საქართველოს სხვა რეგიონებიდან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონი წიაღისეულების სიმდიდრით არ გამოირჩევა, ერთადერთი, რასაც რეგიონი ფლობს, ეს არის ტყე. იმ შემთხვევაში, თუკი ტყის გაჩეხვა დაიწყო, ექსპერტები რეგიონის უდაბნოდ გადაქცევის საფრთხეზე საუბრობენ. როგორც ცნობილია, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკას მაღაროების გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად, ხის მასალას მიაწვდის.
დონეცკის დე ფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაციის მეთაური, ევგენი ლავრენოვი აცხადებს, რომ დონეცკში ცხინვალიდან ხე-ტყე ვაგონებით გაიგზავნება.
„ჩვენ ვიპოვეთ შესაძლებლობა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან შემოვიტანოთ ხე-ტყე მაღაროელებისთვის. ამ დროისთვის ორგანიზაცია „დონბასის“ „ქვანახშირი“ სამხრეთ ოსეთის მხარესთან შესაბამის კონტრაქტს აფორმებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ დამოუკიდებლობას ხე-ტყის მიღების კუთხით იმისთვის, რომ ვაწარმოოთ ქვანახშირის მოპოვება. დონეცკში ცხინვალიდან ხე-ტყე ვაგონებით გაიგზავნება“, - აღნიშნა ევგენი ლავრენოვმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. იმ შემთხვევაში თუკი ცხინვალიდან რეგიონიდან დონეცის მიმართულებით დაიწყება ხე-ტყის გატანა, შერიგებისა და თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს იქნება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხორციელდება ბუნებრივი რესურსების გატანა. ამის ყველაზე სანიმუშო მაგალითია ოლიმპიური თამაშების დროს სოჭში აფხაზეთის ტერიტორიიდან გატანილი საკმოდ დიდი რაოდენობის ინერტული მასალა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ეკოლოგიას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ დონბასიდან გავრცელებული ინფორმაიცა მხოლოდ მომავალ ქმედებაზეა მიმართული, იმედია ასე არ მოხდება და ოსური საზოგადოება ამის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. თუ ეს მაინც განხორციელდა, ეს იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა. მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
გარდა ამისა, როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, უცნაურია როდესაც დონბასის დე-ფაქტო მმართველობა კავკასიონის მეორე მხრიდან აპირებს ხის მასალის შეტანას, რაც მნიშვნელოვნად უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე მის ახლოს არსებული ტყის მასალის გამოტანა.
„სულაც არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს არის პიარ-კამპანიის ნაწილი, რათა გააფორმონ, რომ თითქოს არაღიარებული ტერიტორიები ერთმანეთს ეხმარებიან, ხოლო სინამდვილეში ხის მასალის შეტანა მოხდეს უფრო იაფად ახლო ტერიტორიებიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ცხინვალიდან რეგიონიდან დონეცის მიმართულებით ხე-ტყის გატანას პოლიტიკური სარჩული უდევს, რადგან, მისი თქმით, რუსეთი ასეთი მეთოდებით ცდილობს საქართველოს ხელისუფლების გამოწვევას.
„რაში სჭირდება დონეცკს ამ გადაწყვეტილების მიღება და ცხინვალიდან ხე-ტყის გატანა, როდესაც მთელი რუსეთი სავსეა ამდაგვარი ხე-ტყით? ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბუნებრივია, რომ ეს არის კიდევ ერთი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან.
რუსეთი ცდილობს, აგრესია სხვადასხვა ფორმით აწარმოოს - ცდილობს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოიწვიოს. ეს ყველაფერი არის პროვოკაცია, რადგან, არაფერში არ სჭირდება დონეცკს ცხინვალის ხე-ტყე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი გაჩეჩილაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ საქმის კურსში ჩააყენოს დიპლომატიური კორპუსი. როგორც უწყების პრეს-სპიკერი, დავით კერესელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს ცხინვალის რეგიონიდან დონეცკის მიმართულებით ხე-ტყის გატანის საკითხს ქართული მხარე ყველა ფორმატში დასვავს, რომ აიკრძალოს რეგიონიდან ხე-ტყის გატანა.
„ორი თვითაღარებული რეჟიმი რა ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ამისთვის ხელის შეშლა ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს. საკითხის განხილვა მოხდება იმ მხარესთან, რომელთანაც პერიოდულად ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე. რა თქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენებთ დიპლომატიურ კორპუსს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კერესელიძემ.
ა-რ „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი მანანა ქოჩლაძე აცხადებს, რომ ამ შემთვევაში ერთადერთი კონტროლის მექანიზმი არის საკითხის წამოწევა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.
„იურიდიული მექანიზმი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუკრძალოს ცხინვალის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას დონბასის რესპუბლიკაში ხე-ტყის გადატა, ეს ცოტა რთულად წარმომიდგენია. იმიტომ, რომ ორივე ამოვარდნილია ყოველგვარი საერთაშორისო ჩარჩოდან. შესაბამისად, ერთადერთი კონტროლის მექანიზმი ამ საკითხის წამოწევაა ალბათ ისევ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. აუცილებლად წამოსაწევი საკითხია, რადგან ცხინვალის რეგიონში საკმაოდ დიდი ოდენობით კარგად შენახული ტყე იყო. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევზღუდოთ რეგიონიდან ხე-ტყის გატანა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მანანა ქოჩლაძემ.
ცხინვალიდან რეგიონიდან დონეცის მიმართულებით ხე-ტყის გატანის პოლიტიკური სარჩულზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, თუკი დაიწყება ტყის მასიური გაჩეხავა, ამით პირველ რიგში თვითონ ოსები დაზარალდებიან.
„ეს უფრო არის რეკლამა და თვითდაჯერება იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართო. ოსებს არ აქვთ იმის თავი და რესურსი, რომ ეს გაიტანონ. საკუთარ ტყავში ძვრებიან ცხინვალის ლიდერები, ეს ბანერები, საზღვის გადმოწევა და ა.შ. ნაცარქექიობის ამბავია; ცდილობენ, საკუთარ მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ დამოუკიდებელი არიან. სერიოზულად არავინ არ აღიქვმას მათ. სერიოზული მხოლოდ ის არის, რომ გარემო ზიანდება.
სამხრეთ ოსეთში არ არის წიაღისეული, ნავთობი, ოქრო და მარგანეცი. ერთი კვაისია და იმასაც ვერ ამუშავებენ. ჯერ-ჯერობით აქვთ ტყე, მაგრამ თუ დაიწყო ტყის ჩეხვა, ცხინვალი უდაბნო გახდება. თუ ჩვენს ჯინაზე გაჩეხავენ ტყეს და თავიანთ შთამომავლებს დატოვებენ ბუნებრივი რესურსის გარეშე, ამით პირველ რიგში თვითონ, ოსები დაზარალდებიან.
პრაქტიკულად, მათი ეს იდეა რთულად განსახორციელებელია. იმიტომ, რომ მინსკის ხელშეკრულება ძალიან რთულად, მაგრამ მაინც თითქოს სრულდება. დონეცკელი და დონბასელი სეპარატისტები რამდენ ხანს იქნებიან კიდევ ხელისუფლების სათავეში, ესეც მეორე საკითხია. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს არის პოლიტიკური რეკლამა და მეტი არაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.