Euobserver-ის ცნობით, რუსეთი და ნატო „შესაძლო კონფრონტაციისთვის ემზადებიან“. აღნიშნულს ბრიტანელი ანალიტიკოსებიც ადასტურებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ლიდერთა ქსელის“ ექსპერტების თქმით, მოსკოვისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო სწავლებები იმაზე მიანიშნებს, რომ მხარეები „ომის რეპეტიციას“ გადიან, შექმნილი პოლიტიკური კლიმატი კი მოსალოდნელ ომის რისკებზე მიუთითებს.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ რომელიმე მხარის ხელმძღვანელობას უკვე მიღებული აქვს ომის დაწყების გადაწყვეტილება. თუმცა წვრთნების შეცვლილი სახე უდიდეს როლს თამაშობს ევროპაში დაძაბული და საშიში გარემოს შენარჩუნებაში“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იან კერნსმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ომის პროპაგანდა მოსკოვის ქცევას სხვა ჭრილში წარმოადგენს, ეს ქმედებები რუსეთის უფრო აგრესიული სამხედრო დოქტრინის, საშიში პოლიტიკური რიტორიკის, გაზრდილი სამხედრო ქმედებების და ყირიმის ანექსიის ნაწილია. ეს არის ევროპაში ახალი რეალობა.
მოსალოდნელია თუ არა რუსეთსა და ნატოს შორის კონფრონტაცია,-ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთმა არაერთი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. პარალელურად, გაიმართა ნატო-ს სწავლებები, რომელშიც მონაწილეობა 19 წევრი ქვეყნის 15 000-მა სამხედრომ მიიღო. როგორ ფიქრობთ, საფუძვლიანია ევროპელ ექსპერტთა მოსაზრება, რომ მხარეები „ომის რეპეტიციას“ გადიან?
- ნატოსა და რუსეთს შორის ომი გამორიცხულია, ვინაიდან ეს არის ორი ბირთვული სამხედრო ძალა. არც რუსეთში არ გაგიჟებულან და, მითუმეტეს, არც ბრიუსელში. გარდა ამისა, ომის დაწყებას და ნატოს ჩართვას ბრძოლაში თავისი კანონმდებლობა აქვს და სრული კონსენსუსია მიღწეული, რომ ეს არ მოხდება, თუკი ნატოზე თავდასხმა არ განხორციელდება.
ნუ დავივიწყებთ, რომ ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა, ნატოს წესდება არ გულისხმობს შეტევით ოპერაციებს. ერთი გამონაკლისი იყო იუგოსლავია, ისიც იმიტომ, რომ მას ჰქონდა უშიშროების საბჭოს ვერდიქტი.
ომის რეპეტიციას რაც შეეხება, ეს ცოტა ფრთოსანი, ფიგურალური გამოთქმაა, რადგან ნებისმიერი სამხედრო წვრთვნა ომის რეპეტიციაა. აი, ჩვენ რომ ვაწყობთ სამხედრო წვრთვნას ორი შვეულმფრენითა და სამი ტანკით, ესეც ომის რეპეტიციაა. დღეს დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარს არ აღწევს, დუღილის წერტილამდე არ მისულა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ცივი ომის შემდეგ ასეთი სტაბილურად დაძაბული ვითარება არასდროს ყოფილა. ადრე იყო ბერლინის კრიზისი, შემდეგ იყო კუბის რაკეტული კრიზისი, ასეთი კრიზისები ხდებოდა-ხოლმე, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა სიტუაცია, არსებობდა ომის საშიშროებაც, მაგრამ დღეს უკვე სტაბილური სიტუაციაა.
ეს უფრო საშიშია. როდესაც უცებ რაღაც ინციდენტი მოხდა, ხრუშჩოვმა რაკეტები მიმართა კუბაზე, კენედიმ ეს გაიგო და კარანტინი დააწესა. ეს დროებითი მოვლენა იყო, ამიტომ სწრაფად, რამდენიმე დღეშივე განიმუხტა.
ამის მიუხედავად, ახლანდელი წვრთვნები ევროპაში დაძაბულ ფონს ქმნის. ჩვენთანაც ასე იწყებოდა, სამხედრო წვრთვნებს აშკარა იერიში მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან...
- რასაკვირველია, ევროპაში დაძაბულობა იმატებს, მაგრამ, ამავე დროს, ნატოს სამხედრო წვრთვნების მთავარი მიზანი ისაა, რომ რუსეთს დაანახონ, ნატო ყველაფერს არ მოითმენს; ნატოსაც თმენის ზღვარი აქვს, ნატოსთვის არსებობს წითელი ხაზი. ახლა პუტინმა საერთოდ წაშალა ეს წითელი ხაზი. კრემლის ხედვით, არავითარი წითელი ხაზები არ არსებობს.
საქართველოსაც გადაუარ-გადმოუარა რუსეთმა, დასავლეთმა ეს ჩაყლაპა, ნახევარი უკრაინა ოკუპირებული აქვს, დასავლეთმა ესეც ჩაყლაპა, ახლა უკრაინაში რამდენი ხანია „მინსკი 2“-ის ხელშეკრულება სულს ღაფავს, დასავლეთი ამასაც ყლაპავს.
ამ ყველაფერმა ბრიუსელში უკვე ზღვარს მიაღწია და რუსეთს აგრძნობინებენ, რომ ყველაფერი არ შეიძლება შერჩეს. რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში ყველაზე ცხელი წერტილი ჩვენ გვგონია, რომ უკრაინაა, სულაც არაა ასე, ცხელი წერტილი სირიაშია, ახლო აღმოსავლეთის ამ ფეთქებად სუპერსტრატეგიულ რაიონში, სადაც საკითხი უკვე ისე დგას, რომ რუსეთს შეიძლება უკანასკნელი მოკავშირეც აღარ ჰყავდეს;
ისევე, როგორც ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, შაგრენის ტყავივით მცირდება რუსეთის მოკავშირეთა რაოდენობა. დღეს ვინ შემორჩა რუსეთს? ძალზე ჭირვეული „ბატკა“ - ლუკაშენკო და სომხეთი. არ გეგონოთ, რომ ყაზახეთი, თურქმენეთი და სხვები თვალდახუჭულნი გაჰყვებიან რუსეთს უფსკრულში.
მაგრამ ნატო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობას ნატოსადმი რუსეთის ახალი გზავნილიც ამძაფრებს, რომელიც პუტინმა 16 დღის წინ დაამტკიცა. ეს გახლავთ რუსეთის საზღვაო დოქტრინა, იმავე ნატოს შეჩერების გეგმა, სადაც ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის სტრატეგიული პოზიციების გაძლიერებაზე იყო საუბარი. იქნებ, ეს გზავნილები იმას მიუთითებს, რომ რუსეთი ნატოს იწვევს? რა ფაზაში შედის პუტინი, რისთვის აწყობს ასეთ მანევრებს?
- ტყუილად კი არ არის - პუტინის იდეალი იყო და არის სტალინი. ქართველი ე.წ. ექსპერტების უბედურება ის არის, რომ საბაზო განათლება არ აქვთ და გუშინდელი წარსულიც არ იციან. ზუსტად სტალინის პოლიტიკაა, რასაც აკეთებს პუტინი დღეს. სტალინიც ასე იყო, მიდიოდა გამწვავებაზე, მაგრამ უკანასკნელ მომენტში, როცა ომის საფრთხე დგებოდა, მუდამ უკან იხევდა. ასე მოხდა ჰიტლერთან, 1937-38 წელში. ასე იყო ბერლინის კრიზისის დროს, როდესაც გადაკეტა დასავლეთ ბერლინი, მაგრამ მაშინ ამერიკელებმა საჰაერო ხიდი დააწესეს და სტალინმაც უკან დაიხია.
ახლაც საინტერესო რამ მოხდა, სულ რაღაც სამი-ოთხი დღის წინ 87 % უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას - ეს არნახულია, სტალინსაც კი არ ჰქონდა ასეთი რეიტინგი. საინტერესო ისაა, რომ ზუსტად ეს 87 % უარყოფითად ეკიდება პუტინის ნაბიჯს სურსათის განადგურებასთან დაკავშირებით. ემბარგოდადებული, აკრძალული სურსათი რომ შემოიტანეს და გაანადგურა, ეს 87 %-ს არ მოეწონა, მაგრამ მაინც რუსის ბუნებაა, როცა ფიქრობს, რომ არსებობს კეთილი მეფე და ცუდი ბოიარები, კეთილი პუტინი და გამოშტერებული ჩინოვნიკები.
შარშანაც იყო ცხელი ფაზა, როდესაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შავი ზღვის აკვატორიაში მობილიზებული იყო რუსული და ნატოს სამხედრო გემები. შავ ზღვასთან ახლოს ამერიკელებს ყველაზე დიდი ატომური ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“ ჰყავდათ. უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი ნატოს მისიამ აიღო საკუთარ თავზე. არც რუსეთი იყო პასიურად. რუსეთის აქტიობა შეინიშნებოდა ავიატექნიკის გადაადგილების მხრივ სომხეთში განთავსებულ რუსულ ავიაბაზა „ერებუნიზე“. საინტერესოა ისიც, რომ ნატოს რუსეთის წინააღმდეგ მარტო თავდაცვითი დოქტრინა არ აქვს შემუშავებული, არ თვლით, რომ ნატო მთლად პასიურ თავდაცვით მდგომარეობაში არ იმყოფება?
-ეს ნერვების თამაშია. ერთმანეთს უწყობენ სიმტკიცეზე გამოცდას. იმავე 2008 წელს ფოთში ამერიკელების სამხედრო გემი შემოვიდა. მართალია, წყალი შემოიტანა, დიდი არაფერი, მაგრამ არავის ახსოვს ერთი-ორი თვით ადრე პუტინი რა განცხადებებს აკეთებდა. ამასთან დაკავშირებით ჟირინოვსკის განცხადება მახსოვს, დუმიდან თქვა პირდაპირ, თუკი რომელიმე ამერიკული სამხედრო გემი შემოვა, სევასტოპოლივით მათ სასაფლაოდ იქცევა ეს გემიო. შემოვიდა ამერიკელების სამხედრო გემი, ორ დღეს იდგა ფოთში, მშვენივრად გადაყლაპა ეს პუტინმა, კიდევ ბევრ რამეზე დახუჭავს თვალს. ასევე, შარშანაც შემოვიდნენ შავ ზღვაში, პუტინმა იმით იყარა ჯავრი, რომ ძალზე სახიფათო მანძილზე რუსეთის ავიაგამანადგურებელმა „ჯორჯ ბუშს“ თავზე გადაუფრინა.
მიმდინარე წლის თებერვალში რასმუსენი ამბობდა, რომ არსებობს ალბათობა, რუსეთი ბალტიის ქვეყნებში შეიჭრას, ანუ არ არის გარკვეული საფრთხეები?
- როდესაც საქმე გვაქვს დღევანდელ რუსეთთან, აქ გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, რადგან ხშირად საღი აზრის წინააღმდეგ მოქმედებს. სასაცილო კია, მაგრამ აქ კრემლის ერთადერთი ნათელი წერტილია, რომ პუტინი თავისი ბუნებით სტრატეგი არ არის, ის უფრო ტაქტიკოსია და, ამავე დროს, ჩეკისტია. ეს ისეთი სკოლაა, კგბ-ში ავანტიურისტები ძალზე ცოტანი იყვნენ, შეიძლება ითქვას, არც იყვნენ, შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ კგბ ეწინააღმდეგებოდა ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანას. ანდროპოვი პოლიტბიუროს ერთადერთი წევრი იყო, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ ჯარების შეყვანის, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო ავანტიურა. კგბ ყოველთვის აკეთებდა თავის შავ საქმეებს, როდესაც წარმატების ასპროცენტიანი გარანტია ჰქონდა და არავითარი რისკი არ არსებობდა. დღეს უკვე ასპროცენტიანი წარმატების გარანტია არც ბრიუსელს და არც კრემლს არ აქვს. ამიტომ გადამწყვეტ მომენტში, ღმერთმა ნუ ქნას, თუ საქმე მიდგება ბირთვული ღილაკის დაჭერაზე, მე მგონი, ორივე მხარე უკან დაიხევს და შეჩერდება.
თუმცა ეს არ არის სიტუაციური ესკალაცია, ამიტომ არის საშიში. ეს არის დინამიური პროცესი, დაძაბულობამ სისწრაფე აკრიფა და სად შეჩერდება, რა წინააღმდეგობას უნდა წააწყდეს, რომ შეჩერდეს, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ზღვრამდე არ მიუღწევია.
რეტროსპექტივში რომ განვიხილოთ, სულ უფრო იზრდება დაძაბულობა და არ მცირდება, მით უმეტეს, ახლა ახალი გამოწვევებია - ისლამური სახელმწიფო, სირია და სხვა. 20 დღის წინ პუტინმა პირდაპირ თქვა, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ ბასარ ასადის დაცემას და ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებასო.
უკრაინაში მდორედ მიმდინარეობს პროცესები და, მე მგონი, პუტინი სწორ ტაქტიკას ატარებს; ის ელოდება, როდის მობეზრდება დასავლეთს უკრაინელების მუქთახორა, კორუმპირებული, ჩინოვნიკური აპარატის დაფინანსება. მართალია, ხიროსიმა-ნაგასაკმა მსოფლიოს არნახული ტრაგედია მოუტანა, მაგრამ ურთიერთგარანტირებული განადგურების შიშით ამან დიდი ბირთვული ომი გამორიცხა. ამის იმედი შეიძლება გვქონდეს ჩვენ.
რუსეთს ივანე მრისხანე ჰყავდა, რომელსაც ცოლი რომ გააბრაზებდა, დათვებს აჭმევდა თავის ცოლებს, ჰყავდათ ლოთი ბრეჟნევი, ჰყავდათ სტალინი, ტაკიმასხარა ხრუშჩოვი. გარდა ამისა, ერთ-ერთი გარანტი, რომ დიდი ბირთვული ომი არ მოხდება, ჩინეთია, რომლის მომავალიც უკვე განსაზღვრულია. ის ხვალინდელი მსოფლიოს ლიდერია და ჩინეთს სულაც არ აწყობს ბირთვული იარაღის მიერ განადგურებული რუსეთი, ევროპა და ამერიკა.
გარდა ამისა, თუ რუსეთი გახდა ბირთვული იარაღის არენა, ჩინეთს კარგი დღე ელის? ქარი საით დაუბერავს და რადიაცია საით წავა, არავინ იცის. ბევრი შემაკავებელი ფაქტორია, თუმცა ჯერჯერობით ისღა დაგვრჩენია, საღი აზრის იმედად ვიყოთ - აქეთ პუტინია, იქით კი თმენის რესურსი რამდენი დარჩა დასავლეთს, არავინ იცის.
საქართველოსთან მიმართებითაც მაინტერესებს, 800 მეტრი ქართული მიწა მიიტაცეს ოკუპანტებმა, უფრო ადრეც 300 მეტრი მიწა მიისაკუთრეს. ნატოსთან მიმართებით თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ნატოს ჩვენ ვჭირდებით უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ -ნატოო. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, იქნებ გაამართლოს თინა ხიდაშელის შემტევმა პოლიტიკამ, ვიდრე აქამდე არსებულმა ლოიალური თხოვნის პოლიტიკამ. ნატო-საქართველოს ჭრილში რაიმე შეიცვლება?
-ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება თანდათან ნატოსთან მიმართებით სწორ პოლიტიკას ადგას, ვინაიდან მაპი სადაც უნდათ, იქ მიაკრან, ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა და მორჩა, არავითარი მაპი. სწორია ეს კურსი, მაგრამ ხომ ხედავთ, რა ხდება? დასავლეთი თითქოს არ ერიდება რუსეთს, მაგრამ რუსეთი არ გავაღიზიანოთო და ქეციან მაპსაც არ გვაძლევენ.
ნახეთ, დასავლეთის ორმაგი თამაში. ანუ, როგორც თქვენ ბრძანეთ, დასავლეთი, ერთი მხრივ, მიდის ესკალაციაზე, წვრთვნებია, ომის რეპეტიციაა და, ამავე დროს, რა არის მაპი? არაფერი - შეიძლება ამ მაპში ოცი წელი ვიყოთ.
იქნებ, დროში გაჭიანურება ევროპას ხელს აძლევს იმ თვალსაზრისითაც, რომ ევროპელი ექსპერტები ფიქრობენ, რუსეთს სულ რაღაც ერთი წელი დარჩება საკუთარ რესურსთა ამოწურვამდე? თუკი ნავთობზე ფასი არ აიწევს, მაშინ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე იგრძნობს ევროპული სანქციების ძალას...
- თუ იმას ელოდებიან, რომ რუსეთს გაუჭირდება და პუტინს ჩამოაგდებენ, ეს გამორიცხულია. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რუსი კაცის ბუნება ყველაზე კარგად იცოდა სტალინმა, ქართველმა კაცმა, როდესაც ომის დამთავრების შემდეგ ისტორიული ფრაზა თქვა - „სხვა ხალხი იტყოდა, თქვენ ვერ გაამართლეთ, ამიტომ წადით, ჩვენ სხვა მთავრობას ავირჩევთ და ის გერმანელებთან ზავს დადებსო, მაგრამ ჩვენმა ხალხმა ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა“. ამის გამო სტალინმა მადლობა გადაუხადა მხოლოდ რუს ერს - „მადლობა, შენ, დიდი რუსო ხალხო, ამ ნდობისთვის“.
მაშინ რუზველტიდან დაწყებული, ჩერჩილით დამთავრებული, ეს ყველამ გაიკვირვა, რადგან ასი ეროვნება მაინც ომობდა საბჭოთა კავშირიდან და მარტო რუსებს რატომ გადაუხადა მადლობაო. პროცენტულად, ყველაზე მეტი ზარალი საქართველომ განიცადა, უკრაინა და ბელორუსია ომში სულ განადგურდა, მაგრამ ეს არ გახსენებია სტალინს.
პუტინმა მშვენივრად იცის, რომ რუსი ხალხი ყველაფერს მოითმენს. სტუდენტობის პერიოდში მოსკოვში ვსწავლობდი და ნებისმიერი რუსი ამბობდა, ოღონდაც ომი არ იყოს და ყველაფერს მოვითმენთო. ეს არის რუსის ბუნება. კი, ერთ წელიწადში ან წელიწადნახევარში რუსეთს რესურსები გამოელევა, მაგრამ 337 მილიარდი დოლარის ოქროს მარაგი მაინც დიდი ფულია - რამდენ ხანს ეყოფათ ეს ფული, არ ვიცი. ბალახის ჭამას დაიწყებენ რუსები, მაგრამ პუგაჩოვშინა რუსეთში აღარ იქნება.