„კეთილი ნების“ ჟესტი კრემლისგან

„კეთილი ნების“ ჟესტი კრემლისგან

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს არ გააჩნიათ აქტიური ურთიერთობა და დიდი საქონელბრუნვა. სწორედ ამ მოტივით მიღებული იყო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ შესულიყო, ვის მიმართაც კონტრსანქცია განხორციელდა. თუმცა, საუბარი იყო, რომ ემბარგო სავარაუდოდ, საქართველოზეც გავრცელდებოდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ადასტურებდა, რომ რუსეთი საქართველოსთან სასურსათო ემბარგოს დასაწესებლად გზებს ეძებდა, რადგან საქართველო ერთ-ერთი იყო იმ 7 ქვეყანას შორის, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა პროდუქციაზე ემბარგოს გაფართოების შესახებ ბრძანებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უჭერენ მხარს. შეზღუდვები გავრცელდა ალბანეთზე, მონტენეგროზე, ისლანდიაზე და ლიხტენშტეინზე, ასევე განსაკუთრებული პირობებით უკრაინაზე.

განცხადების მიუხედავად რატომ ამოიღო რუსეთმა საქართველო ემბარგო დაწესებული ქვეყნების ჩამონათვალიდან, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს პრემიერის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს, რომლის განცხადებით რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გარკვეული დამსახურებაა.

„როდესაც ერთი კვირის წინ საუბარი იყო შესაძლო გართულებებზე, მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ არ იქნება სწორი გადაწყვეტილება თუკი ის, რაც ორი წლის წინ გაკეთდა, შეიზღუდებოდა“, - აცხდებს ზურაბ აბაშიძე.

რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის კონტრსანქციების დაუწესებლობის საკითხს დადებითად აფასებენ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველომ ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით რუსეთის, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ბაზარი ერთ-ერთი საინტერესოა.

ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობის და მთავრობის მეთაურის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ერთნაირად წარმატებით იმუშავოს ყველა ბაზარზე.

„იმუშავოს ევროკავშირის ბაზარზე, რომელთანაც ჩვენ უკვე გვაქვს ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, იმუშავოს ჩინეთის ბაზარზე,სადაც ჩვენ ახლა ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და ასევე დარჩეს იმ ბაზრებზე, სადაც ქართული პროდუქციის ცნობადობა ძალიან მაღალია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და ბედნიერება, რომ ვარჩიოთ ბაზარები, სად ვიმუშაოთ და სად - არა. ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ცხადია, რომ რუსეთისა და ყოფილი  საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზარი არის ერთ-ერთი საინტერესო ამ თვალსაზრისით“, - ამბობს ნოდარ ხადური.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, კარგია, როდესაც რაღაცა ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება, თუმცა სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქამდე ხდებოდა.

„რუსეთის კონტრსანქციებში საქართველო არ მოხვდა. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, გადაწყვეტილებას ისინი იღებენ. კარგია, როდესაც რაღაც ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქამდე ხდებოდა. სხვა სიახლეს ამაში ვერ ვხედავ“, -  განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ექსპერტების განცხადებით, საქართველოსთვის ნებისმიერი და მათ შორის, რუსული ბაზარი, უმნიშვნელოვანესია. როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე ეს არის სწორი ტაქტიკა, როგორც ქართული, ისე რუსული მხრიდან, იმისათვის, რომ პოლიტიკურ ემოციას არ მოჰყვეს მორიგი ესკალაცია.

„20 წელზე მეტია არჩევანის გაკეთება გვიწევს კარგსა და უარესს შორის. ჩვენ, ამ პოზაში დადგომის და რაღაცა ამაყი რიტორიკის ფუფუნება არ გავქვს. ასეთი რეალობაა, მითუმეტეს, რომ ეკონომიკურად თავისი შინაარსობრივი ეფექტის მხრივ საქართვლოს სანქციებთან მიერთებას არც არავინ არ სთხოვს.

არც დასავლეთი არ გვთხოვს, რომ მაინც და მაინც ფრონტის წინა ხაზზე დავდგეთ. ამ ვითარებაში ხელისუფლება აბსოლუტურად გონივრულად იქცევა და შესაბამისი რეაქცია აქვს რუსეთის მხარეს, რაც ნორმალურია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ იმ ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე რაც დღეს არის, ბაზრის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსეთის ბაზარი ჩვენთვის სავალუტო შემოდინებების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

„ჩვენი პროდუქციის იმპორტი რუსულ ბაზარზე მნიშვნელოვანად აჭარბებს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური თუ არაალკჰოლური სასმლის ექსპორტს. ამ ბაზრის დაკარგვა ვფიქრობ, რომ ეკონომიკისთვის საზიანო იქნება. ვფიქრობ, რომ მიზეზი, რატომაც არ ჩასვა რუსეთმა საქართველო ამ სანქცირებულ ქვეყნების სიაში, გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არ აპირებს მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს.

მას შემდეგ, რაც უმაღლეს დონეზე გაკეთდა ეს განცხადება, ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდა რუსეთისთვის, შეეცვალა თავისი თავდაპირველი განცხადება, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანაც მოხვედრილიყო ამ სანქცირებული ქვეყნების სიაში“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება, რომ ხელი მოაწერა საქართველოსთან ემბარგოს დაწესებას, არანაირად არ იმოქმედებს იმ ფუნდამენტურ წინააღმდეგობასთან, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

„ნიშნავს თუ არა ეს ურთიერთობების გაუმჯობესებას - გააჩნია ვინ როგორ შეაფასებს. ვიღაცას შეუძლია შეაფასოს, როგორც რუსეთის მიერ „კეთილი ნების“ ჟესტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირად არ იმოქმედებს იმ ფუნდამენტურ წინააღმდეგობასთან, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს ცნობილი პრობლემების გამო. არ მგონია, რომ ამ პატარა „კეთილის ნების“ ჟესტმა რამე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.