„ღარიბაშვილის ეს განცხადება გზავნილი იყო რუსეთისთვის, რათა როგორმე შეჩერდეს ესკალაციის პროცესი“

„ღარიბაშვილის ეს განცხადება გზავნილი იყო რუსეთისთვის, რათა როგორმე შეჩერდეს ესკალაციის პროცესი“

წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი დიალოგის შემდეგ, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის გზით შევძელით რუსული ბაზრის ხელახლა გახსნა და ამას ვაფასებთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 „ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ჩვენი ინტერესი კი არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო. დანარჩენ საკითხებში მივყვებით თანმიმდევრულად“, -აღნიშნა პრემიერმა. მისივე განმარტებით ის წინააღმდეგია, საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

რის მიღწევას შეიძლება ცდილობდნენ შიდა დესრუქციული ძალები, რატომ წამოტივტივდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთების თემა ერთი წლის შემდეგ და რატომ დასჭირდა პრემიერს მსგავსი განმარტებების კეთება, ამ თემაზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი: რა პროცესიც მიდის, ეს არ არის არც ჩვენი შიდა და არც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი. უფრო ფართო მასშტაბით უნდა შევხედოთ ყველაფერს - ვხედავთ, რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში - ძალების დაჯგუფება მიდის რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირებაში და შესაბამისად, უფრო და უფრო მაღლა იწევს ტემპერატურა. ამიტომ, ის რაც ხდება საქართველოსთან მიმართებაში, მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ.

გადავხედოთ, ამჟამად რუსეთში რა პროცესი მიმდინარეობს, მხოლოდ საზღვრებთან კი არა, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ანადგურებენ სანქცირებულ ევროპულ პროდუქციას. რაც შეეხება საქართველოს, გვინდა თუ არა, რუსეთის საპირისპირო ბანაკში ვართ და ძნელია, ამ შემთხვევაში, ნეიტრალური, შუალედური პოზიციის დაკავება; იმას რომ თავი დავანებოთ, რა კონკრეტული პრობლემებიც გვაქვს რუსეთთან.

ჩენი ხელისუფლება ცდილობს, შეცვალოს ტონი და დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს, მაგრამ ვფიქრობ, მას ეს უჭირს, რადგან თვითონ ხელისუფლებაა არაერთგვაროვანი. გვყავს მინისტრები, რომლებსაც ლამის ბიოლოგიური ზიზღი აქვთ რუსეთის მიმართ და შესაბამის პოლიტიკასაც აწარმოებენ. ასეთი ეკლექტიკა კიდევ უფრო გაუგებარს ხდის სიტუაციას.

გასაგებია, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მაგრამ ხვალ რომ იგივე თმაზე კომენტარი სთხოვოთ, მაგალითად, თავდაცვის მინისტრს, ალბათ საპირისპირო რამეს იტყვის - ასეთი ეჭვი მაქვს.

რაც შეეხება რუსეთთან წარმოქმნილ გაუგებრობას, ვიცით, რომ საუბარია 6 ქვეყანაზე, რომელთა პროდუქცია აიკრძალება რუსეთში, ამ ექვსეულში ჩვენ არ შევდივართ, მაგრამ  საუბარია პლუს ერთ ქვეყანაზე და ეს არის საქართველო. ეს ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ იღებენ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ გვაფრთხილებენ.

ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება გზავნილი იყო რუსეთისთვის, რათა როგორმე შეჩერდეს ესკალაციის პროცესი.

ისე უკეთესია, მთავრობამ კარგად განსაზღვროს, რა არის ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში და მეტი დისციპლინა შეიტანოს ამაში, თორემ შესაძლოა, ხვალ სხვა მინისტრი გამოვიდეს ღარიბაშვილის საპირისპირო რიტორიკით.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკურ ურთიერთობაში რუსეთთან ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ წინსვლას და ამას უნდა მოვუფრთხილდეთ. როდესაც რუსეთზეა საუბარი ჩვენზე რამდენად არის დამოკიდებული მიღწეულს მოვუფრთხილდებით თუ ვერა?

-ამ ეტაპზე რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ განცხადებას. ისინი ძალზე მწვავედ აღიქვამენ კრიტიკას; როცა იზრდება მის მიმართ კრიტიკული განწყობები, ვთვლი, რომ რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რუსეთი საქართველოს შერბილებული ტონალობით დაკმაყოფილდეს.

ჩვენც არ გვაქვს მარტივი არჩევანი - გამოცხადებული გვაქვს ჩვენი განვითარების ვექტორი, გარდა ამისა, დასავლეთი გარკვეულ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთის მიმართ და საქართველოს არ შეუძლია, ყველაფერზე უარი თქვას, რადგან ეს დაგვაშორებს დასავლური სამყაროსგან. ასე რომ, ძალიან ცოტაა დამოკიდებული დღეს საქართველოზე.

გვინდა თუ არა, გამომდინარე ჩვენი განვითარების ვექტორიდან, უნდა გავითვალისწინოთ ის პოლიტიკა, რასაც დასავლეთი ატარებს რუსეთის მიმართ. თუ ესკალაცია გაგრძელდა, ჩვენ ამ პროცესში ასე თუ ისე ჩართული ვიქნებით და შესაბამისი იქნება რუსეთის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. თუ ვითარება ისე წავიდა, რომ დასავლეთმა და რუსეთმა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს, რისკებიც შემცირდება რუსულ ფაქტორთან დააკავშირებით. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ, როგორმე გლობალურ პოლიტიკაში ვითარება კიდევ უფრო არ გაუარესდეს, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც მწვავედ აისახება.

რა მიმართულებით უნდა ველოდეთ სიმწვავეს?

-ფინანსური სიტუაცია არის ძალიან მყიფე, ყოველ დოლარს სავალუტო ბირჟაზე ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ ვითარება საბოლოოდ არ გაგვექცეს ხელიდან. შესაძლოა, რუსეთიდან არ შემოდის ძალიან დიდი თანხები, მაგრამ ამ რესურსის შემცირება კიდევ უფრო დაძაბავს მდგომარეობას.

ერთადერთი, რაც შეგვიძლია არის ის, რომ დიპლომატიის მეშვეობით როგორმე გადავავადოთ ეს პროცესი.

როდესაც ასეთი სენსიტიური სიტუაციაა ქვეყანაში და რეგიონში, შიდა პოლიტიკური ძალების მიერ იმ თემის წამოწევა, რომ რაკი შარშან საქართველო შეუერთდა სანქციებს, შესაძლოა წელს რუსეთმა დაგვსაჯოს, რა პროცესის სტიმულირებას მოახდენს საზოგადოებაში და რა შედეგზე შეიძლება იყოს გათვლილი?

-საზოგადოება დაიღალა ამდენი იდეოლოგიზირებული პოლიტიკით და მას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. დღეს საზოგადოების პრიორიტეტი არა საგარეო პოლიტიკა, არამედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკაა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებას უკვე აღიზიანებს ასეთი თემებით მანიპულირება.

რაც შეეხება სანქციებთან მიერთების თემის წამოწევას, ვფიქრობ, ეს ნაციონალების ორგანიზებული იყო, მაგრამ ხელისუფლებაც ხშირად აჭარბებს. კი, ეს საკითხი გამოიყენეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა, მაგრამ როდესაც ღარიბაშვიოლი ამბობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური პროვოკატორები ურევენ, მას უნდა ვუთხრათ, რომ პოლიტიკური პროვოკატორები მხოლოდ ოპოზიციაში არ არიან, საკუთარ გუნდშიც უნდა მოიკითხოს ადამიანები, რომლებიც ანალოგიური რიტორიკით საუბრობენ ამ საკითხებზე.

ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კი რუსეთს შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს. ღარიბაშვილს ვურჩევდი, ჯერ საკუთარ გუნდში დაალაგოს სიტუაცია და შემდეგ გაიშვიროს ხელი სხვებისკენ.

პრორუსულ ძალებს როგორ შეუძლიათ ამ სიტუაციის გამოყენება?

-ძლიან გადაჭარბებულად მიმაჩნია საქართველოში პრორუსულ ძალებსა და მათ შესაძლებლობებზე საუბარი. საერთოდ, პოლიტიკური ორიენტაციის ქართული გაგება მიმაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივია, რადგან განმსაზღვრელი მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაა; თუმცა ამის გარდა არსებობს უამრავი სხვა ნიუანსი.

თუ კითხვების გარეშე ეთანხმები ევროატლანტიკურ ალიანსს - პროდასავლური ხარ, თუ არა და - პრორუსული,  ასეთი გაგება კარგს არაფერს არ მოგვიტანს. „ნატო“ რწმენის საკითხი ხომ არ არის? მის მიმართ კითხვები არ უნდა დაისვას?

თუმცა ვიცით პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც რუსეთში დადიან და კონსულტაციებს მართავენ... ეს არაფერს ნიშნავს?

-კი დადიან, მაგრამ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რომ მათ რამე შეუძლიათ - ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის რუსული პოლიტიკური ელიტაც ელაპარაკება ხელისუფლებას. ოპოზიციონერმა რამდენიც არ უნდა იაროს, რას მიაღწევს? ამითი შესაძლოა, გარკვეულ სეგმენტზე მოახდინონ ზემოქმედება, მაგრამ ეს სერიოზულ შედეგს ვერ მოუტანს.

მაგრამ ის, რომ ადამიანებს კითხვის დასმა ავუკრძალოთ ევროპასთან დაკავშირებით, სწორი არ არის. არაფერი არ არის იდეალური და ჩვენი განვითარების გეგმას პლუსებთან ერთად თავისი მინუსები და რისკებიც აქვს და ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ.

თუ კითხვების დასმას შევწყვეტთ ნებისმიერი მიმართულებით ვერასოდეს ვერ გავარკვევთ რა არის ჩვენი, ნაციონალური ინტერესი. სამწუხაროდ ასეც ხდება პოლიტიკური ელიტა კი არ ხსნის და შინაარსზე კი არ გველაპარაკება, არამედ ან ერთ ან მეორე რწმენას  გვახვევს თავს; იმას კი არ გვეუბნებიან, რა პლუსები და მინუსები აქვს ერთს ან მეორეს - ცნობიერი არჩევანისკენ კი არ მივყავართ, არამედ ცდილობენ თავის „სარწმუნოებაში“ მოგვააქციონ, რაც არაპროფესიული გაგებაა პოლიტიკის.