინააღმდეგობას გაუწევენ თურქულ არმიას და ეს კი არ შედის აშშ-ს ინტერესებში. ამიტომაც ვთვლი, რომ აშშ-ს ამას არ დაუშვებს. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, რამდენად რეალურია „ბუფერული ზონის“ შექმნა?!.
ამ ვითარებაში, როდესაც გააქტიურებეულია ტერორისტული დაჯგუფება, რამდენად დაცულია ტურისტების უსაფრთხოება, უფრო კონკრეტულად, მიმდინარე მოვლენებმა შეამცირა თუა არა თურქეთში ტურისტების რაოდენობა?
-არა, თურქეთის ტურისტულ ობიექტებს და ტურიზმის განივითარებას ქვეყანაში, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე პროცესების სირთულის მიუხედავად, საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, ტურისტული ნაკადი ქვეყანაში არ კლებულობს, პირიქით, კიდევ უფრო მატულობს. ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არისგანვითარებული - ამ რეგიონებში, მანამდეც იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული. ამიტომაც ეს პრობლემა, მანამ სანამ სიტუაცია არ სცილდება ლოკალურ მასშტაბებს, არ წარმოადგენს ტურისტების უსაფრთხოების მხრივ არავითარ საშიშროებას.
რაც შეეხება სტრატეგიულ ობიექტებს, ალბათ ტერორისტების მთავარი სამიზნე სწორედ სტარტეგიული ობიექტები იქნება, ამ კუთხით რა ზომებია მიღებული და საერთოდ, ემუქრება თუ არა საფრთხე სტრატეგიულ ობიექტებს და მათ შორის ნავთობსადენებს?
-სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა, განსაკუთრებით კი მილსადენებზე დივერსიების განხორციელება, ხორციელდება ტერორისტების მიერ იმ მიზნით, რომ საფრთხე შეუქმნან თურქეთს. ამით თურქეთი ხდება დამოკიდებული მიიღოს ენერგომატარებლები რუსეთის ფედერაციიდან, რადგანაც აზერბაიჯანული ენერგომატარებლები, რომელიც მიეწოდება თურქეთს, დაბლოკილია სამხრეთ კავკასიიდან გამავალი მილსადენებზე მიყენებული ტერაქტების შედეგად. ამით თურქეთს აიძულებენ, რომ ოფიციალურმა ანკარამ აწარმოოს მოლაპარაკებები ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან და ოფიციალურ მოსკოვთან (როგორც ეს ხდება ე.წ. „სამხრეთ ნაკადის“ პროექტთან მიმართებაში).
ანუ, რუსეთი ენერგომატარებლებს იყენებს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს?
-დიახ. ამით დგინდება ის ფაქტი, რომ რუსეთი იყენებს ენერგომატარებლებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს - ქურთთა მუშათა პარტია კი გააგრძელებს მილსადენებზე ტერაქტების მოწყობას თურქეთზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. როგორც ცნობილია, თურქეთის გავლით მოქმედებს რამდენიმე უმსხვილესი ენერგოპროექტი, რომელთაგანაც გამოსაყოფია სამი - ირან-თურქეთის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენი.
ამათგან, ყველაზე ხშირად თავდასხმის ობიექტი ხდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც ხორციელდება ქურთთა მუშათა პარტიის დაჯგუფების მხრიდან. თუმცაღა ბოლო დროს, აგრის პროვინციაში თურქეთ-ირანის მილსადენზე მოხდა თავდასხმა, რაც ძალიან დამაფიქრებელია და ალბათ უნდა ველოდოთ მორიგ ტერაქტებს სხვა მილსადენებზეც.
თურქეთმა, რომელიც აქამდე თავს იკავებდა სირიის კონფლიქტში ჩართვისგან, გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ჩვენ ვიცით, რომ ტერორისტული აქტები მანამდეც იყო, თუმცა, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. რითი აიხსნება დღეს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაიწყოს?
-მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი ერდოღანი და მმართველი „სამართლიანობის პარტია“ იყენებს სამხედრო ინტერვენციას როგორც ნაციონალისტური სენტიმენტაციისა და პროპაგანდისთვის და ცდილობს ჩაატაროს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ის შედეგები (რომელიც ჩატარდა 2015 წლის 7 ივნისს), მეტად არასასიამოვნო იყო მმართველი პარტიისთვის.
მეორეც, თურქი სამხედროები, რომლებიც ქვეყანაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, ქვეყნისთვის „ისლამურ ხალიფატს“ სერიოზულ საფრთხედ თვლიან სირიაში ასადის რეჟიმის შემდეგ. ამ ეტაპზე, თურქეთის შეტევები ქურთთა მუშათა პარტიაზე არ არის თანმიმდევრული, მაგრამ თურქეთს სხვა გამოსავალი არ დარჩენია; როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის ლიდერმა დავითოღლუმ განაცხადა - „თურქეთს სურს გაანეიტრალოს ყველა ის სამხედრო დაჯგუფება, რომელიც მოქმედებს თურქეთის საზღვრების სიახლოვეს და მის შიგნით“.
ახლა თურქეთის ასეთი გააქტიურება შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული დასავლეთის იმ პოლიტიკასთან, რომელიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ არის მიმართული?
-კი და არა. კი, რადგან თურქეთის ძირითადი მიზანი არ იყო ასადის რეჟიმის დამხობა. დიახ, თურქეთი ეხმარებოდა „ალ-ნუსრას“ დაჯგუფებას, რომელსაც მხარს უჭერდა კატარი და თურქეთის ბრძოლა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ატარებდა უფრო მეტად ქვეყნის პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დემონსტრირებას.
თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და მას საკუთარი ინტერესები გააჩნია რეგიონში. თურქეთი არის რეგიონული ჰეგემონი სახელმწიფო. მაგრამ ამის მიუხედავად, თურქეთმა დაკარგა ის შანსი, რომ ქვეყანას კიდევ უფრო გაეძლიერებინა თავისი ჰეგემონობა რეგიონში. ამიტომაც თურქეთს უწევს ითანამშრომლოს დასავლეთის სახელმწიფოებთან, რათა დაცული იყოს მისი საზღვრები.
თურქეთის მთავარი საზრუნავი და „თავის ტკივილი“ რეგიონში არის „ქურთული პრობლემა“, განსაკუთრებით ქურთული ავტონომიის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. ქურთების პოლიტიკურ ავტონომიას მხარს უჭერს აშშ და მოგეხსენებათ, რომ ერბილში იმყოფება საკმაო სამხედრო ძალაც. აღნიშნული აშფოთებს ოფიციალურ ანკარას.
ბატონო მელიკ, როგორ შეიძლება აიხსნას დასავლეთიდან წამოსული ბრალდებები, რომ თურქეთი არაფერს აკეთებდა „ისლამური ხალიფატის“ წინააღმდეგ?
-თურქეთის ხელისუფლებამ საშუალება მისცა „ისლამური ხალიფატის“ ჯგუფებს ქვეყნის ინფრასტრუქტურების გამოყენებისა, რამაც გამოიწვია დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან წამოსული ბრალდებები, რომ ანკარა არაფერს აკეთებს ამ ჯგუფების ალაგმისთვის. იმისთვის, რომ ასეთი ბრალდებები აეცილებინა თავიდან, ოფიციალური ანკარა შეუერთდა დასავლეთს ასადის რეჟიმთან ბრძოლაში. თურქეთი ამით ცდილობს გაამტკიცოს თავისი პროდასავლური იმიჯი. თუმცაღა შინაგანი წინააღმდეგობები მაინც რჩება - მათ შორის, „ორმაგი სტანდარტების“ არსებობის ფონზე.
თურქეთში მიმდინარე პროცესები შესაძლებელია საქართველოზეც აისახოს და არსებობს რისკი იმისა, რომ „ისლამური ხალიფატი“ შეიძლება გააქტიურდეს უკვე საქართველოში და კავკასიაში? მოგეხსენებათ, რომ საქართველოდან წასული მოხალისეები იბრძვიან სირიაში...
-არსებობს რამდენიმე შეშფოთების საკითხი, რაც უკავშირდება ამჟამინდელი თურქეთის საგარეო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრი დავითოღლუ, რომელიც მანამდე იყო საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ახორციელებს მიზანმიმართულ საგარეო პოლიტიკურ კურსს - „ნულოვანი“ პრობლემების არსებობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ეს გულისხმობს სომხეთთან ნორმალური ურთიერთობების განვითარებას, ევროკავშირთან ინტეგრაციას, მეზობლებთან „რბილი ძალის“ სტრატეგიის განხორციელებას.
თავიდანვე მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ წარმატებით დაიწყო ამ კურსის გატარება, მაგრამ შემდგომში შეცვალა მიმართულება, რაც გამოიხატა - ნეო-ოტომანიზმის გეოპოლიტიკის განხორციელებაში, „აღმოსავლური“ ორიენტაციის აღებაში, საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების პროცესში ავტოკრატიული მიდგომების გამოხატვაში, რამაც გამოიწვია ერთგვარი კრიზისი კურსის განხორციელებისას. ოფიციალური ანკარას მიდგომები სამხრეთ კავკასიისადმი არის ურთიერთინტერესების საფუძველზე კეთილმეზობლური ურთიერთობების წარმოება. მე ვთვლი, ამის მიუხედავად, რომ მმართველი პარტიამ შეიძლება ასეთ კურსს პრობლემები შეუქმნას.
თურქეთის მიერ „თვალების დახუჭვამ“ არაღიარებულ პოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობების არსებობაზე, შეიძლება გამოიწვიოს ქართველი პოლიტოლოგების და არა მხოლოდ მათი, ერთგვარი გაღიზიანება. თუმცაღა თურქი ბიზნესმენების, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათებლო წრეების წარმომადგენლების მაღალი ჩართულობა პოზიტიურ როლს თამაშობს ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში.
რაც შეეხება „ისლამური ხალიფატის“ გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში, მე ვთვლი, რომ მას არ გააჩნია სერიოზული საფუძველი. „ისლამური ხალიფატი“ ვერ შეუქმნის საფრთხეს საქართველოს მანამ, სანამ არ დაიწყებს მის ტერიტორიის შიგნით მუსლიმი მოსახლეობის გადმობირებას. ამ მიმართულებით, საქართველომ უნდა ითანამშრომლოს თურქეთის ხელისუფლებასთან ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად და უნდა შემუშავებული იქნას სათანადო სამოქმედო გეგმა.