„საღ აზრს მოკლებულია კარბელაშვილის განცხადება მისი ლიკვიდაციის შესახებ“

„საღ აზრს მოკლებულია კარბელაშვილის განცხადება მისი ლიკვიდაციის შესახებ“

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი შავი ფერის, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ავტომანქანას პარლამენტის წევრი, გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი, ელგუჯა ბლიაძ დააკავეს.

დაკავებულები ოსიაურში გადაიყვანეს. ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, რომელიც ცდილობდა პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელი შეეშალა კარბელაშვილის ოსიაურიდან გორის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანაში, იმ მოტივით, რომ  კარბელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია და მისი დაკავების უფლება არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ბარამიძემ ვერ შეძლო ხელი შეეშალა პოლიციისთვის კოლეგის დაკავებაში, პოლიციის თანამშრობლები ძაღლებს შეადარა.

„რას დაგამსგავსეს! აი ძველად ძაღლები, რომ იყვნენ იმას დაგამსგავსეს“, - ასე მიმართა ბარამიძემ პოლიციის თანამშრომლებს, პოლიციის საპასუხო განცხადებაზე, რომ დამშვიდებულიყო, რადგან ზედმეტს ლაპარაკობდა, ბარამიძემ მიუგო, რომ ზედმეტს არაფრს ამბობდა. „როგორ უნდა დავმშვიდდე! ვერ დავმშვიდდები, იმიტომ, რომ სიმწრით ნაშენები  პოლიციაა! სიმწრით გამოზრდილი ბიჭები ხართ! ოფიცრები ხართ თითოეული თქვენთაგანი, რომლითაც ვამაყობთ და როგორ უნდა დავწყნარდე“, - მიმართა გიორგი ბარამიძემ.

თავად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი აცხადებდა, რომ მებრძოლებთან ერთად ქეიფობდა და იმიტომ დაიჭირეს, რომ თავისუფლებისთვის იბრძოდა. ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ დეპუტატი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა ელგუჯა ბლიაძეც.

შემოწმების შემდეგ პარლამენტის წევრმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ვინაიდან მას იმუნიტეტი იცავს. რაც შეეხება კარბელაშვილის თანმხლებ პირს, ის დაკავებულია. ქვიშხეთში მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება სსსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დღეს გიორგი კარბელაშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა, სადაც საკუთარი ინიციატივით ექსპერტიზა ჩაიტარა, რადგან ამბობს, რომ მას სხეულზე ბევრი ტრავმა აქვს მიყენებული. კარბელაშვილი ამტკიცებს, რომ ის გატაცებული ჰყავდათ და გამტაცებელი პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ სიტუაციას ირაკლი ღარიბაშვილი აკონტროლებსო. 

„ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, გატაცება. რამდენიმე საათის განმავლობაში, არც კი ვიცი, სად მამოძრავებდნენ. ქვიშხეთის ასახვევთან, დაახლოებით 50 მეტრში მანქანიდან გადმომაგდეს, გვეცნენ. მომიტაცეს, რამდენი იყვნენ, ვერ გავიგე. როგორც ამბობენ, რამდენიმე ათეული კაცი იყო. პოლიციელები მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სიტუაციას ღარიბაშვილი აკონტროლებსო. გატაცებული ვიყავი 6 საათი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლიკვიდაციის სცენარი იყო“, - აღნიშნა გიორგი კარბელაშვილმა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ინციდენტს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.  გაბაშვილი ამბობს, რომ კარბელაშვილი ომში დაღუპული გმირის დავით ბლიაძის მოსახსენიებელ საღამოზე იმყოფებოდა.

„ის, რაც გუშინ მოხდა გვეგონებოდა ჩვეულებრივი საპოლიციო შემოწმება, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან პოლიცია იყო არა უბრალოდ შემმოწმებელი, არამედ ხაზგასმით აგრესიული. როგორც ჩანს, მათ იცოდნენ, რომ ეს საღამო იმართებოდა და იქ იმყოფებოდა ჩვენი დეპუტატი.

აგრესიული იყო პოლიცია, რომელმაც გამოიწვია შეხლა-შემოხლა გიორგი კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან. ამის შემდეგ ისინი დააკავეს, მათზე მოახდინეს ფიზიკური ზეწოლა, ძალადობა და მთელი ღამის განმავლობაში ვერ ვარკვევდით რა ხდებოდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე იმყოფებოდა იქ, რომელიც არ შეუშვეს. ეს არის პროვოკაციები ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ“, - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია, თუმცა, ამბობს, რომ დეპუტატის დაკავება პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია. მანანა კობახიძის განცხადებით, თუ სამართალდამცავების მხრიდან რამე პროცედურა დაირღვა, ამაზე რეაგირება მოხდება.

„მე ვიცი ის, რა განცხადებაც ოფიციალურად გააკეთა შს სამინისტრომ, უნდა გავერკვე დეტალებში, თუ რამე სადმე დარღვევა იყო, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება მოხდება. დეპუტატის დაკავება არ ხდება, დაუშვებელია პარლამენტის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ არ არის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. თუ რამე პროცედურა დაირღვა, ამაზე რეაგირება იქნება“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, საღ აზრს მოკლებულია კარბელაშვილის განცხადება მისი ლიკვიდაციის თაობაზე.

„საღ აზრს მოკლებულია კარბელაშვილის განცხადება, პოლიციელს მისთვის ეთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებას ვასრულებთ და თქვენი ლიკვიდაცია გვაქვს დაგეგმილიო. ეს შეიძლება ეთქვა წუხელ, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. დღეს ამ განცხადების გაკეთება, ვფიქრობ, რომ უხერხულია.

როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიციის თანამშრომელს ეთქვა მისთვის, რომ პრემიერმა დამავალა თქვენი ლიკვიდაციაო, თქვენც ხომ ხვდებით როგორი აბსურდია. ეს განცხადება საზოგადოების იმ ნაწილზეა გათვლილი, ვინც დიდი ანალიზით თავს არ იწუხებს“, - აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.