„ბერძნებისთვის კომუნიზმი დამთავრდა“

„ბერძნებისთვის კომუნიზმი დამთავრდა“

საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან ახალ, მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოლაპარაკებები საბერძნეთსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის ათენში 10 აგვისტოს, გვიან ღამემდე გაგრძელდა. აღნიშნული შეთანხმების შედეგად ათენი ევროზონიდან გასვლასა და გაკოტრებას თავიდან აიცილებს.

მართალია, ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები უკან არ იხევდნენ და საბერძნეთის რეფერენდუმის საპასუხოდ, ითხოვდნენ, საბერძნეთს ევროზონა დაეტოვებინა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს გულწრფელი სურვილი არ უნდა ყოფილიყო, რადგან საბერძნეთის მაგალითი გადამდები გახდებოდა სხვა ქვეყნებისთვისაც.

ასე მაგალითად, ცნობილია გერმენიის კანცლერის მკაცრი დამოკიდებულება ვალებით სავსე საბერძნეთის მიმართ. თავის დროზე ანგელა მერკელის მოკავშირე დეპუტატებიც აცხადებდნენ, რომ საბერძნეთს ევროზონა უნდა დაეტოვებინა.

გერმანელი დეპუტატი - კლაუს-პიტერ ვილში მიიჩნევდა, რომ საბერძნეთს შეეძლო ევროკავშირში დარჩენა, თუმცა ევროზონაში მათ მომავალი არ ჰქონდათ, რადგან ბერძნებმა სცადეს მათი დაშანტაჟება და სხვა ქვეყნების გადასახადის გადამხდელების მძევლად აყვანა.

საბერძნეთის მაგალითმა აჩვენა, რომ მსგავსი კრიზისების დროს ევროზონის მომავალი მყიფეა. მეტ-ნაკლები სიმდიდრის მქონე ქვეყნებს უკვე აღარ სურთ საკუთარ გადამხდელთა ხარჯზე ღარიბი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო ჟანგბადის - ანუ ფინანსების მიწოდება.

საბერძნეთის კრიზისამდეც ევროზონის მომავალს სკეპტიკურად აფასებდნენ. ჯერ კიდევ 1999 წლიდან მოყოლებული, როცა თერთმეტ  ევროპულ ქვეყანაში ახალი ფულადი ერთეული - ევრო შემოიღეს; მოგვიანებით უკვე ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 17 ევროზონაში გაერთიანდა, ევრო ინარჩუნებდა მდგრადობას დოლართან და სხვა ვალუტასთან მიმართებაში, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ევროზონის ქვეყნებში პროცენტულად დაბალი იყო. ამ მაჩვენებლის ნახევარი გერმანიაზე მოდიოდა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკის ქვეყნად ითვლება.

რაც შეეხება ევროზონის სხვა ქვეყნებს - ირლანდიას, პორტუგალიას, ისინი გადარჩენას ითხოვდნენ, საბერძნეთმა კი ორჯერ მიიღო საგანგებო კრედიტი. ევროპის სამხრეთ ქვეყნებში არსებული დავალიანება და სხვა ეკონომიკური პრობლემები შეშფოთებას იწვევდა ექსპერტებში. ცნობილი იყო ისიც, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა იტალიისა და ესპანეთის 30 მილიარდი დოლარის ოდენობის  ვალის უსაფრთხოება შეისყიდა.

პროცესები იმდენად რთულად ვითარდებოდა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. მხარეებმა განიხილეს ევროპის საერთო ეკონომიკური მმართველობის ჩამოყალიბების იდეა, ასევე, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა. 

იმთავითვე დაისახა პირველი და მთავარი მიმართულება - ევროზონის ქვეყნების ბიუჯეტების დეფიციტის კონტროლი. არადა, კანონის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნის დეფიციტს არ უნდა შეედგინა ამ ქვეყნის ეკონომიკის 3 პროცენტზე მეტი. ამის მიუხედავად, მრავალი ქვეყნის და, მათ შორის, საფრანგეთის დეფიციტიც ამ ნიშნულს აღემატებოდა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროზონა და ევროკავშირი თავისი არსებობის საუკეთესო დღეებს არ ითვლის. საინტერესოა ისიც, რომ ინგლისში უკვე რეფერენდუმი მზადდება ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის თაობაზე, საბერძნეთი კი ხმამაღლა იმუქრებოდა ევროზონიდან გასვლას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია. სხვა გზა არც ევროპას და არც ევროზონას არ ჰქონდა, თუ ამ კრედიტს არ მისცემდნენ საბერძნეთს.

აქ იყო რუსეთის ფაქტორიც, ე.ი. უკვე იყო რეალური პერსპექტივა იმისა, რომ საბერძნეთი, როგორც ნატოს წევრი, ნატოს სამხრეთ ფლანგის ერთ-ერთი ბურჯი, თურქეთთან ერთად, რუსეთის ფინანსური გავლენის ქვეშ აღმოჩენილიყო.

„ეს რთული მომენტები არსებობდა. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში ევროპა არ დაუშვებდა საბერძნეთის გასვლას. აქამდე ბზარებიც იყო, კრიზისიც იყო, მაგრამ ევროზონა კრიზისიდან მაინც გამოდიოდა. საბერძნეთის დაკარგვა თუ მოხდებოდა, ჯაჭვური რეაქციის ფენომენი შეიძლებოდა ამუშავებულიყო. ამიტომ „მოდუს ვივენდის“ ფენომენი გამოიძებნა და ნებისმიერ შემთხვევაში, ბერძნები მიიღებდნენ იმ თანხას.

აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი, ამხელა კრედიტს ევროპული ბანკები მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ იძლევიან - ბერძნებს მოუწევთ ქამრების შემოჭერა და უმუშევრობა, მიუხედავად ამხელა კრედიტებისა. ეს კრედიტები ტრანშებად წავა თანდათანობით და, თუკი შესრულდება ის პირობები, მეორე ტრანშს მიიღებენ და ა.შ. ყოველი ტრანში დამოკიდებულია წინა ტრანშთან დაგეგმილი პირობების შესრულებაზე, მაგრამ, ასე თუ ისე, მინიმუმ, ხუთი-ექვსი-რვა წელი ბერძნებს მოუწევთ შემოჭერილი ქამრებით ცხოვრება, კომუნიზმი უკვე დამთავრდა ბერძნებისთვის.

ევროზონა, ამავე დროს, მიბმულია ევროკავშირთან. მერკელი თავიდანვე ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო საბერძნეთის. მერკელს ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ ყველაფერი არა. აქ უკვე პოლიტიკურმა ფაქტორმა გადაწონა, რადგან საბერძნეთი სხვა არის და ირლანდია - სხვა.

პორტუგალიაშიც მძიმე ვითარებაა, ესპანეთშიც დიდი უმუშევრობაა, იტალიაშიც ასეთი მდგომარეობაა. ამ ქვეყნებში კრიზისია, მაგრამ არ მგონია, ეს კრიზისი კატასტროფად ან ტრაგედიად იქცეს ევროზონის ან ევროპისთვის. ევროპა მაინც თავის რესურსებს გამოძებნის და ეს რუსეთისთვის დიდი საჩუქარი ვერ გახდება“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე განმარტებით, მინიმალურად, მაგრამ ევროპაში ფინანსური ზრდა მაინც შეიმჩნევა. არის სფეროები, სადაც საქმე მინუსისკენ მიდის, სადაც საერთოდ არ არის მატება და პერსპექტივა საშინელია. თუმცა სოსო ცინცაძე დამამშვიდებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ევროპის სტრატეგიული რეზერვი, ასე თუ ისე, შეერთებული შტატებია, სადაც მდგომარეობა უმჯობესდება.

„დღითი-დღე ამერიკის ეკონომიკა წელში იმართება. ასე რომ, ევროპა მარტო არაა, მარტო ჯერჯერობით ქართველები ვართ, საკუთარი თავის შემყურენი; ამერიკა კი არასოდეს გაწირავს ევროპას, რომ ისევ ციტრასები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში საფრანგეთში, გერმანიაში ან იტალია-ესპანეთში“,- აცხადებს ცინცაძე.

ექსპერტი, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საბერძნეთთან შეთანხმება მიღწეულია, რაც იმის საფუძველია, რომ საბერძნეთი კრიზისების პირველ ტალღას აიცილებს თავიდან, რადგან საბერძნეთის დავალიანება 323 მილიარდი ევროა. მისივე განმარტებით, ევროზონის  სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია ევროზონის შენარჩუნება, ისინი დაინტერესებულნი არიან მისი შენარჩუნებით, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაქტორთან. კერძოდ, ევროზონა ერთიანი სავალუტო სისტემაა, ეს სისტემა მოქმედებს საზღვარგარეთაც და ეს სტიმულირებას ახდენს საგარეო ვაჭრობის განვითარების და ექსპორტის დინამიკის ზრდის კუთხით. აქედან გამომდინარე, ეს ევროზონას პრობლემებს აცილებს.

ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც არ არიან ევროზონის წევრები, ცდილობენ ევროზონაში რაც შეიძლება, სწრაფად შევიდნენ. მაგალითად, ბალტიის სახელმწიფოებს - ესტონეთსა და ლატვიას ჰქონდათ ყველაზე ძლიერი სავალუტო ერთეული. ამის მიუხედავად, ლატვიამ თავისი სავალუტო ერთეული უარყო და გაერთიანდა ევროზონაში. ბალტიის სამივე სახელმწიფო  ევროზონის წევრი გადა და იქ შესვლა ყველას მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია.

„მართალია, ევროზონის ცალკეულ ქვეყნებს საგარეო ვალები აქვთ, მაგრამ ევროზონის შენარჩუნება ევროზონაში შემავალ ყველა ქვეყანას ურჩევნია. ევროზონის დასამარებას არავინ უწყობს ხელს. სხვა საქმეა, როგორ შეძლებს ევროკავშირი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სიტუაციის გამოსწორებას.

რაც შეეხება ევროზონაში შექმნილ რთულ ვითარებას, ეს სირთულეები უკავშირდება მთელი მსოფლიოს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებას - ნავთობის ფასები დაცემულია, ეკონომიკური ზრდის ტემპები მსოფლიოში შემცირებულია. ჩინეთსაც აქვს ეკონომიკური პრობლემები. მართალია, ჩინეთი ამას მალავს, მაგრამ, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ეკონომიკის ათი პროცენტი ჩინეთზე მოდის. ჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში სავალუტო ბირჟა, ფაქტობრივად, დაიხურა.

ამის მიუხედავად, ევროზონის მომავალს კრიტიკულად ვერ ვუყურებ. ყველა ამბობდა, ევროზონას პრობლემები აქვს და დაიშლებაო, ფაქტია, რომ ვერ დაიშალა. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ევროზონა დაშლილიყო საბერძნეთთან დაკავშირებული პრობლემის გამო და მისი წევრები გადასულიყვნენ საკუთარი ვალუტების შემოღებაზე, მაგრამ ასე არ მოხდა. მომავალში რა  იქნება, არავინ იცის“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.