„პოლიტიკური რეფორმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც უკრაინა და საქართველო რუსეთის მხრიდან შეტევის წინაშე დგანან“, - ამ სათაურით აქვეყნებენ მოსაზრებებს ამერიკელი კონგრესმენები, „რესპუბლიკელები“ პიტერ როსკამი და დევიდ პრაისი rollcall.com-ის გვერდზე.
„თუ აშშ და ევროპა უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერისგან თავს შეიკავებენ, რუსეთი ამ სიცარიელის შევსებას მშვიდად შეეცდება არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აგრესიით, არამედ ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური იერიშებით. გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოსა და ასევე უკრაინაში ზოგი პოლიტიკური ელემენტი მსგავსი მცდელობების სიცხადეს გვიჩვენებს“, - წერენ ამერიკელი კონკრესმენები.
რეგიონში მომდინარე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროცესის სესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ხათუნა, რა იგულისხმება პოლიტიკურ და ეკონომიკურ იერიშებში და საქართველოში თუ არის ამ პოლიტიკის ნიშნები?
-რუსეთი არა თუ ცარიელ და გამოთავისუფლებულ ადგილებში შედის, არამედ სხვისი კონტროლის სფეროებსაც იკავებს; ასე რომ, გასაკვირი და ახლად აღმოჩენილი არაფერია, როცა ამბობენ, რომ თუ ამერიკა და ევროპა გამოათავისუფლებს, ამ სივრცეს რუსეთი დაიკავებს - ეს სრულიად ლოგიკურია;
მაგრამ ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გადაჭარბებულია ამერიკელების და ევროპელების წარმოდგენა, რომ რუსეთი ეკონომიკურ შტურმს განახორციელებს საქართველოზე. ამერიკელების ლოგიკა გავლენის მოპოვების შესახებ დიდად განსხვავდება რუსეთის ლოგიკისგან.
თუ ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაზე გავლენის მოპოვება ინვესტიციებია, როგორც მათ ეს გააკეთეს სამხრეთ კორეაში, რუსეთი ასეთი ტიპის ეკონომიკურ ექსპანსიას არ აპირებს და ეს ჩანს, კიდეც სომხეთის მაგალითიდან, რომელიც უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის.
ასევე განცხადება, რომ ქართულ პროდუქციას კვლავ შეიძლება დაედოს რუსეთის მხრიდან ემბარგო, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი სხვაგვარად ფიქრობს - რაც უფრო გამოუვალ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, მით უფრო იოლი იქნება მისთვის საქართველოს ათვისება, ისე, როგორც უკრაინის.
რუსეთმა თითქოს გვაჩვენა რუსული ბაზრის გახსნის სიკეთეები, მაგრამ ამავდროულად, უკვე საუბარია ახალ ემბარგოზე - ეს არის რუსული ტაქტიკა, კატა-თაგვობანას თამაშით გაჩვენებს, რომ მას შეუძლია გარკვეული აღმასვლის განხორციელება საქართველოს ეკონომიკაზე; მაგრამ შეუძლია, გარკვეული როლი შეასრულოს ამ ეკონომიკის დანგრევაშიც.
ამ მხრივ რუსეთი მართლაც დგამს ნაბიჯებს, მაგრამ აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ის, რომ მას თვითონ უჭირს ეკონომიკურად და კიდევ უფრო გაუჭირდება ირანული ნავთობისა და გაზის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ. რუსეთს ამისი ეშინია, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს „უჭირავს“ დიდი ფინანსური დონაციებით - ჩრდილოეთ კავკასიის ლოიალობა რუსეთს მილიარდობით დოლარი უჯდება. თუ მას არ ექნება ეს მილიარდები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამწვავდა ჩრდილოეთ კავკასიაში, აუცილებლაად გაიზრდება ექსპრემისტული ჯგუფების გავლენები საზოგადოებაზე. გარდა ამისა, იქ უკვე მოქმედებს ისლამური ხალიფატიც, კავკასიური ვილაიეთის სახით, ის უზარმაზარი ძალაა და თუ ამოქმედდება, ეს იქნება ბრძოლა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისლამური ხალიფატის დროშით.
ფიქრი იმაზე, რომ რუსეთი ააყვავებს საქართვერლოს ეკონომიკას და ამ გზით მოახდენს საქართველოში თავისი გავლენის დაბრუნებას, მიმაჩნია, რომ არის სრული აბსურდი და ილუზია.
ამ მომენტში რა პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს ემბარგოს დაწესებას?
-თუ საზღვარს დაკეტავს, ისედაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე რუსული იდეოლოგიისთვის იქნება ალბათ კარგი საფუძველი, ანუ ბაზრის დაკეტვით ის მოიპოვებს პოლიტიკური მანიპულირების საშუალებას, ანუ საქართველოში პრორუსული ძალების მეშვეობით დაიწყება პროპაგანდა, რომ რუსული ბაზრის დაკეტვა კატასტროფა იქნება საქართველოსთვის; ამიტომ, მოდით ვიყოთ ლოიალურები რუსეთის მიმართ - გაიხსნება რუსული ბაზარი, რაც ეკონომიკას დროებითი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
ეს იქნება კომპლექსური მანიპულირება რუსეთის მხრიდან - ჯერ ბაზრის ჩაკეტვა და შემდეგ ამითი მანიპულირება პრორუსული პოლიტიკური ძალების მხრიდან.
თან ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ ლარის კურსი დასტაბილურდებოდა და დოლარი წამოვიდოდა ქვევით, თუმცა ამანაც ვერ გაამართლა იმედები.
არადა ლარის დევალვაცია არის საერთო ფინანსური კრიზისის შედეგი, რომელიც განვითარდა რეგიონში და ამაში გადამწყვეტი როლი ნავთობპროდუქტების ფასებმა ითამაშა. მეზობელ ქვეყნებში კრიზისი, შესაბამისად, აისახა საქართველოში შემომავალ ტურისტულ ნაკადებზე. ასე რომ, ის რაც საქართველოში ხდება ლართან დაკავშირებით, ალბათ ყველაზე ნაკლებად არის საქართველოს ხელისუფლების ბრალი, რადგან ამ მხრივ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში.
ეს არის საერთო რეგიონალური პრობლემა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა და თანმდევმა ეკონომიკურმა ძვრებმა გამოიწვია.
ვგულისხმობ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ირანისთვის სანქციების მოხსნას და ა.შ. რაც ვფიქრობ, რომ ერთმანეთთან მიბმული პროცესია - ერთ-ერთი მიზანი ირანისთვის სანქციების მოხსნისა იყოს სწორედ რუსეთის დაძირვა.
საქართველოს ხელისუფლების ვალია, რომ ეს ყველაფერი კვალიფიციურად აუხსნას საქართველოს მოსახლეობას - ერთი, რომ შექმნილ სავალუტო კრიზისში მისი ბრალი უმნიშვნელოა და მეორე - თვითონაც გაჭირვებული რუსეთი საქართველოს გადამრჩენი ვერ იქნება.
როდესაც რეგიონში თავისუფალი სივრცის რუსეთის მიერ შესაძლო დაკავებაზე ამერიკელი კონგრესმენები საუბრობენ ეს ნიშნავს თუ არა, რომ დასავლეთის გავლენა მართლაც მცირდება და რუსული საფრთხე მართლაც ანგარიშგასაწევია?
-ვფიქრობ, რომ დასავლეთი თვლის გრძელვადიან პერსპექტივაზე - ირანის მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია - ვფიქრობ, დასავლეთი მიიჩნევს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთში დაიწყება ცენტრიდაანული პროცესები, რაც რუსეთის დასუსტებას მოასწავებს და ასეთი რუსეთი უბრალოდ, ვეღარ მოიცლის ექსპანსიონისტული პოლიტიკისთვის მეზობლების მიმართ.
ამიტომ, შესაძლოა, ამ ეტაპზე არც იყოს მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის უკრაინასა და საქართველოზე, ანუ რეგიონზე რუსეთის მოკლევადიანი გავლენის შენარჩუნება, რადგან დარწმუნებულია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს რეგიონი მაინც მისი პარტნიორი იქნება.
ეს ყველაფერი საქართველოზე როგორ აისახება?
-თუ დასავლეთისთვის ტაქტიკაა, ჩვენთვის ეს ყოველდღიური ყოფაა. ძალიან მძიმე ყოველდღიურობა, და უკვე მერამდენე წელია, ექსპერიმენტის ობიექტი ვართ.
თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი შეეცდება დასავლეთის ამ გეგმას ყველანაირად წინ აღუდგეს. ამ მხრივ საინტერესოა ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში; კერძოდ, მემარჯვენე ნაციონალისტური ძალების გააქტიურება, რომელიც პოროშენკოს არ ცნობს პრეზიდენტად და აპირებს მისი ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ, მემარჯვენე სექტორი ცნობილია თავისი პროდასავლური მისწრაფებებით, ამ ეტაპზე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ძალებს რუსეთი იყენებს, რადგან დასავლეთს დესტაბილიზაცია და პოროშენკოს ხელისუფლების ჩამოგდება არაფერში სჭირდება.
ასე რომ, ძალიან სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი ამ რეგიონში, იქამდე, ვიდრე გამოჩნდება, ეფექტურია თუ არა დასავლეთის გეგმა საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთის დაქსაქსვის თაობაზე, თუ პირიქით, რუსეთი შეძლებს გადალახოს ეს კრიზისი, სანქციები და შესაბამისად, გააძლიეროს თავისი გავლენის სფეროები რეგიონში.
რუსეთი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რადგან იცის, რომ ცოტა დრო აქვს ამისათვის და საინტერესო იყო ამ დღეებში დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრება, რომ ამერიკა თავის პოლიტიკას, ასევე სამხედრო ინტერესებს გაააქტიურებს იმ რეგიონებში, რომელიც ამ პერიოდში მან დათმო, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, ანუ 2017 წლიდან, როდესაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება. ასე რომ, რუსეთმა იცის, საუკეთესო შემთხვევაში მას დარჩენილი აქვს დაახლოებით ორი წელი თავისი მიზნების განსახორციელებლად.
შესაბამისად, ეს პერიოდი იქნება უმძიმესი საქართველოსთვის; განსაკუთრებით არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, თანაც როდესაც ქვეყანაში არსებული პროდასავლური ძალები ისეთი სუსტები არიან, როგორც არასდროს საქართველოს ბოლო 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში.