„უნდა დასრულდეს ქუჩიდან პირდაპირ პარლამენტში მოხვედრის პროცესი“

„უნდა დასრულდეს ქუჩიდან პირდაპირ პარლამენტში მოხვედრის პროცესი“

კონკრეტული ღონისძიებებით და პარტიული აქტივობებით, „ქართული ოცნება“ სექტემბრიდან არჩევნებისთვისმზადებას იწყებს. 2016 წლის საპარლანენტო არჩევნებისთვის თავიდან მოხდება საარჩევნო სიის ფორმირება და როგორც ამბობენ, ამ რესურსის ძებნა „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია დაიწყო. for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ გადაცემა „2030“-ის ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც უკვე გამოვიდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე, გადაიცვლებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის შემადგენლობაში.

რატომ ვერ შეძლო სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სტრუქტურების შექმნა, როგორ შეინარჩუნებს „ქართული ოცნება“ კოალიციას და შეძლებელია თუ არა დაიშალის არსებული კოალიცია? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პირველად ხდება, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ღიად აფიქსირებს, რომ იწყებს საარჩევნო კამპანიას და ეს ხდება არა რამდენიმე თვით ადრე, არამედ არჩევნებამდე მთელი წლით ადრე. რაც საშუალებას აძლევს ყველა ოპოზოციურ ძალას, რომ დროულად და მეთოდურად დაიწყონ მზადება საპარლამენტო არჩევნებისთავის. ერთი წელი არც ისე დიდი დროა და შეიძლება ითქვას, რომ პარტია „ქართული ოცენება“ ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბებული და სტრუქტურირებული არ არის.

რატომ ვერ შეძლო სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სტრუქტურების შექმნა?

-სულ ერთი წლის წინ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. მანამდე იყო საპარლამენტო, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები. სამივე არჩევნები ჩატარდა კოალიციურ რეჟიმში. ამიტომაც, როგორც ჩანს, ცალკე აღებული პოლიტიკური ძალისთვის ვერ მოიცალეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყო ადგილობრივი ხელისუფლებების დაკომპლექტება, პარტიულმა რესურსებმა გადანაცვლა სახელმწიფო სტრუქტურებში.

ახლა უკვე ამ რესურსების თავიდან მოძიება უნდა მოხდეს. დამიჯერეთ, ადვილი არ არის ორგანიზაციული მუშაობა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ „ქართულ ოცენებაში“ საორგანიზაციო მდივანი რამდენჯერმე შეიცვალა. ირაკლი კობახიძე კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობა საკმაოდ რთულია. რამდენად გაართმევს თავს, არ ვიცი.

ცნობილია, რომ პარტიას რამდენიმე რეგიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლება, როგორც ფიქრობთ, რამდენად გაუჭირდება ახალი კადრების მოძიება კოალიციას?

-გეთანხმებით, რომ ახალი კადრების მოძიება საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ აქვს სხვა, და ეს არის ხელისუფლების ხიბლი. ამიტომ, ადამიანი რომელიც არჩევს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას, ბუნებრივია, არჩევანს ხელისუფლების სასარგებლოდ გააკეთებს, რადგან ძალაუფლება „ქართულ ოცნების“ ხელშია. ამიტომ, ის ხიბლი, რასაც ხელისუფლების ხიბლი ჰქვია, უფრო მეტ შანს აძლევს „ქართულ ოცნებას“,  მოიზიდოს პოლიტიკური რესურსი.

მეორე მხრივ ჩნდება კითხვა, სჭირდება კი, დღეს „ქართულ ოცნებას“ რესურსი?

-რა თქმა უნდა სჭირდება, იმიტომ, რომ 2016 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები. როგორც ჩანს, თავიდან მოხდება საარჩევნო სიის ფორმირება. ვფიქრობ, რომ ამ რესურსის ძებნა „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია დაიწყო, ოღონდ შეფარული ფორმით.

რას გულისხმობთ?

-ვგულისხმობ გადაცემა „2030“-ს და ექსპერტთა გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც უკვე გამოვიდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე. ვფიქრობ, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიცვლებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის შემადგენლობაში.

ამასთანავე, საინტერესოა, როგორ შეინარჩუნებს „ქართული ოცნება“ კოალიციას? შეძლებელია დაიშალოს კოალიცია?

-უკვე გვიანია იმაზე ფიქრი, რომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს. თუ „ქართული ოცნების“ მმართველი ელიტა ფიქრობს, რომ ცალკე უნდა გავიდნენ ამ არჩევნებზე, ეს საკმაოდ რისკიანი ნაბიჯი იქნება. ბუნებრივია, კოალიციის დაშლა და უთანხოება კოალიციის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. მე ვფიქრობ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კოალიციის სახელით გამოვა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი.

იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიცამ შეინარჩუნოს უმრავლესობა, რამდენად აუცილებელია გუნდის გადახალისება და არა მხოლოდ რეგიონალური მიმართულებით?

-აუცილებელია და საზოგადოებაც ამას ითხოვს. პოლიტიკაში და მითუმეტეს საპარლამენტო ბატალიებში მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანან და საზოგადოებაში რეიტინგით სარგებლობენ. ყოველთვის ჯობია, რომ პოლიტიკოსები იყვნენ ცნობადები, იცოდნენ მათი რხევის დიაპაზონი, ვიდრე უცნობი ადამიანები შემოვიდნენ პოლიტიკაში. პოლიტიკაში უცნობი ადამიანები საკმაოდ ბევრ პრობლემებს ქმნიან.

ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო სია პროფესიონალებით დაკომპლექტდეს. კანონშემოქმედებითი საქმიანობა და პოლიტიკური ხედვა ჰქონდეს ამ ხალხს. საქართველოში უნდა დასრულდეს ქუჩიდან პირდაპირ პარლამენტში მოხვედრის პროცესი, რადგან, ამას არც ქვეყანისთვის მოაქვს სიკეთე და არც თვითონ ამ ადამიანებისთვის.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს რეალური კონკურენტი, რომელსაც სერიოზული მხარდაჭერის მოპოვების შანსი აქვს?

-დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ჭრელი შემადგენლობის „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამომრჩევლის გაერთიანება, ქართული ოპოზიცია გაერთიანებას ვერ შეძლებს. რეალურად, დღესდღეობით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური კონკურენტი.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ცდილობს, რომ თავი წარმოაჩინოს ასეთ კონკურენტად?

-ძალიან ცდილობს, მაგრამ ჩემი აზრით, ის ასეთი კონკურენტი არ არის. მაგრამ არის მეორე და საკამოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, ის განაწყენებული ელექტორატი რომელიც მიდის „ქართული ოცნებიდან“ - მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ინდიფერენტული ხდება პოლიტიკური პროცესის მიმართ. თუ ასეთი პროცესი გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე, რაც ძალიან რთულ ვითარებას შექმნის.

აღმოჩნდება, რომ პროპორციული სისტემით რეიტინგები თითქმის თანაბარი იქნება. ამ შედეგებით უკმაყოფილო იქნება ყველა და შესაძლებელია, რომ პროცესი არ დასრულდეს საარჩევნო უბნებზე და გადაინაცვლოს ქუჩაში, რისი არაერთი მაგალითი გვქონია უახლოეს წარსულში. ამიტომ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეძლოს ამომრჩეველი მიიყვანოს საარჩევნო უბანზე.

არჩევნების პარალელურად, ხელისუფლება პიარის კუთხითაც იწყებსზრუნვას. „ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო პიარი. ხელისუფლება პიარის კუთხით გამოთქმულ შენიშვნას არ იმჩნევდა; თუმცა, მის შიგნით ტრიალებდა აზრი, რომ პიარი მოსაგვარებელია და ეს პრობლემაა. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ სტრატეგიის ცვლილება დაიწყო?

-არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პიარი საჭირო არ არის და თუ რამეს გააკეთებდნენ, ისედაც ნათელი იქნებოდა. რაც სტრატეგიული თავალსაზრისით იყო შეცდომა და ეს აისახა იმ რეიტინგის ვარდნაზე, რაზედაც მიდის ლაპარაკი.

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამ გააკეთა, რომლის ჯეროვანი გაპიარების შემთხვევაში მისი რეიტინგის ასეთი ვარდნა ნამდვილად არ მოხდებოდა. პიარი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით სტალინიც კი, რომელიც არავის არაფერს ეკითხებოდა, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა პროპაგანდას, ანუ პიარს.

როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ უპიარობა არ ვარგა. კარგია, რომ დაიწყეს ამაზე ზრუნვა, თუმცა, ჯობდა, გაცილებით ადრე დაეწყოთ ფიქრი, თუმცა ფაქტია, რომ დანაკარგს უკვე ვერ შეავსებენ.

პიარის ახალმა ჯგუფმა ახალი მოდელი უნდა შეიმუშაოს, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგია მიიტანოს ამომრჩევლამდე და რაც მთავარია, ამომრჩეველი დაარწმუნოს ამაში.