ვაკუუმი გამოძიებაში - „არავინ იცის, სად იყო ჟვანია

ვაკუუმი გამოძიებაში - „არავინ იცის, სად იყო ჟვანია "

8 ივლისს, 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობით, საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის, სასამართლო პროცესი დაიწყო. ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარდგნენ, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, კობა ხარშილაძე და პრემიერის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მიხეილ ძაძამია. სასამართლომ უკვე დაკითხა ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია-ქადაგიძე და დედა - რემა ჟვანია.

სასამართლოს ჩვენება მისცეს ჟვანიას დაცვის წევრებმა და სდსს-ის უფროსმა თემურ ჯანაშიამ და ა.შ. დასაკითხ პირთა სია საკმაოდ ვრცელია, თუმცა, ჩამონათვალში ფიგურირებს ყოფილი პრემიერის უახოლესი მეგობარი, გიორგი ბარამიძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ შეიტყო. 

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამ კითხვაზე პასუხს 12 ნაფიცი მსაჯული რამოდენიმე დღეში იტყვის. მათი გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება.

ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია  აცხდებს, რომ პრემიერის მკვლელობა ვანო მერაბიშვილის დადგმული სცენარი იყო. რემა ჟვანიას განცხადებით, თავიდანვე იცოდა, რომ მისი შვილი მოკლული იყო, ხარშილაძე და ძაძამია კი, იტყუებიან. როგორც ჟვანია ამბობს, სიკვდილის წინ ზურაბ ჟვანია მასთან სახლში იმყოფებოდა და ღამის 12 საათზე დაურეკეს. მისი თქმით, არ ელაპარაკებოდა მეგობარს, საუბრობდა ოფიციალური ტონით და, როგორც იცის, მას გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა დაურეკა.

„ზურა იმ ღამეს იმ ბინაში არ იმყოფებოდა და გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს. ზურა რომ იმ სახლში ყოფილიყო, ფანჯარას გამოაღებდა. ეს მისი ცხოვრების წესი იყო, ფანჯარა სულ ღია ჰქონდა, ამბობდა, რომ სუფთა ჰაერი სასარგებლოა ყველასთვის. არ მჯერა ექსპერტის ნათქვამის, რომელმაც თქვა, რომ ზურას ნაწლავში მოხარშული ძეხვი აღმოუჩინეს, რადგან ზურა იყო დიეტაზე და მოხარშული ძეხვის ჭამას გვიკრძალავდა ყველას; ამბობდა, რომ ეს არ არის სასარგებლო.

ე.ი. რეჟისორმა არ იცოდა ზურას თვისებები, ზურა აუცილებლად გააღებდა ფანჯარას. დავრწმუნდი, რომ ეს არის ბინძური სპექტაკლი. ძაძამია და ხარშილაძე კი ყველაფერს იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ მივიდნენ 4 საათზე იმ ბინაში, სადაც გაიგონეს გამათბობლის ხმა. თუმცა 3-ის ნახევარზე ამ უბანში გაზი იყო გადაკეტილი. ხარშილაძეს კი როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ მიატოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პრემიერ-მინისტრი, მან საუბარი გადაიტანა არარსებულ ინტიმურ ურთიერთობებზე. ზურა რომ მოკლეს ეს თავიდანვე ვიცოდი“, - აცხადებს რემა ჟვანია.

მისი თქმით, როდესაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, იმედი ჰქონდა, რომ მთავრობაში მყოფი მისი მეგობარი გია ბარამიძე ზურას სიკვდილის მიზეზებს დაადგენდა, რადგან ბარამიძე მასთან ხშირად მიდიოდა და ეკითხებოდა, როგორ მიდიოდა გამოძიება, ბარამიძე კი პასუხობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

„მე მას ვკითხე, რომ სჯეროდა თუ არა იმ სიბინძურის, რომელსაც ამბობდნენ. მან მითხრა, დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ შეკითხვაზე კი მიპასუხა, რას ბრძანებთ, მე მასე არ ვფიქრობო. ვნახულობდი ხათუნა გოგორიშვილსაც, რომელმაც ერთ-ერთი საუბრისას უთხრა, რომ ნეტავ დადგეს ის დრო, როდესაც სიმართლეს გაიგებენო“, - აღნიშნა რემა ჟვანიამ.

მოხდება თუ არა რემა ჟვანიას ჩვენების საფუძველზე ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემა, ამ საკითხზე პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილი ჟვანიას საქმეზე გამოკითხულია და გამოკითხვის ოქმი პროკურატურაში მიმდინარე მთავარი საქმის გამოძიების მასალებში დევს.

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების, ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვისას ნაფიც მსაჯულებს ჩვენება მისცა სდსს-ის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ, რომლის განცხდებით, მოცემულ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს დაცვითი ღონისძიებების დარღვევასთან, რადგან მისი თქმით, ზურაბ ჟვანიამ დაცვის სრული შემადგენლობა იმ გადაადგილებამდე დაითხოვა. შესაბამისად, მისი თქმით, ძაძამია ვერ ჩაითვლება პირად, ვისაც უნდა უზრუნველეყო პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოება.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის შესახებ კანონში ერთადერთი ჩანაწერი არის ის, რომ დაცვამ პირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან უნდა დაიცვას. კანონში არაფერი წერია დასაცავის პირის დაცვის შესახებ შემთხვევებისგან. ბუნებრივია შემთხვევებისგან ვერავინ დაიცავს დასაცავ პირს.

სასამართლოზე პროკურატურა დეკლარირებულად აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია თავისი ფეხით, საღ გონებაზე მივიდა იმ სახლში, სადაც იგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. სხვა დეტალებზე როგორიც არის საფერფლე და ა.შ. პოლიტიკოსების მხრიდან საუბარი პიარის მიზნით, ქულების დასაწერად კეთდება“, - აცხადებს თემურ ჯანაშია.

ბოლო დროის ერთ-ერთი რეზონანსული საქმის პროკურორი, ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ თემურ ჯანაშიამ სამართლებრივად აბსურდულ ფაქტებზე ისაუბრა და სდსს-ის შესახებ კანონს, გეგმებს და ინსტრუქციას სასაცილო დოკუმენტები უწოდა.

„ჯანაშიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რა ვითარებაში გარდაიცვლება დასაცავი პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა. უფრო მეტიც, მან ჟვანიას დააბრალა, რომ ის დაცვის გარეშე იყო დარჩენილი და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. თემურ ჯანაშიას ჩვენებაზე სამართლებრივი შეფასების გაკეთება ზედმეტია.

ყველამ იცის ვინ არის თემურ ჯანაშია. ის არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ის წარმომადგენელი, რომელსაც პროკურატურა 8 მილიონნახევარი თანხის გაფლანგვას ედავება. ის არის დაინტერესებული პირი, რომელსაც მისი ბრალდების საქმეში იცავს ბექა ბასილაია, რომელიც ამჟამად არის ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძის ადვოკატი“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ჟვანიას მეუღლე ამბობს, რომ ასეთი მკვლელობები კარგად არის ორგანიზებული და შესაბამისად, ამ დროში პოლიტიკური მკვლელობის გამოძიება ბევრი მიზეზის გამო რთულია. მისივე თქმით, ყველამ იცოდა როგორ ცხოვროდა და როგორი ადამიანი იყო ზურაბ ჟვანია.

„სიმართლე ყველაზე მოქმედებს. ჩემს სიტყვას აქვს ფასი და ჩემი სიტყვა,  ჩემი ცხოვრებით მაქვს გამყარებული. ყველამ იცის, რომ ამ საქმე არც ერთი ინფორმაცია არ მითქვამს ისეთი, რომელიც ზუსტად არ ვიცოდი, ამიტომაც მენდობიან. მაგათ არავინ არ ენდობა, ყველაფერი რაც თქვეს, ტყუილი აღმოჩნდა. როდესაც მივედი გარდაცვალების ადგილას, ხარიშლაძე შესცლის უფლებას არ მაძლევდა. მოგვიანებით მოვახერხე შესვლა და ვნახე ზურა და რაული, რომლებსაც თეთრი პერანგი ეცვათ.

ღამის 3 საათზე გაზი გადაკეტილი იყო იმ კორპუსში. ახლა კი, რაღაცას ბოდავენ. ამბობენ, რომ ძაძამიამ დაურეკა ხარშილაძეს, შემდეგ, ხარშილაძემ ფანჯარა გატეხა და გაზი გამოვარდა ფანჯრიდან. ხარშილაძე ამბობს, რომ გაზის შიშინი ესმოდა და გამათბობელი გამორთო. ექსპერტიზის შემდეგ კი გაირკვა, რომ ის გამათბობელი საერთოდ არ იყო ჩართული“, - აცხადებს ნინო ჟვანია-ქადაგიძე.

ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი, ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ  ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტი იწყება 12:40 საათიდან 4:30-მდე, როდესაც საბურთალოზე მიდის ხარშილაძე. მისივე თქმით, სწორედ ამ შუალედში არის გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია.

„გამოძიებამ უნდა დადოს მასალა, რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში.ზურაბ ჟვანია იმყოფებოდა დედასთან, დაცვა გაფრთხილებული ჰყავდა, რომ მიდოდნენ წყნეთში. თუმცა, მის ტელეფონზე შედის ზურაბ ადეიშვილის ზარი; ზურა ცვლის მარშრუტს და მიდის სადღაც. აი აქედან მოყოლებული, ყველაფერი ბურუსით არის მოცული. ერთადერთი რა ფაქტებიც დევს, გახლავთ ის, რომ ღამის 1 საათამდე ზურა შეუწყვეტლივ ლაპარაკობს ტელეფონზე.

არავინ იცის, სად არიან ძაძამია და ხარშილაძე მთელი პერიოდი, საერთოდ არავინ არ იცის სად იმყოფებოდა ამ პერიოდში თავად პრემიერ-მინისტრი. აი, ეს უნდა გაარკვიოს პირველ რიგში პროკურატურამ. უცნაურად არ გეჩვენებათ ძაძამიას ქცევა, რომელიც, როგორც თავად ამბობს  ურეკავდა პრემიერ-მინისტრს და არ პასუხობდა; 3-საათიანი შუალედის შემდეგ მიდის იქ, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, დატოვა პრემიერ-მინისტრი, კარებზე რეკავს და არავინ არ პასუხობს, მერე ადის ფანჯარაზე და გისოსებიდან ხედავს უგონო მდგომარეობაში მყოფ პრემიერ-მინისტრს.

ამ დროს ახსენდება, რომ ტელეფონი აქვს დამჯდარი, ნახევარი საათი ტენის ტელეფონს, ამის შემდეგ უკავშირდება ხარშილაძეს და მასთან ერთად აქვს მცდელობა, რომ შევიდნენ ბინაში. როგორ შეიძლება ბრალი არ წაუყენონ მათ? - გამცენ პასუხი, უნდა ემოქმედა თუ არა ძაძამიას ოპერატიულად, რომ გადაერჩინა პრემიერი, თუ უნდა წასულიყო და ტელეფონი დაეტენა“? - ამბობს ხათუნა ხოფერია.

როგორც ხოფერია აცხადებს, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში მან დეტალუარდ ისაუბრა მასსა და გია ბარამიძეს შორის შემდგარის საუბრის დეტალებზე.

„ეს ჩვენება მიცემული მაქვს პროკურატურისთვის და პირადად გია ბარამიძეს ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ იმ ღამეს, როდესაც მიდიოდა ზურას გარდაცვალების ადგილზე ფაქტის სანახავად, გზაში დაეწია მიხეილ სააკაშვილის ზარი და უთხრა, რომ ჯერ ჩემთან მოდიო. როგორც აღმოჩნდა იმ ღამეს სააკაშვილი მოხვედრილი იყო ავარიაში. რა საჭირი იყო ბარამიძის მოხსნა იქიდან, თქვას ბარამიძემ რა საჭირო იყო მისი სააკაშვილთან მისვლა, რა ჭირდა სააკაშვილს? ამ კითხვაზე აუცილებლად უნდა გაგვცეს პასუხი პროკურატურამ.

ეს ფაქტი ბარამიძეს ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს მოყოლილი, მიშა ისეთ დღეში იყო, რომ იმ ღამეს ავარიაში მოჰყვა. ეს ყველაფრი ძალიან საინტერესოა. ასე, რომ მე ნაკლებად მაინტერესებს 4:30-ზე იმ ბინაში გვამების შესატანად და გამოსატანად მისული ძაძამია და ხარშილაძე რა ჩვენებას მისცემენ და როგორ დაისჯებიან. მე მაინტერესებს 12:40 წუთიდან 4:30-საამდე რა ხდებოდა, ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი ძიებამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ხოფერიამ.