ოკუპანტმა დისკომფორტი უნდა იგრძნოს, მუდმივად უნდა იმართებოდეს მიტინგები საოკუპაციო ზოლთან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მონაწილეობით,- ასეთია ცალკეულ ექსპერტთა და ნაციონალთა რეკომენდაციები დღევანდელი ხელისუფების მიმართ.
ანალიტიკოსთა ნაწილი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კვლავ ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს. მათი თქმით, ხელისუფლების პოზიცია სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს. საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა აცხადებს, რომ როცა ნაციონალები აწარმოებდნენ სხვანაირ, აქტიურ საგარეო პოლიტიკას, მაშინ რუსეთს ასეთი მცოცავი ანექსია კონკრეტული პოლიტიკური ფასი უჯდებოდა. დღეს კი ისე ხდება, თითქოს თავისუფალი სამყარო ამას ვერც ამჩნევს, რადგან ჩვენ ყველა საერთაშორისო მონიტორიდან ჩამოვხსენით ჩვენი თავი. ფაქტობრივად, ვართ ერთი-ერთზე რუსეთთან.
ანალისტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ საოკუპაციო ზოლთან შექმნილი ვითარება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
„როგორც ჩანს, რუსმა სტრატეგებმა გადაწყვიტეს, საქართველოსთან მიმართებაში „მათრახისა და თაფლაკვერას“ პოლიტიკიდან ამ ეტაპზე მხოლოდ „მათრახის“ პოლიტიკა აირჩიონ, როგორც ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით და ამ გზით აიძულონ საქართველოს მოსახლეობა, 2016 წლის არჩევნებში ხმა მისცენ უპირატესად პრორუსულ ძალებს“, - აცხადებს „საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის“ თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორ თორნიკე შარაშენიძეს კი მიაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარებას ნოტების გაგზავნა ვერ უშველის და ოკუპანტმა უნდა იგრძნოს დისკომფორტი. ამიტომ შარაშენიძის რჩევები ასეთია - ადგილზე მუდმივად უნდა იმართებოდეს მიტინგები; ასევე, ადგილზე მუდმივად უნდა იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები.
არის თუ არა გამოსავალი პერმანენტულ აქციებში, თუ ნაციონალები, უბრალოდ, ოკუპანტთან ურთიერთობის გამწვავებას ცდილობენ?! რატომ არ მართავდნენ თავად ნაციონალები ხსენებულ პერმანენტულ აქციებს აგვისტოს ომამდე? ამის შესახებ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები გვესაუბრებიან.
ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ვისაც აწუხებს ოკუპაცია, იმან რაღაც უნდა აკეთოს, ხოლო, ვისაც საქმის კეთება არ სურს, მაშინ შეეგუოს და ოკუპაციისგან სიამოვნება მიიღოს.
„აქ არის ორი გზა - საზოგადოებრივი აქტიურობა და საერთაშორისო დიპლომატიური აქტიურობა. პროტესტი აუცილებელია. რა თქმა უნდა, ორივე გაამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას, მაგრამ ეს არ არის ომი, ეს არის პასუხისმგებლობა რუსეთზე. თუკი რუსეთს მოვხსნით ამ პასუხისმგებლობას, მაშინ დამთავრდება საქართველოს პოლიტიკური ისტორია ამ ეტაპზე. ამისთვის ჯერ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ინიციატივა და ეს საკითხები მწავედ დააყენოს“-აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
შეკითხვაზე, თუკი ამ აქციების შედეგად, პირიქით, ურთიერთობა რუსეთთან გამწვავდება, მაშინ ვინ უნდა აიღოს პასუხისგებლობა, დავით დარჩიაშვილი აცხადებს, „რას ჰქვია გამწვავდება? თუკი რუსული ტანკი თბილისში შემოვა, მაშინ დავივიწყოთ ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, დავივიწყოთ ეროვნული მოძრაობა და მივეცეთ ძილს. აბა, ახლა ვაშლების გაყიდვა თუ ჰგონია ვინმეს გამოსავალი?! მსოფლიო ისტორია აჩვენებს, რომ ეროვნული ინტერესებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოკუპაციის ხაზთან პერმანენტულ დგომასა და მუდმივ ზეწოლაში სულაც არ ხედავს გამოსავალს. მისი აზრით, ეს არ იქნება ნერვების მოშლა რუსეთისთვის. უფრო მეტიც, ეს არც ფსიქოლოგიური და არც მორალიური ზეწოლა არ იქნება იმ ჯარისკაცებზე, ვინც საოკუპაციო ზოლთან დგანან და მავთულხლართებს ავლებენ. ისინი ამ პროცესს ინდიფერენტულად უყურებენ. უბრალოდ, ეს არის ხიფათის შემცველი იმისთვის, რომ კონფლიქტის პროვოცირება არ მოხდეს.
„ერთი შეხედვით, ეს თითქოს უმნიშვნელო კონფლიქტის პროვოცირება შექმნის საზოგადოებრივ აზრს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთშიც, რომ ეს ზონა კონფლიქტური და არასტაბილურია. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, ბუნებრივია, ამას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ისევ დაიწყებენ ლაპარაკს, თითქოს საქართველო იწყებს მზადებას „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ ანექსიისთვის; დაიწყება იმის გამართლება, თუ რატომ დგას რუსის ჯარი ცხინვალში ან აფხაზეთში. სამწუხაროდ, რუსები ამას გაცილებით კარგად მოახერხებენ, რადგან მათ აქვთ ამის ფინანსური რესურსიც და გამოცდილებაც.
მე არ ვამბობ, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა გაიმართოს, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი გადატანილი უნდა იყოს საერთაშორისო ფარგლებში - გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, სადაც კი ხელი მიგვიწვდება.
არ უნდა შევქმნათ თუნდაც ხელოვნური ბაზა, რომ დაიწყოს საუბარი საქართველოდან მიმდინარე აგრესიაზე. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ვერ მოვიცალეთ, უფრო სწორად, არ გვინდა, გავაანალიზოთ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ურთიერთობის ოცი წელი, დამნაშავეები კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ვნახოთ, ჩვენი ქმედებები როგორ გამოიყენა მტერმა ჩვენს საწინააღმდეგოდ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან უნდა, დღევანდელი ხელისუფლება ისეთივე აგრესიული იყოს სიტყვით, როგორც თავად იყვნენ რუსების მიმართ, თორემ საქმით რომ შეგვეძლოს აგრესიის გამოხატვა, სულ სხვა იქნებოდა.
მაპატიეთ და, ორღობის დედაკაცებივით რომ ვიწყევლოთ, ამით ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან უნდათ, ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით წაიყვანონ, რადგან ნაციონალებს ხელს არ აძლევთ სიმშვიდე. მარტივ რამეს გეტყვით, 2008-დან დღემდე შვიდი წელი გავიდა, 1991 წლიდან 2008-მდე კი ვერ მოძებნით ისეთ შვიდწლიან პერიოდს, როდესაც მშვიდობა იყო საქართველო-სამაჩაბლოს ან საქართველო-აფხაზეთთან ურთიერთობაში.
მიუხედავად მავთულხლართებისა, ეს მშვიდობიანი წლები, პირველ რიგში, იმ ქვეყანას არ აწყობს, რომელმაც ანექსია მოახდინა. ამიტომ ერთხელ მაინც უნდა დავფიქრდეთ ამაზე“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
მანვე განმარტა, რომ ნაციონალებმა და იმავე დარჩიაშვილმა მშვენივრად იციან, რომ პერმანენტული აქციები არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისევ თავიანთი პოლიტიკის გამართლების მცდელობა აქვთ, რათა გაამართლონ, რაც ხდებოდა 2008-ში. ისინი დღევანდელ ხელისუფლებას უკიჟინებენ, რომ ის არ არის აქტიური და ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია კონფლიქტებთან მიმართებით, თუმცა ნაციონალებს ჰქონდათ ოთხი წელი, როცა ეს კონფლიქტი ცხელი და ცოცხალი იყო და, თუ რაიმეს მიღწევა შეიძლებოდა საერთაშორისო ასპარეზზე, სწორედ მაშინ უნდა გაკეთებულიყო მაქსიმუმი.
ძაბირაძის თქმით, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, მსოფლიოში უამრავი რამ ხდება და ეს პრობლემა ბუნებრივად მეორე პლანზე გადადის, ამიტომ ჩვენ არ უნდა მივცეთ მსოფლიო საზოგადოებას საშუალება, დაივიწყოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები; ამასთან, ჩვენ უნდა მოვერიდოთ როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის პროვოცირებას, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, როცა ეს გახლდათ ორივეს (რუსეთისა და დასავლეთის) პროვოცირების მცდელობა. ასეთი პროვოცირებისას კი ისევ ჩვენ გავიჭყლიტებით.
„ნაციონალებს ამის სინდისი და გულწრფელობა უნდა ეყოთ, რომ პრობლემას შეხედონ ქვეყნის მხრიდან და არა - რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან“,-ასკვნის პოლიტოლოგი.