2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
1 აგვისტოდან ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა სროლის დაწყებაში. 3 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს.
4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული - ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს.
სროლები გრძელდებოდა კიდევ რამდენიმე დღეს. 6 აგვისტოს ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რის გამოც სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა.
ცხივნალის მაცხოვრებლებმა გახიზვნა დაიწყეს, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა. 7 აგვისტოსთვის საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით ათი ჯარისკაცი დაიღუპა.
დღის ბოლოსთვის პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეტყვეტა გამოაცხადა. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ.
ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე სააკაშვილის წინადადების შემდეგ თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა - ქურთას პოლიციის სადგური, არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა. 7 აგვისტოს საღამოს 22:00 ოსები სოფელ ავნევის აღებას ზეიმობდნენ.
7 აგვისტოს საღამოს 11:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო. 11:45 საათზე OSCE-ს მონიტორების განცხადებით ჭურვები ცხინვალზე ყოველი 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა.
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, გამოხატა რა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის გამო“.
8 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშებისგახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა.
ორიოდ საათში ქართული წყაროების ცნობით, სამი რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა ქარელის პოლიციის სადგური დაბომბა. ამავე წყაროს ცნობით რამდენიმე ბომბი გორის სიახლოვესაც ჩამოვარდა, თუმცა მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს, თუმცა ფაქტები დაადასტურა ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“.
ძალიან მალე სააკაშვილის ბრძანებით მობილიზირებულ იქნა ქართული სარეზერვო ჯარები რუსეთის მიერ „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან“ თავდაცვისთვის. მან მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა „ქართული ქალაქების დაბომბვა“.
ქართული მხარის ცნობით, 15:00 საათზე მათ სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, მარატ კულახმეტოვმა.
რუსეთის 58-ე არმიის ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების დასახმარებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა.
8 აგვისტოს მედიში გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს კონფლიქტის ზონისკენ მომავალი Т-72 ტანკები, БМП-2 საქვეითო საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2C3 Akatsia თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები.
9 აგვისტოს, რუსული მედიის განცხადებით, ქართულმა ჯარებმა ცხინვალიდან უკან დახევა დაიწყეს; რუსული სუ-24 და სუ-27 თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს.
იმავე ღამეს რუსული და ოსური ძალები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. რუსეთის ავიამოიერიშეებმა გორის დაბომბვა დაიწყეს.
რუსულმა ბომბდამშენებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ასევე დაბომბეს სამხედრო აეროდრომი მარნეულში. რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ფოთზე, კერძოდ - პორტზე. ორი რაკეტა ფოთის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთის ბომბდამშენებმა დაბომბეს სენაკის სამხედრო ბაზა.
საქართველომ აკრძალა რუსული ტელეარხების ტრანსლაცია ქვეყანაში, რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ომის წარმოების გამო. ამასობაში, რუსეთმა გაწყვიტა საჰაერო კავშირი საქართველოსთან.
საღამოს რუსული მხარე იუწყებოდა, რომ 58-ე არმიამ სრულიადა გაწმინდა ცხინვალი ქართული შეიარაღებული ძალებისგან.ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა 15 დღის განმავლობაში.
10 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ოფიციალური განცხადებით ბრძოლები ცხინვალის სამხრეთ შემოსასვლელთან დასრულდა შუაღამისთვის; თუმცა ამ განცხადების სარწმუნოება სადაო გახდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით რუსეთმა 6000 ჯარისკაცი შემოიყვანა სამხრეთ ოსეთში ხმელეთით და 4000 ჯარისკაცი აფხაზეთში ზღვით, რომლებიც გამთენიისას შეტევისთვის იყვნენ მზად.
ვლადიმირ პუტინი, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში ჩაფრინდა, მისი თქმით „ჰუმანიტარული მისიის“ სახელმძღვანელოდ, და განაცხადა, რომ საეჭვო იყო ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთი საქართველოში ინტეგრაციის ალბათობა.
ქართული მხრიდან სამხედრო აქციების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა. ქართული მხარის განცხადებით, მათი ჯარები გამოდიოდნენ სამხრეთ ოსეთიდან, ხოლო საქართველოს საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივ ცეცხლის შეწყვეტას აცხადებდა. თუმცა რუსეთის მხარემ ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა, ვინაიდან მათი მტკიცებით ქართული ჯარები უკან დახევის ნაცვლად პოზიციებს იცვლიდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, შოთა უტიაშვილისგანცხადებით, „ქართულმა ჯარებმა სრულიად დატოვეს სამხრეთ ოსეთი“, მაშინ როცა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, თემურ იაკობაშვილი აცხადებდა, რომ ქართული ჯარები ცხინვალიდან გამოვიდნენ.
რუსეთმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჯარები გაჰყავდა, სამშვიდობოების ძალების დაზვერვის ცნობაზე დაყრდნობით.
10 ავისტოს საქართველომ ცეცხლის შეტყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა. რუსეთმა დაადასტურა შემოთავაზების მიღება, თუმცა განაცხადა, რომ „ქართველებს არ შეუწყვეტიათ სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში და დაბომბვას აგრძელებენ.“
11 აგვისტოს დილით ადრე, რუსული წყაროების ცნობით ცხინვალი ისევ ქართული არტილერიის ცეცხლქვეშ იყო.
დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს შეშფოთება, ხოლო რუსეთმა უარყო საქართველოს ოკუპაციის მცდელობა: „ჩვენ საკმარისი ტერიტორია გვაქვს და საქართველო არ გვჭირდება“ - განაცხადა კრემლის სპიკერმა ალექსეი რაგოზინმა.
საბოლოოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად იყო საქართველოსთან მშვიდობისთვის. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველო მზად იყო რუსეთთან მოლაპარაკებები დაეწყო სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. ცოტა ხანში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ულტიმატუმი მიიღო აფხაზეთთან არსებული ძალების განიარაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ჯარები საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ. ულტიმატუმი საქართველოს მთავრობას რეგიონში გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა გადასცეს.რუსეთის ჯარების მეთაურის თანაშემწე ალექსანდრე ნოვიცკის ცნობით რუსეთმა აფხაზეთში 10 აგვისტოს საღამოს 9000 ქვეითი და 350 ჯავშანმანქანა შეიყვანა.
ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას თბილისზე თავდასხმა გეგმაში არ აქვს, ინტერფაქსის ცნობით. რუსეთის ჯარებმა დატოვეს სენაკის სამხედრო ბაზა, რომელიც მათ ამავე დღეს დილას აიღეს.
12 აგვისტოს რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერის შესაქმნელად.
საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს პერმანენტულად აკეთებდა - მაგალითად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ იტალია მზად იყო საკუთარი ძალები გაეგზავნა სამხრეთ ოსეთში, თუ ევროკავშირი გადაწყვეტდა ორშაბათს კონფლიქტში ჩარევას. მოსკოვსა და თბილისში ზავის თაობაზე მოლაპარაკებები საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამართა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად აცხადებდა. საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვა.
26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ (ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ) აღიარა. დღეს ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმის გამართვის თემა აქტიურად განიხილება.