„რუსეთი თუ ვერ ხედავს წინააღმდეგობას, მიდის ბოლომდე, სადამდეც შეუძლია“

„რუსეთი თუ ვერ ხედავს წინააღმდეგობას, მიდის ბოლომდე, სადამდეც შეუძლია“

„რუსეთი ფაქტობრივად, უახლოვდება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ გზას, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული, მიაჩნიათ, რომ მათ უნდა აკონტროლონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს, ეს საკითხი მწვავედ დააყენოს პარტნიორ ქვეყნებთან, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მოუხალოვდება და შეეცდება გააკონტროლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებება.

ცდილობს თუ არა რუსეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზის გაკონტროლებას და რა ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

ვანო მაჭავარიანი: ცხადია, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება. რადგან, ხედავენ, რომ ქართული მხრიდან არ არის შესაბამისი რეაგირება; ვერ მოხერხდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან წინააღმდეგობის მობილიზაცია და ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემის შექმნა რუსეთისთვის. ზოგადად, რუსეთი ასე მოქმედებს - თუ ვერ ხედავს წინააღმდეგობას, მიდის ბოლომდე, სადამდეც შეუძლია.

კიდევ ვიმეორებ - თუ რუსეთი ხედავს გარკვეულ საერთაშორისო ზეწოლას, წინააღმდეგობას, ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად ცდილობს, თავი აარიდოს ამ წინააღმდეგობას. რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებს ზუსტად იმ გეგმას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის მაქსიმალურ იზოლაციას იმ ადმინისტრაციული საზღვრის მეშვეობით, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აცალკავებს ცხინვალის რეგიონთან და იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან.

როგორც წესი, რუსეთის აგრესიას საქართველო პასუხობს საპროტესტო ნოტით, არის ეს გამოსავალი? - ფაქტია ისიც, რომ რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკაც არ აღმოჩნდა შედეგიანი...

-დიპლომატიურ პრაქტიკაში ნოტა არის მინიმალური, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს. იმის თქმა, რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ რუსეთის ამ ქმედებას, უბრალოდ იმის აღიარებაა, რომ არანაირი ქმედება ამ მიმართულებით დაგეგმილი და გააზრებული არ ყოფილა - მხოლოდ რეაქციაა ქმედებებზე. ცხადია, რუსეთი, როგორც 2008 წელს, ახლაც ცდილობს გააკონტროლოს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა.

მაშინ რუსეთი ითხოვდა ე.წ. უსაფრთხოების ზონას, ანუ მოთხოვნა იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზის გაკონტროლება და ეს იყო მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - საფრანგეთის, ევროკავშირის და აშშ-ის აქტიური ჩარევის შემდეგ რუსეთს ეს ოფიციალურად აღარ მოუთხოვია.

ანუ, დღესაც რუსეთის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზის გაკონტროლება?

-რა თქმა უნდა - არ მიმაჩნია, რომ „საზღვრის“ გადმოწევა თვითმიზანია - აქ გაცილებით სტრატეგიული მიზნებია. რუსეთი ცდილობს, აიძულოს საქართველო, შეეგუოს ახალ რეალობას, შეცვალოს უსაფრთხოების მექანიზმები, რომელიც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, იქნება ეს ნატო, ევროკავშირი თუ საერთაშორისო თანამეგბრობა - ეს უკვე ცხადია.

თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს ეს საკითხი მწვავედ დააყენოს პარტნიორ ქვეყნებთან, როგორც სასიცოცხლოდ სტრატეგიული საკითხი; თუ სერიოზული კამპანიები არ აწარმოა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მოუხალოვდება აღმოსავლეთ-დასავლეთის  მიმართულებას და შეეცდება, გააკონტროლოს.

რუსეთს მიაჩნია, რომ ეს გზა შეიძლება იყო სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების. საზღვრის გადმოწევა არის გარკევული ტესტი, რამდენად ახლოს შეძლებენ მიზანთან მიახლოებას. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ვერ მიაღწია, რომ რუსეთის ეს ქმედება გახდეს მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ის და რუსეთს შორის.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ აქტიურობს საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობა?

-ეს ჩემთვის გაუგებარია. რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც შედეგად გვაძლევს იმას, რომ რუსეთი ფაქტობრივად, უახლოვდება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ გზას, რომელიც 2008 წლიდან მიაჩნიათ, რომ მათ უნდა აკონტროლონ.

რატომ არ კეთდება? - ეს არის ზუსტად ის კითხვა, რომელიც მე მაქვს მთავრობის მიმართ. სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთის მცოცავი ოკუპაცია, აგრესია, ვერ გახდა საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების თემა. ეს ცალსახად მიუთითებს ნებისმიერი მთავრობის საგარეო საქმიანობის არაეფექტურობაზე.

რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ბოლო 10 წელია დასახული აქვს. თუ ვერ ხედავს საერთაშორისო ან შიდა წინააღმდეგობას, ამ პოლიტიკას ბოლომდე განახორციელებს და ეს არის ცხადი. საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს ეს მცოცავი ოკუპაცია საერთაშორისო ასპარეზზე აქციოს ერთ-ერთ მწვავე თემად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ რუსეთის ქმედებები ცალსახა საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ეს არის ძალიან სამწუხარო და ქვეყნისთვის დამაზიანებელი.

ამ ვითარებაში, რა უნდა ქნას საქართველოს მთავრობამ?

-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, არის ზუსტად ის დიპლომატიური პრაქტიკა, რომელიც ძალიან ხშირად გამოყენებული არის-ხოლმე ასეთ კრიზისულ სიტუაციაში. მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც უმაღლეს დონეზე მოხდა შეხვედრა და შეთანხმების მიღწევა.

ცალსახად, საქმე გვაქვს 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევასთან. რუსეთმა, საქართველოსთან ერთად მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, რომლის შუამავალი და გარანტორი იყო ევროკავშირი და საფრანგეთის სახელით იქნა ხელი მოწერილი. მსგავსი რამ, რომ რუსეთს შეუძლია მავთულხლართების გავლება, ან გამყოფი ზოლების შექმნა, ამ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ არის. რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად დატესტოს, რამდენად მოახერხებს საქართველო განიხლოს ეს საკითხი იმ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც აგვისტოს ხელშეკრულების გარანტორები არიან.

საქართველოს მთავრობისთვის ამოსავალი წერტილი არის აგვისტოს ხელშეკრულება და მისი დარღვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მინისტრების და შემდეგ უკვე უმაღლეს დონეზე მოხდეს მსგავსი შეხვედრა იმისთვის, რომ ჟენევის პროცესს მიეცეს ახალი იმპულსი, რომ ეს საკითხი დადგეს რუსეთთან, რათა რუსეთმა იგრძნოს, რომ ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის თემასთან ერთად ევროპის უსაფრთხოების და სტაბილურობის კონტექსტში განხილული თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სწორედ ეს არის გასაკეთებელი.