საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალისწინებს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის განმარტებით, თუ დაინახავას, რომ რამე ტიპის კანონპროექტი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, არ შეშინდება, არც ბუჩქებში არ გავა, არ ვიტყვის, რომ ერთი გუნდი ვართ და ამიტომ სიმართლეს არ ვიტყვიო. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ღიად ვიტყვის სიმართლეს, რადგან მიაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ვეტო არის დემოკრატიული პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად რამდენად ეთანხმება, ან არ ეთანხმება, ამბობს, რომ ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მისი გადაწყვეტილება იყო. პრემიერისგან განსხვავებით რადიკალურია თავის შეფასებებში აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრაველესობა. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ახირებას ჰგავს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პატარა ბავშვის ახირებული საქციელია და სხვა არაფერი. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ვეტოს პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო პოზიციებით ხსნის და ამბობს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიერ გაკეთებული განცხადებები რეალობას ჩამორჩენილია.
სანამ უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებებით არის დაკავებული, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მთავრობას ახალ სურპრიზს უმზადებს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის კანდიდატურა განიხილება.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სწორედ აბაშიშვილს ლობირებს ამ თანამდებობაზე. ასევე, ვრცელდებდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის მრჩეველს ლობირებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც. პრეზიდენტს პლუს „ნაციონალური მოძრაობა“ საკმარისი არ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის. როგორც ამბობენ, ამ საკითხის გარეშემო ერთგვარი პოლიტიკური ალიანსი შეიქმნა, რათა ხელიდან არ გაუშვან ის პოლიტეონომიკური ბერკეტი, რასაც ეროვნული ბანკი ჰქვია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, რომელიც „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე მისივე მრჩეველს ამზადებდეს და სწორედ ამით ხსნის პრეზიდენტის ვეტოს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს სურვილი ჰქონდეს პრეზიდენტს. მის აქტიურობას და არაორდინალურ ნაბიჯებს რომ ვუყურებ, ცალსახად ჩანს, რომ ამ სახის ალიანსი უდავოდ არის ნაციონალებსა და პრეზიდენტს შორის. იმისათვის, რომ გახდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჯერ უნდა გახდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელსაც პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში პირი ხდება საბჭოს წევრი, მაგრამ მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში ამ კანდიდატს მხარდაჭერა ჰქონდეს.
პრეზიდენტი და ნაციონალები შეხმატკბილებულად ცდილობენ გააკეთონ ის, რომ ნაციონალებმა ხელიდან არ გაუშვან ეროვნული ბანკი. იქნება იგივე გუნდი, ნაციონალების საბჭო და პლუს - დამატებული მარგველაშვილი. ჩვენს მიერ მიღებული კანონი მათ სქემას არღვევს. თუ არ ეყოლებათ ფინანსური ზედამხედველობის საბჭო, მაშინ ისინი გააგრძელებენ სრული კონტროლის დამყარებას ეროვნულ ბანკზე, რომელსაც როცა დაჭირდებათ, გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან სუბრისას თამაზ მეჭიაური.
თავად გიორგი აბაშიშვილი ამტკიცებს, რომ ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე სამუშაოდ მისი კანდიდატურა არ განიხილება.
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა ერთპიროვნულად დაასახელოს, პრეზიდენტი აქტიურ, გამჭვირვალე კონსულტაციებს აწარმოებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ექსპეტებთან, არასამთავრობო სექტორთან. შერჩევის პროცესი ხანგრძლივი იქნება. ამ მოცემულობაში და არც სხვა მოცემულობაში, არც ერთი ფორმით, ჩემი კანდიდატურა არ განიხილება ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე სამუშაოდ“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის კანდიდატურის განხილვა დამაჯერებლად გამოიყურება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, აბაშიშვილი ნამდვილად არ არის ის ფიგურა, რომ გაგიკვირდეს მისი წარდგინება.
„ბუნებრივად გამოიყურება მისი კანდიდატურის წამოყენება. საკითხავია, ვინ იყო პირველი და ვინ მეორე, პრეზიდენტი თუ ნაციონალები. ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ინიციატივა მარგველაშვილისგან მოდის ყოველგვარი პარტიული ინტერესების გარეშე. „ნაციონალებმა“ კი გადაწყვიტეს თავიანთი მხარდაჭერა ისეთი ხელსაყრელ ადგილზე გავლენის შესანარჩუნებლად, როგორიც ეროვნული ბანკია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს,რომ თუკი ნაციონალები პრეზიდენტის მრჩეველს ღიად ლობირებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი კანდიდატურა ჩავარდება.
„ის არის პრეზიდენტის მრჩეველი და რომც ლობირებდეს, მერე რა? ყველა შემთხვევაში უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობა კი, „ნაციონალური მოძრაობა“ პლიუს პრეზიდენტი არ არის. ასე რომ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ იქნება მხოლოდ ლობირება. პირიქით, უფრო ცუდია თუკი ღიად მიდის საუბარი იმაზე, რომ აბაშიშვილს ლობირებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს, რომ მისი კანდიდატურა ჩავარდება ყველა მიმართულებით, რა პოსტზეც არ უნდა იქნეს მისი კანდიდატურა წარმოდგენილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.