„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სტრატეგიას ცვლის და სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს. შესაბამისად, იგეგმება პარტიის სტრუქტურული გაძლიერება - ლიდერები აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდული ფრთის გაძლიერებისა და ქალთა ჩართულობის ზრდის მიმართულებით. გასვლითი ღონისძიებები სექტემბრიდან დაიწყება.
უკვე ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე რეგიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლება. მმართველი გუნდის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, გადაწყვეტილია, რომ რეგიონულ ორგანიზაციებში აღმასრულებელი მდივნები დაინიშნებიან.
„სექტემბერში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციების ძირითადი დანიშნულება იქნება ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის გააქტიურებისთვის სერიოზული იმპულსების მიცემა. მთელ რიგ ორგანიზაციებში დაინიშნებიან აღმასრულებელი მდივნები, რამდენიმე შემთხვევაში კი პარტიას ექნება რეკომენდაცია ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების შეცვლის თაობაზე.
ვფიქრობ, სექტემბერში, ოქტომბრის პირველ ნახევარში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ კონფერენციებს, რაც ძალიან დიდი სტიმული იქნება პარტიისთვისაც და ზოგადად როგორც პარტიული, ისე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა უკვე შეჯერდა. უმრავლესობის წევერის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარტია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალაა და ემზადება იმისთვის, რომ გააგრძელოს აღებული ვალდებულებების შესრულება, მზად უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის.
„გვინდა, რომ კონკრეტული ღონისძიებებით და პარტიული აქტივობებით დაიწყოს არჩევნებისთვის წინასწარი მზადება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
უკვე ცნობილია, რომ „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც კოალიციის წევრია, 2016 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებას არ აპირებს. როგორც „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი გეგმები 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორ გაძლიერდეს, როგორც პარტია, თუმცა დეპუტატის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიული აქტივობა კოალიციურ აქტივობასთან თავსებადი არ არის.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე მუდმივ რეჟიმში ხვდება პარტიის რეგიონალურ ოფისებში აქტივისტებს და ა.შ. თუკი „ქართული ოცნება“ ახლა იწყებს მზადებას, ამას მივესალმებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პარტიის გადასაწყვეტი საკითხია, მათი აქტივობაა, რასაც კოალიციურ აქტივობასთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მაშ ასე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას სექტემბრიდან ოფიციალურად იწყებს. სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა თვლის, რომ წინა საარჩევნო სამზადისისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ადექვატური დრო შეარჩია. თუმცა, ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გამოჩნდნენ ახალი სახეები, რადგანაც ძველი სახეების მიმართ არსებობს პრეტენზია და ბევრიც უარყოფითი დამოკიდებულება.
„უნდა გამოჩნდნენ ახალი სახეები და ამ ახალი სახეების გამოჩენა ახლა უნდა დაიწყოს. დრო საკამოდ არის იმისთვის, რომ ახალი სახე დამკვიდრდეს. თუ უკანა პლანზე გადაინაცვლებს ძველი სახეები, რომელბიც ბევრ სკანდალთან და საზოგადოებრივად არასასიამოვნო მოვლენებთან იყვნენ დაკავშირებული, ხოლო წინა პლანზე წამოვლენ საქმის პროფესიონალები, ეს საკმაოდ ეფექტური იქნება“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.
2016 წლის არჩევნებზე მმართველმა კოალიციამ უმრავლესობის მოპოვება რომ შეძლოს, ექსპერტ რამაზ საყვარელიძის რჩევით, აუცილებელია გუნდის გადახალისება და არა მხოლოდ რეგიონალური მიმართულებით.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, 2012 წლის არჩევნების დროს ლიდერები კომფორტულ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მათ გასაკეთებელს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი აკეთებდა, დღეს ვითარება შეიცვლილია, ეს საქმე თავად კანდიდატებმა უნდა გააკეთონ.
„უფრო აქტიური სახეებია საჭირო. მიმაჩნია, რომ შედარებით დაგვიანებულია არჩევნებისთვის მზადება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ნაციონალების ფორმულას, რითაც ნაციონალები ცხოვრობენ პოლიტიკაში - არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს იწყებენ მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას. ასეთ ოპონენტთან ურთიერთობის პირობებში, საარჩევნო კუთხით ნაბიჯები მანამდეც იყო გადასადგმელი.
ალბათ, შეუძლებელია იმგვარი მობილიზაცია, როგორც ეს 2012 წელს იყო - სააკაშვილის დაძლევის ამოცანამ, დიდი როლი ითამაშა ამომრჩევლის მობილიზაციაში. ახლა ეს მიზეზი არ არის და შესაბამისად, ეს უნდა გაითვალისწინოს მმართველმა ძალამ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ზურაბ ბიგვავას შეფასებით, ხელისუფლებას არ გაუჭირდება ამომრჩევლის შემობრუნება.
„არის გარკვეული ტაქტიკა და სტრატეგია, რატომაც „ქართული ოცნება“ არ აკეთებს აქტიურ ყოველდღიურ პიარს. თუმცა, გასაპიარებელი საკმაოდ ბევრია. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა რაც არ არის გაპიარებული. შესაბამისად, არის პრეტენზია, რაც გააკეთეს ის მაინც თქვანო. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პიარ-სტრატეგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოქმედებს. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო აქტიური ფაზა, სწორედ იმით იქნება დამახასიათებელი, რომ იტყვიან რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა.
რეალურად, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური კონკურენტი, რომელსაც სერიოზული მხარდაჭერის მოპოვების შანსი აქვს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია იმის პოტენციალი, რომ მეტ-ნაკლებად წონიანი ადგილი დაიკავოს ხელისუფლებაში. ასე რომ, ახალი ტაქტიკა იქნება ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს უმრავლესობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.