„საფრთხის შემცველია ის,რომ სააკაშვილის ხელშეწყობით 4-5 რუსეთის ბაზა დგას საქართველოში“

„საფრთხის შემცველია ის,რომ სააკაშვილის ხელშეწყობით 4-5 რუსეთის ბაზა დგას საქართველოში“

რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს. აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას განცხადებით, სამხედროები ოჩამჩირიდან ენგურამდე ლიანდაგს ხავსისგან წმენდენ.

დღესდღეობით რკინიგზის ეს მონაკვეთი დანგრეულია. მარღანია ვარაუდობს, რომ ლიანდაგს ასუფთავებენ, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს. ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელი ზურაბ ხაჯიმბა ასევე ადასტურებს, რომ სარკინიგზო გზა მისი კაპიტალური რემონტისთვის მომზადების მიზნით იწმინდება, რათა აფხაზეთზე სატრანზიტო მატარებელი აღდგეს.

ამასთან, ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთში ეს სამხედროები მოულოდნელად გამოჩნდნენ. „ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა“, - აღნიშნა მან, თუმცა დასძინა, რომ აფაზურმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებაზე ნებართვა გასცა.

არაოფიციალური ინფორმაციით, რკინიგზის გასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას.თუმცა, როგორც სოზარ სუბარი აცხადებს,თუ ისინი რკინიგზის გასუფთავებას და გარემონტებას გადაწყვეტენ, ვერ აუკრძალავენ.

„ავუკრძალოთ რკინიგზის დასუფთავება? თუ ისინი ასუფთავებენ, ვერ ავუკრძალავთ, თუ ისინი არემონტებენ,რაღაცას აკეთებენ, ამასაც ვერ ავუკრძალავთ. თუ თქვენ გაინტერსებთ არის თუ არა დღის წესრიგში აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენა და ხდება თუ არა რაიმე მოლაპარაკებები აფხაზებთან, რუსეთთან, სომხეთთან თუ ვინმე სხვასთან, მსგავსი არ ხდება“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, იდეაში, რომ დაიწყოს ამაზე ლაპარაკი, ჩვენ ტაბუებიდან არ უნდა ამოვიდეთ, რომ რკინიგზა არ უნდა აღდგეს,არამედ დავიწყოთ შესწავლა თუ ვის ინტერესებშია ეს -საქართველოს, რუსეთის თუ ვინმე სხვის.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც ჩვენს ინტერესშია, მაგრამ ამ წუთში საერთოდ არ არსებობს ეს თემა. 

რაც შეეხება იმას, არის თუ არა რაიმე საფრთხის შემცველი რუსეთის ქმედება, საფრთხის შემცველია ის,რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით 4-5 რუსეთის ბაზა დგას საქართველოში. აი ეს არის პირველ რიგში საფრთხის შემცველი ჩვენთვის და ეს არ იქნებოდა, სააკაშვილს ცოტა სხვა პოლიტიკა რომ გაეტარებინა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მოლოდინის საფუძველი,რომ აფხაზეთის რკინიგზაზე მალე მატარებელი გაივლის, არ არსებობს. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, უცნაურია,რომ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა არარსებული რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს.

„ამგვარ სამუშაოებს მაშინ აქვს აზრი, როცა არსებობს მოლოდინი ან მოლოდინის საფუძველი მაინც, რომ იქ ახლო მომავალში მატარებელი გაივლის. ამ შემთხვევაშიკი,ასეთი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ამ თემის წამოწევის მიზანი იგივეა, რაც ბანერებისა და მავთულხლართების განთავსებისა - იყოს ქართული საზოგადოების ნაწილი მუდმივი რეაგირების რეჟიმში.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა არარსებული პროექტების რეანიმაციისა. იმედია, ქართული საზოგადოების ნაწილი ამჯერად მიხვდება, რომ ამგვარი პროექტები ფუჭია და ვერ მიაღწევს ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნას“, -განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.