პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონში განსაზღვრულია მხოლოდ მთავარი პროკურორის წარდგენის პროცედურა. თუმცა, ამის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯანსაღად მიუდგება პროკურატურის რეფორმის თემას და კანონპროექტს ხელს მოაწერს.
for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის იურიდული საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ჯერ კანონი მიღებული არ არის, შესაბამისად, წინასწარ საუბარი იმაზე, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი პროკურატურის შესახებ კანონს, მართებული არ არის.
„ჯერჯერობით, კანოპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით. ანუ, პირველი მოსმენით მიღებულია მთავარი პროკურორის წარდგენის პროცედურა. პარლამენტი იქნება ის ორგანო, ვინც აირჩევს მთავარ პროკურორს. შესაბამისად, მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
ასევე, შეიქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც იმსჯელებს კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მათ შორის, მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე, მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, პარლამენტში წარდგენაზე, დღევანდელი მთავარი პროკურორის განთავისუფლების თაობაზე. დანარჩენი საკითხები განხილული იქნება მეორე მოსმენით“, - განმარტავს ვახტან ხმალაძე.
თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებები რეფორმის მხოლოდ პირველი ტალღაა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. მინისტრი ამბობს, რომ ამ პაკეტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის, ODIHR-ის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მოსაზრებები.
„მჯერა, რომ პარლამენტი ასევე წარმატებით უყრის კენჭს რეფორმას მეორე მოსმენით. მინდა, ყველამ იცოდეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე პრეზიდენტმაც, რომელმაც საბოლოოდ ხელი უნდა მოაწეროს ამ რეფორმას - ეს არის პირველ რიგში მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის რეფორმა. მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების დისციპლინური წესით დევნის საკითხის რეფორმა და არამც და არამც არ არის ბოლო ნაბიჯი. ეს რეფორმის მხოლოდ დასაწყისია.
ამაში დეპუტატები ხელს გვიწყობენ და მინდა მადლობა ვუთხრა მათ, რადგან ეს ევროპულ გზაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ როდესაც რეფორმა მივა პრეზიდენტთან, ასევე ჯანსაღად მიუდგება ამ თემას და საქართველოს საშუალებას მისცემს, ეს რეფორმა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში რაც შეიძლება მალე იყოს ხელმოწერილი და ძალაში შევიდეს შემოდგომაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წელს ავირჩიოთ ახალი წესით საქართველოს მთავარი პროკურორი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. მისივე თქმით, უფრო მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მთავარი პროკურორის ანგარიშვალდებულების საკითხი.
„მთავარი პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური და ანგარიშვალდებული უნდა გახდეს. წარდგენილი ინიციატივა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში მაქსიმალურ მონაწილეობას გულისხმობს, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი გასაძლიერებულია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროცესში მთავრობის მონაწილეობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“, - აცხადებს თამარ კორძაია.
ვახტანგ ხმალაძის განცხდებით, კანონპროექტის პირველი ვარიანტში მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობა მინიმუმამდე დაყვანილი არ არის. მისივე თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის პროცესში, საპროკურორო საბჭოს გარდა ჩრთულია მთავრობაც.
„კანონის პირველი მოსმენისას იყო მსჯელობა ამ საკითხზე. კომიტეტის წევრების ნაწილის აზრით, ეს ზედმეტი რგოლია. მეც ვფიქრობ, ეს არის ზედმეტი რგოლი. სავსებით საკმარისია ის, რომ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე არის მთავარობის წევრი, იუსტიციის მინისტრი. ჩემი აზრით, საპროკურორი საბჭომ კანდიდატურა პირდაპირ პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ჯერ მთავრობისთვის წარდგენა და მერე პარლამენტისთვის, ვფიქრობ, რომ ზედმეტი რგოლია“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
როგორც ხმალაძე ამბობს, მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების საფუძველზე უნდა განისაზღვროს პერსონალური საკადრო ცვლილებების განხორციელებაც. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის ვადა განსაზღვრული არ არის. ახალი კანონი კი ამბობს, რომ მთავარი პროკურორი აირჩევა 6-წლიანი ვადით და მხოლოდ ერთხელ. ახალ მთავარ პროკურორს პარლამენტს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს.
წარუდგენს თუ არა თეა წულუკიანი პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, პარლამენტის წევრს თამარ კორძაიას, რომელიც კულუარული ინფორმაციით ამ თანამდებობისთვის იბრძვის, ჯერ უცნობია. ერთი რამ კი ფაქტია, რომ იუსტიციის მინისტრმა კორძაიას მიმართ მისი უკმაყოფილება არ დამალა.
„მე ძალიან გული მწყდება, რომ ნაძალადევში მაჟორიტარისადმი დღეს არის ასეთი განწყობა. სხვათა შორის, ნაძალადევის მაჟორიტარმა და ეს, ალბათ, ბედის ირონიაა, მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ აქციაში. ვიფიქრე, თამარ, არ ჯობია ნაძალადევს მიხედო, მე რომ აქციას მიწყობ-თქო?“, - აღნიშნა წულუკიანმა გადაცემა „პროვოკატორის“ ეთერში.
თავად თამარ კორძაია აცხადებს, რომ შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი რეფორმის შემდეგ. უმრავლესობის წევრი, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კორძაიას კანდიდატურის შესახებ არაფერი სმენია.
„მე ვარ პარლამენტის წევრი, შერჩევის წესი ისეთია, რომ პარლამენტამდე მოვა ერთი კანდიდატურა და აი იმ კანდიდატურის თაობაზე უნდა ვთქვა ან კი, ან არა. რაც შეეხება თამარ კორძაიას, ამის შესახებ არაფერი არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.