„ეს გადაწყვეტილება გარკვეული რისკის შემცველია ქალბატონი ხიდაშელისთვის“

„ეს გადაწყვეტილება გარკვეული რისკის შემცველია ქალბატონი ხიდაშელისთვის“

„ვინმეს დამნაშავეობა-უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით“,  - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე 5 ბრალდებულის თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული.

„გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი - ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ“, - წერს თინა ხიდაშელი საკუთარ გვერდზე.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, ყოფილი ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღადგენა თავდაცვის მინისტრის დისკრეციული უფლება უფლება იყო. მაშ ასე, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულები - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე, ისევ თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება მე-5 „ბრალდებულს“ გიზო ღლონტს, როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვიდრე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებლივი დევნა დაიწყებოდა, მანამდე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. შეგახსენებთ, რომ „ბრალდებულები“ საპატიმროდან პირადი თავდების საფუძველზე გაანთავისუფლეს.

მიიღო თუ არა სწორი გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრმა და გახდება თუ არა ხიდაშელის გადაწყვეტილება მთავრობაში ახალი დაპირისპირების მიზეზი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: ჩვენ მოწმენი ვართ, რომ დიახ, თინა ხიდაშელი არის იქ, სადაც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს პროკურატურას იქ არიან სადაც არ უნდა იყვნენ და დიახ, ბოდიშების მოხდა სულ ცოტა ტრაქტორების საქმიდან უნდა დაიწყონ.

თავდაცვის სამინისტროს ამ თანამშრომლების დაკავება კიდევ უფრო უსუსური ბრალდებებით იყო დამტკიცებული. თუმცა, ამის მიუხედავად, უტიფრად ცდილობდნენ, რომ პროკურატურის მსგავსად საზოგადოებასაც ეთქვა თეთრზე შავი.

არ გამოუვა არც ერთ პროკურატურას საქართველოს მოსახლეობის „მიჯირყვნა“. ასე არ ხდება, ეცადონ, რომ თვითონ გაასწრონ იმ თანამდებობიდან, რომელსაც აბსოლუტურად არ შეეფერებიან. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ ოჯახებში მაინც შეინარჩუნონ რაიმე ავტორიტეტი და საკუთარი თანამდებობრივი პრესპექტივის ოცნებაც იქვე აისრულონ.

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად აღადგინა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო თავდაცვის მინისტრმა?

-რასაკვირველია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა რაიმე ტიპის სამართლებლივ დაპირისპირებაში შესვლა, უპირველეს ყოვლისა მთავრობის შემდგომი დისკრედიტაციის მიმანიშნებელი იქნებოდა. ვფიქრობ, არა მხოლოდ იმ უკანონოდ დაკავებულთა და სამსახურიდან გაგდებულთა დაბრუნებაა ხელისუფლებისთვის შესაფასებელი, არამედ თითოეულმა მთავრობის წვერმა მადლობა უნდა უთხრას ქალბატონ ხიდაშელს, რომ დამატებით სირცხვილის ლაქის მოწმენდა აღარ დასჭირდებათ.

ვთვლი, რომ პროკურატურამ  ბოდიში უნდა მოიხადოს. იმისათვის, რომ საკუთარი შეცდომის აღიარების უნარი გაგაჩნდეს, უპირველესყოვლისა, ღირსეული მოქალაქე უნდა იყო. დღემდე ნაცმოძრაობა საუბრობს მხოლოდ თითო-ოროლა შეცდომაზე, ტერმინი დანაშაულის ხსენება აკრძალული აქვთ საკუთარ ლექსიკაში. ზუსტად ამ სტანდარტით მოქმედებს დღევანდელი პროკურატურაც. ყოფილი და დღევანდელი პროკურატურა სრულად დამოკიდებულია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ნება-სურვილზე.

ე.წ. კაბელების საქმე მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა „ქართულ ოცნებასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის. აღმასრულებელი ხელისუფლება დატოვა სამმა მინისტრმა, უმრაველობა დატოვეს ალასანიას პარტიის წევრებაც. მაშინ ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ ჰქონდა და ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც სათავეში ედგა ბიძინა ივანიშვილი. ხიდაშელის გადაწყვეტილებით დასტურდება ალასანიას განცხადება?

-დიდი ალბათობით, ბატონი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე  ყოფნა სრულიად მიუღებელი იყო რუსეთისთვის. ამიტომაც იყო ძალიან დიდი პროტესტი საზოგადოებისგან, რომ უმიზეზოდ თანამდებობიდან მოხსნილი მინისტრი არ ყოფილიყო წარმოჩენილი როგორც კრიმინალი; რისი სურვილიც არსებობდა ყოფილი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრების ცნობიერებაში.

თუ ისინი არ ერევიან პროკურატურის საქმეებში, მაშინ მოგვლანდებია მთელ საქართველოს, როდესაც ალასანიას თანამდებობიდან დათხოვნის მცდელობა იყო, როგორ მიცინცულობდნენ შუაღამეს ქართული პროკურატურის პირველი და მეორე პირები ჩვენს ახალბედა პრემიერ-მინისტრთან; რომელიც ცხადია, რომ თავად არ იქნებოდა ამ გაუგებრობის ინიციატორი.

მთელი ეს პროცესი, ვინ ვის დაურეკა, ვინ არ მისცა ხელმოწერის უფლება ალასანიას, როგორ იყო ყველაფერი წინასწარ განხილული ალასანიას საფრანგეთში ჩასვლამდე და ა.შ. ეს თეთრი ძაფით ნაკერი შავი სამარცხვინო ტილოა ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თავად არც ინიციატორია და არც კმაყოფილი იმით, რასაც თავად სჩადიოდა.

ამ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს თუ არა პროკურატურამ და უშუალოდ ირაკლი შოთაძემ? - ის ამტკიცებდა, რომ კორუფციული სქემებით მილიონი მიიტაცეს ამ ადამიანებმა და ამის მტკიცებულებები გააჩნდა პროკურატურას, რაც ბრალდებამ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა...

-ვის წინაშე უნდა აგოს პროკურატურამ რაიმე სახის პასუხისმგებლობა, იქნება ეს პოლიტიკური, სამსახურეობრივი თუ მოქალქეობრივი? ისინი დღეს უკვე საფრთხის შემცველნი არიან ყოფილი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრისთვის. რადგან რასაც ისინი აკეთებდნენ, არ ყოფილა მათი ინიციატივა.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ზღონ პოლიტიკოსებმა, ხოლო ასეთმა უნამუსო პროკურორებმა რაც შეიძლება, მალე უნდა მოუსვან, რისი მაგალითიც შოთაძის წინამორბედისგან უკვე არსებობს პროკურატურაში. რაც დროზე მიაჩუმათებენ თავიანთ არაკაცობას, მით უკეთესი იქნება მათივე ცხოვრებისთვის. მაგრამ აღსარების თქმა არ დაავიწყდეთ, საზოგადოების შეურაცხოფა მარტივად არავის არ შერჩება. არა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ, არამედ თავიანთ შთამომავლების წინაშე მაინც უნდა იყვნენ მართალნი, თუნდაც ღია მონანიების საფუძველზე.

ხიდაშელის გადაწყვეტილება შესაძლებელია მთავრობაში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს? ფაქტია, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რასაც ყოფილი და მოქმედი პრემიერები  აკეთებდნენ...

-ეს ტრიო, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, თავდაცვის მინისტრი და ორი პრემიერ-მინისტრი სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიის ადამიანები არიან. უფრო მეტიც - ამ სამიდან პოლიტიკოსი გახლავთ მხოლოდ თინა ხიდაშელი. დანარჩენი ორი საკუთარი სურვილით გაელვებასავით აღმოჩნდნენ ბიზნესიდან პოლიტიკაში. ცხადია, მათ არც შესაბამისი უნარი და გამოცდილება აქვთ და არც სიტუაციის აღქმასა და რეალობის შეფასებისას არიან წარმატებულნი.

ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკური სიბეციდან გამომდინარე, რაიმე შარი მოსდონ ქალბატონ ხიდაშელს, ან ისეთი ზეწოლა მოახდინონ პროკურატურაზე, რომ კიდევ ახალი სერიალები მოვისმინოთ  ბრალდებებისა მათთვის მიუღებელი პირების მიმართ.

რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება გარკვეული რისკის შემცვლელია ქალბატონი ხიდაშელისთვის.  რაც არ უნდა გულსატკენი იყოს, მისი ამ თამამი ნაბიჯის მიმართ, ნეგატიურ რეაგირებას მოვისმენთ მისივე ყოფილი კოლეგებისგან, რომლებიც დღესაც ერთადერთ ოცნებას აჟღერებენ, რომ მათ აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ პარლამენტარის სავრაძლები. ნუ გაგვიკვირდებათ რომ მანქურთად ქცეულმა ზოგიერთმა პარლამენტარმა პროკურატურაზე უფრო მეტი გესლი დაღვაროს ამ თემასთან დაკავშირებით.

ე.წ. კაბელების საქმე წლის ყველაზე რეზონანსული საქმე იყო და აქედან გამომდინარე, გამორიცხავთ, რომ თავდაცვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება პრემიერთან ყოფილიყო შეთანხმებული?

-არ გამოვრიცხავ, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო ირაკლი ღარიბაშვილი და მას არაერთ ციტატას მოასმენინებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობდა და არსებობს მისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სუბიექტებისგან. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუალებით ხდება მათი მარცხის აღიარება, ეს შეიძლება მისაღები არ იყოს უპირველესყოვლისა, ბატონი ივანიშვილისთვის.